პარლამენტის საგამოძიებო კომისია კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში კარლო კვიტაიშვილის, ირაკლი ჩიქოვანისა და სოფიო ბრიტანჩუკის ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობს.
კომისიაში აღნიშნულ პირთა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ საუბარია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, რომელიც შემდგომი რეაგირების მიზნით მთავარ პროკურატურას უნდა გადაეგზავნოს.
კარლო კვიტაიშვილის საქმიანობის შესწავლის პროცესში ინტერესთა კონფლიქტი პოლიტიკური შეუთავსებლობის თვალსაზრისით გამოიკვეთა. საგამოძიებო კომისიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და პოლიტიკურ გაერთიანება "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მიმართა. ცესკოს მიერ საგამოძიებო კომისიაში წარდგენილი წერილით ირკვევა, რომ კარლო კვიტაიშვილი 2005 წლის 6 აგვისტოდან 2013 წლის 24 აპრილამდე იყო საარჩევნო კომისიაში პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი. აღნიშნულს ადასტურებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც". შესაბამისად, კვიტაიშვილი მარეგულირებელ ორგანოში წევრობის მთელი პერიოდის განმავლობაში პარალელურად სხვა სახელმწიფო ორგანოში, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის ფუნქციებს ითავსებდა.
"კომისიის მიერ დადგენილი ფაქტია, რომ კარლო კვიტაიშვილი წლების განმავლობაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დანიშნული იყო პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ, მოქმედებდა და ატარებდა კონკრეტული პარტიის ინტერესებს. გარდა ამისა, კომისიის მიერ ასევე დადგენილი ფაქტია, რომ ბატონი კარლო კვიტაიშვილი, 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებზე იყო საარჩევნო სუბიექტი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შემომწირველი", – ნათქვამია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში.
ამავე დოკუმენტის თანახმად, ირაკლი ჩიქოვანის ინტერესთა კონფლიქტს შპს "მაგი სტილი მედიას" საქმიანობა ადასტურებს, სადაც ჩიქოვანი 35%-იანი წილის მფლობელი იყო. ეს არის კომპანია, რომლის საქმიანობის ძირითადი საგანი სატელევიზიო რეკლამების მომსახურება და ტელევიზიებში მათი განთავსებაა. კომისია მიიჩნევს, რომ ჩიქოვანი სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს არა კანონის, არამედ საკუთარი ბიზნეს-ინტერესებით ხელმძღვანელობდა.
კერძოდ, საგამოძიებო კომისიის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ჩიქოვანის ბიზნესინტერესები სამაუწყებლო კომპანიებში რეკლამის განთავსებაზე შემდეგნაირად იყო ასახული: - "საზოგადოებრივი მაუწყებელი" - 2009 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით რეკლამებს ათავსებდა "მედია ჰაუსი" (კომპანიაში ჩიქოვანი 2010 წლის 19 აგვისტომდე ფლობდა ჯერ 40%-ს, შემდგომ კი 50 % წილს); "რუსთავი 2" - 2007-2010 წლებში რეკლამას ათავსებს შპს "მედია ჰაუსი"; ტელეკომპანია "მზე" - 2007 – 2010 წლებში რეკლამას ათავსებდა შპს "მედია ჰაუსი".
პარლამენტის საგამოძიებო კომისია ყურადღებას ამახვილებს, რომ "რეკლამის შესახებ" კანონის შესრულებაზე მონიტორინგი, შემოწმება და შემოწმების აქტის შედგენა სწორედ მარეგულირებელი კომისიის ფუნქციაა.
"ირაკლი ჩიქოვანს, როგორც კომისიის თავმჯდომარეს და წევრს ჰქონდა ვალდებულება, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად რეგულარული კონტროლი და შემოწმება განეხორციელებინა სხვადასხვა ტელეკომპანიებში რეკლამის განთავსების წესებზე. მაგალითად, რეგულარულად შეემოწმებინა კანონით განსაზღვრული სარეკლამო დროის ლიმიტის დაცვა, გამოევლინა დარღვევის ფაქტები და კანონით გათვალისწინებული სანქციები დაეკისრებინა დამრღვევებისათვის. თუმცა, კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ მარეგულირებელი კომისიისთვის წლების განმავლობაში შეუმჩნეველი რჩებოდა ზოგიერთი მაუწყებლის მიერ რეკლამის ლიმიტის გადაჭარბების შემთხვევები. კერძოდ, კომისიამ ვერ დააფიქსირა "რუსთავი 2"-ისა და "ტელეიმედის" მიერ სარეკლამო ჭრისთვის დადგენილი ინტერვალის დარღვევის ფაქტები. აღნიშნულთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება მხოლოდ "სტუდია მონიტორის" მიერ საჩივრის წარდგენის შემდეგ დაიწყო. საჩივრის საფუძველზე, კომისიამ გაფრთხილება მისცა შესაბამის სატელევიზიო მაუწყებლებს, აგრეთვე მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს დაავალა, განეხორციელებინა სისტემატური მონიტორინგი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა მიერ აღნიშნული მოთხოვნის დაცვაზე, თუმცა აღმოჩნდა, რომ აღნიშნული დავალება მხოლოდ ფორმალობა იყო და კვლავაც ვერ ახერხებდა კომისია აღნიშნული დარღვევების მონიტორინგს და მათ სათანადოდ აღრიცხვას. კომისიის 2011 წლის 10 მაისის #229/18 გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ "რუსთავი 2" და "ტელეიმედი" განაგრძობდნენ სარეკლამო ინტერვალის დარღვევას, თუმცა კომისიის მხრიდან ამგვარ ფაქტებს არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. ამავე საკითხზე ადმინისტრაციული წარმოება მხოლოდ მას შემდეგ განახლდა, რაც განმეორებითი საჩივარი კვლავ "სტუდია მონიტორმა" წარადგინა. საჩივრის საფუძველზე, კომისიამ ტელეკომპანიებს 2 500 ლარიანი ჯარიმები დააკისრა", – აცხადებს პარლამენტის საგამოძიებო კომისია.
მისივე შეფასებით, "ცალსახაა, რომ მარეგულირებელი კომისიის მიერ, კანონით დაკისრებული ვალდებულების ჯეროვანი შესრულება რეკლამის კანონის მოთხოვნების დაცვას გამოიწვევდა, რაც, თავის მხრივ, შეამცირებდა შესაბამის ტელეარხებზე რეკლამის რაოდენობას, ეს კი შესაბამისად უარყოფითად აისახებოდა იმ კომპანიის შემოსავლებზე, რომელსაც პრაქტიკულად ექსკლუზიური უფლება ჰქონდა მოპოვებული ნაციონალური დაფარვის ტელეარხებზე რეკლამის განთავსებისათვის და რომლის მფლობელიც თავად ბატონი ჩიქოვანი იყო.
"კიდევ უფრო მარტივად რომ აღვწეროთ ვითარება, კანონის შესრულება პირდაპირ კავშირში იყო მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის პირად შემოსავლებთან. შესაბამისად, სრულიად ლოგიკური და ახსნადია კომისიის დუმილი კანონის დარღვევაზე და საკუთარი ფუნქციის შეუსრულებლობა", – აღნიშნულია კომისიის დასკვნაში.
პარლამენტის საგამოძიებო კომისია ასევე დაინტერესდა მარეგულირებელი კომისიის ერთ-ერთი წევრის სოფიო ბრიტანჩუკის ინტერესთა კონფლიქტის საკითხით.
საგამოძიებო კომისიისთვის ცნობილი გახდა, რომ 2007 წლის 13 სექტემბერს დავით კაკაურიძემ შპს "ობიექტივი 2-ში" კუთვნილი წილი - 51% ნოდარ ჭარხალაშვილს აჩუქა. 2008 წლის 13 თებერვალს კი, ჭარხალაშვილმა სამაუწყებლო კომპანიის წილი ბიზნესმენ გურამ კვირიკაშვილს დაუთმო. თავის მხრივ, კვირიკაშვილმა 2008 წლის 21 მარტს სამაუწყებლო ლიცენზია სახელმწიფოს დაუბრუნა. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ბატონმა კვირიკაშვილმა განმარტა, რომ მისი სურვილი არ ყოფილა არც ლიცენზიის მიღება, არც ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნა.
ამასთან დაკავშირებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისია დასკვნაში მიუთითებს, რომ "მაუწყებლობის შესახებ" კანონის მე-11 მუხლის მ-6 პუნქტის თანახმად, "კომისიის წევრი, ასევე ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირი ვალდებულია წერილობითი ფორმით განაცხადოს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მისი ან მისი ოჯახის წევრის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტის შესახებ". გაცხადების შემდეგ შესაბამისმა პირებმა გულდასმით უნდა შეისწავლონ წარდგენილი საბუთები, მოახდინონ სათანადო რეაგირება.
"მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მაღალი ალბათობით პრეზიდენტი, ასევე პარლამენტი არ ფლობდა დეტალურ ინფორმაციას კონკურსანტების შესახებ ან პირიქით - აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტო მიზანმიმართულად დუმდა წლების განმავლობაში კანონმდებლობის დარღვების ფაქტებზე. მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებული მასალებით ირკვევა, რომ სოფიო ბრიტანჩუკის მიერ არის წარმოდგენილი განცხადება პრეზიდენტის სახელზე, დიპლომის ასლი, პირადობის მოწმობის ასლი, ხელწერილი, რომ არ აქვს 11-ე მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი. თუმცაღა, საგამოძიებო კომისიამ ბრიტანჩუკის კორესპონდენციაში ვერ ამოიკითხა განცხადება/შეტყობინება "მაუწყებლობის შესახებ" კანონის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად იმის თაობაზე, რომ მისმა მეუღლემ ნოდარ ჭარხალაშვილმა განაცხადის შეტანის წინა დღეს 2008 წლის 13 მარტს გაასხვისა კუთვნილი 51% შპს "ობიექტივ 2-ში" – ნათქვამია დასკვნაში.
საგამოძიებო კომისიის შეფასებით, სამ კომისიონერთან დაკავშირებით გამოვლენილი ფაქტები ადასტურებს, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ისე საკანონმდებლო ორგანო წლების განმავლობაში შეთანხმებულად არიდებდა თავს მათთვის მინდობილი საკითხის სრულყოფილად და კანონისმიერად აღსრულებას.
"შესაბამისად ჩნდება ეჭვი, რომ ამ გზით არჩეული პირები ხელისუფლების წინაშე კონკრეტულ ვალდებულებებს იღებდნენ", – აღნიშნავს პარლამენტის კომისია.