გამოკითხვა: საქართველოში 10-დან 7 ადამიანს რაღაც სახის ვალი აქვს

გამოკითხვა: საქართველოში 10-დან 7 ადამიანს რაღაც სახის ვალი აქვს

ბოლო 2 თვის განმავლობაში კომერციული ბანკების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხის მოცულობა 6,5%-ით გაიზარდა, მოვალეთა რეესტრში ჩანაწერთა რიცხვმა უკვე 113 ათასს გადააჭარბა. ამასთან დაკავშირებით, "ბიზნეს-რეზონანსმა" მცირე გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე – გაქვთ თუ არა ამა თუ იმ სახის ვალი (სამომხმარებლო თუ იპოთეკური სესხი, განვადება, საკრედიტო ბარათი) - 100 გამოკითხულიდან 74-მა დადებითი პასუხი გასცა. დანარჩენ 26-ს ან საერთოდ არ აუღია ვალი, ან ფინანსური ვალდებულებები უკვე დაფარული აქვს.

ექსპერტული გათვლებით კი, დღეს ვალი მოქალაქეთა დაახლოებით 40-50%-ს აქვს. დღეს საქართველოში იშვიათია ადამიანი რომელსაც ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან კერძო მევახშის ვალი არ აქვს. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით კერძო იპოთეკარები აქტიურობენ, რომლებიც ფულის მაძიებლებს, ქონების სანაცვლოდ, თანხას საკმაოდ მაღალ პროცენტად აძლევენ და ასეთი მოვალეები ხშირად ქონების დაკარგვისთვის არიან განწირულები.

ამაზე მეტყველებს აღსრულების ეროვნული ბიუროს სტატისტიკური მონაცემებიც. ბიურომ 2013 წელს 1 171 უძრავი ქონების რეალიზაცია მოახდინა. ეს ყველაფერი, ერთი მხრივ, იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს რაღაც ტიპის ვალი აქვს.

ბოლო 3 წლის განმავლობაში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აუქციონზე რეალიზებულმა უძრავი ქონების საერთო რაოდენობამ 3 671 ერთეული შეადგინა. აქედან 2011 წელს იძულებითი აუქციონის წესით გასხვისდა 1 272 უძრავი ქონება, 2012 წელს - 1 228, 2013 წელს კი ამ ციფრმა 1 171 შეადგინა.

მართალია, აუქციონზე რეალიზებული ქონების რაოდენობა შემცირდა, თუმცა პერმანენტულად იზრდება მოვალეთა რეესტრში ჩანაწერთა რაოდენობა. ამ დროისთვის ბაზაში სულ 113 383 მოვალეა რეგისტრირებული. აღსრულება კი ეხება ყველა იმ ადამიანს, რომელსაც გააჩნია საგადასახადო დავალიანება, სხვადასხვა ჯარიმა, არ იხდის ალიმენტს და ყველაზე მტკივნეული საკითხი - აქვს ბანკისა და კერძო იპოთეკარების ვალი.

რაც შეეხება კომერციული ბანკების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხის მოცულობას, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2014 წლის თებერვალში 10,128, 808 ათასი ლარი შეადგინა, რაც 2013 წლის დეკემბერთან შედარებით დაახლოებით 6,5%-ით მეტია. 2013 წლის დეკემბერში ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხის მოცულობამ 9,514,570 ათასი ლარი შეადგინა.

ზოგადად სესხის მოცულობის ზრდაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ ექსპერტები, თუმცა თვლიან, რომ ქართულ რეალობაში სესხს მოსახლეობა იმის გამო იღებს, რათა ხშირ შემთხვევაში, თავი თვიდან თვემდე გაიტანოს. თუკი ცივილიზებულ სამყაროში ხალხი სესხის აღებით მატერიალურ კეითლდღეობას იღებს, საქართველოში განსხვავებული სიტუაციაა და აქ მოსახლეობა ღარიბდება.

ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში ლია ელიავა ამბობს, რომ ყველა ცივილურ ქვეყანაში, სადაც კრედიტზე პროცენტი არის დაბალი, მოსახლეობა ყოველთვის ცდილობს, ესა თუ ის დიდი ხარჯი, სესხის მეშვეობით გასწიოს. ეს ნაწილობრივ გამართლებულია, რადგან უცებ დიდი ფულის ერთად თავმოყრა ჩვეულებრივი ადამიანისთვის საკმაოდ ძნელია.

"საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი რომ სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციის სესხით სარგებლობს, ამაში ცუდი არაფერი იქნებოდა ეს სესხი რომ მსესხებლის ფინანსური მდგომარეობის შერყევის საფუძველი არ იყოს. თუ ცივილურ სამყაროში სესხი მატერიალური მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის გამოიყენება, ჩვენთან ამას ფინანსური მდგომარეობის გაუარესება ახლავს. საქართველოში, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, კომერციულ სტრუქტურებს სესხებზე საკმაოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთი აქვთ დაწესებული.

ჩვენი ღარიბი ქვეყნის მოსახლეობას, რომელთაც ათეულობით წლების განმავლობაში ყველაფერი აკლდა, ახლა ივსებს დანაკლისს, მაგრამ რეალურად ეს იწვევს მათ გაღარიბებას. მიუხედავად იმისა, რომ ისინი იძენენ გარკვეული სახის ნივთს, მაინც ღარიბდებიან.

საფინანსო სექტორი მუშაობს საკუთარი თავის გამდიდრებაზე და არა ეკონომიკაზე. სხვადასხვა ტიპის სესხით, რომელიც გაცემულია მოსახლეობაზე, აფინანსებს იმპორტს და არა ადგილობრივ ეკონომიკას", - განუცხადა "ბიზნეს რეზონანსს" ელიავამ.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიორგი აბაშიშვილი ამბობს, რომ საქართველოში მოსახლეობა სესხს, ხშირ შემთხვევაში, უკიდურესი აუცილებლობის გამო იღებს.

"მთლიანობაში სესხი, რომელიც მიემართება ეკონომიკის განვითარებაზე, ინვესტირებაზე, თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ აქ ხალხი რეალურად სესხს იმის გამო იღებს, რომ აუცილებლად სჭირდება.

რაც შეეხება სესხის წილის ზრდას, ეს არის ბანკების საკმაოდ აგრესიული პოლიტიკის ნაწილი, რომელიც თუნდაც დაკავშირებულია იგივე განვადებებთან. პრაქტიკულად, ყველა მაღაზიაში ვხვდებით განვადების ოფიცრებს, რომლებიც გთავაზობენ ამა თუ იმ ნივთს დღეში 1 ლარიდან. ხალხიც ამ შეთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მახეში ებმება, თანაც ისე, რომ ვერ იაზრებენ სამომავლოდ დამდგარ პასუხისმგებლობას, რომელიც, სამწუხაროდ, ზოგ შემთხვევაში ცუდად სრულდება", - განაცხადა აბაშიშვილმა.

რაც შეეხება იმას, თუ მოსხალეობის რა პროცენტი შეიძლება სარგებლობდეს ამა თუ იმ ტიპის სესხით, კონკრეტული პასუხი აბაშიშვილს არ აქვს.

"რთულია იმის თქმა მოსახლეობის რა ნაწილს აქვს სესხი აღებული, ანუ რამდენ ადამიანს გააჩნია საფინანსო ორგანიზაციების მიმართ ფინანსური ვალდებულება. ექსპერტული გათვალებით, შეიძლება თამამად ითქვას, რომ დღეს ყოველ მეორეს ბანკის ან სხვა კომერციული ინსტიტუტის ვალი გააჩნია", - დასძინა აბაშიშვილმა.

ლია ელიავას გათვლებით კი, ეს ციფრი 40%-ის ფარგლებში მერყეობს. "იმის გამო, რომ სახელმწიფოს არ გაგვაჩნია საკრედიტო ისტორიების სტატისტიკა (ეს მხოლოდ კერძო სტრუქტურებს აქვთ), რთულია საუბარი მოსახლეობის რა პროცენტს გააჩნია ფინანსური ინსტიტუტების მიმართ დავალიანება. ამ სტატისტიკას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა აწარმოებს. ჩემი გათვლებით, მოვალეთა რაოდენობა, შესაძლოა, მოსახლეობის 30-40%-ს შეადგენდეს," - აცხადებს ელიავა.

ელზა წიკლაური

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია