როგორ აღმოჩნდა 10 სმ სიგრძის ჭია ონკანში - GWP საგანგებო განცხადებას აკეთებს

როგორ აღმოჩნდა 10 სმ სიგრძის ჭია ონკანში - GWP საგანგებო განცხადებას აკეთებს

გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო-პოსტი, რომელის ავტორი, სოფო ვაშაკიძე წერს, რომ სამსახურიდან სახლში მისულმა ონკანიდან აღებულ წყალში შავი ფერის დაახლოებით 8 სმ სიგრძის ჭია შენიშნა. "ხალხო, შოკში ვარ. 20 წუთის წინ სამსახურიდან მოსულმა წყლის დალევა მოვისურვე, მოვუშვი ონკანი და... ცუდად ვარ... ყველამ ნახეთ და დააკომენტარეთ, გააზიარეთ, ეს რა უბედურებაა, თითქმის 8 სმ სიგრძის ჭიაა".

Ambebi.ge ვიდეო-პოსტის ავტორს, სოფო ვაშაკიძეს დაუკავშირდა. მან ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ იმ დღეს თემქის დასახლებას წყალი უწყვეტად მიეწოდებოდა, შესაბამისად, ეჭვი იმის შესახებ, რომ რაიმე სახის სარემონტო სამუშაოების შედეგად აღმოჩენდა ჭია სასმელ წყალში, უსაფუძვლოა:

"თავიდან თმა მეგონა. კარგად დავაკვირდი და მოძრაობა რომ დაიწყო, მივხვდი, რომ ჭია იყო, დაახლოებით 8-10 სმ სიგრძის შავი ფერის", - განაცხადა სოფო ვაშაკიძემ.

სოციალურ ქსელში ამ ფაქტს მომხმარებლების აქტიური გამოხმაურება მოჰყვა, მოსახლეობა პასუხს წყალმომარაგების კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" (GWP) სთხოვს. თავად კომპანია კი აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლის ტქსტსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ატვირთულ ვიდეომასალაში მხოლოდ მაგიდაზე დადგმულ ჭიქას ვხედავთ და რეალურად არც კი ვიცით, ეს ჭია ამ ჭიქაში საიდან მოხვდა.

კომპანიის ცენტრალური ლაბორატორია Facebook-ით უკვე დაუკავშირდა სოფო ვაშაძეს და სთხოვა მოეწერა თავისი ზუსტი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, რომ ადგილზე, მასთან შინ მისვლით მოხდეს სასმელი წყლის სინჯების აღება და ქიმიურ-მიკრობიოლოგიური კვლევის ჩატარება. ჩვენ ველით, რომ სოფო ვაშაძე გამოგვეხმაურება და თავის ზუსტ კოორდინატებს მოგვაწვდის.

ვაცხადებთ, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია სასმელ წყალში, რომელიც ქლორს შეიცავს, რაიმე სახის არსება - ჭია, მატლი, ხოჭო, ხვლიკი, გველი - ცოცხალი ან მკვდარი აღმოაჩინოთ, ეს გამორიცხულია - ეს მარტივი ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგიაა და ამ დარგის ნებისმიერი სპეციალისტი ამას დაგიდასტურებთ.

სასმელი წყალი სპეციალურად მზადდება და ვიდრე თქვენს ონკანებამდე მოვა, მრავალჯერადად მუშავდება ჯერ კოაგულანტით, შემდეგ იქლორება, იფილტრება, ისევ მუშავდება და საბოლოოდ ისევ იქლორება. შემდეგ წყალი უწყვეტ რეჟიმში გადის ლაბორატორიულ კონტროლს ყველა პარამეტრზე - ეს არის ქიმიური და მიკრობიოლოგიური შემოწმება, რაც გამორიცხავს რაიმე სახის, თუნდაც უმნიშვნელო მინარევის არსებობაც კი სასმელ წყალში.

წყლის ხარისხის უწყვეტ კონტროლს ახდენს კომპანიის ცენტრალური ლაბორატორია, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში და რომელიც ISO-ს სტანდარტისა და აკრედიტაციის მფლობელია.

ISO-ს სტანდარტის და აკრედიტაციის დაცვა კი უმკაცრესი მოთხოვნების შესრულებას ნიშნავს.

ამის შემდეგ სასმელი წყალი გადადის მაგისტრალურ ქსელებში, სადაც ძალიან მაღალი ატმოსფერული წნევით მიედინება და გზად უამრავ ფილტრს გაივლის. რომელი არსება შეიძლება დარჩეს ცოცხალი ასეთი წნევის ქვეშ, მით უმეტეს, როგორ შეძლებს შეინარჩუნოს მთლიანობა - მთელი 8 სანტიმეტრი სიგრძეში, შემდეგ აღმოჩნდეს რომელიმე მაცხოვრებლის ჭიქაში და იქაც მშვიდად განაგრძოს ნაოსნობა?...

ბოლოს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც საცხოვრებელ სახლებსა და კორპუსებს აქვთ შიდა გაყვანილობის პრობლემები, რისი მოგვარებაც არ შედის კომპანიის კომპეტენციაში. კომპანია პასუხს აგებს მხოლოდ მაგისტრალურ და ქუჩის ქსელებზე", - ნათქვამია განცხადებაში.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

ასევე იხილეთ: თბილისში ონკანის წყალს ჭიები მოჰყვება?

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია