საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკის - "ივერიელის" თვალიერებისას, ამჯერად 1912 წლის ქრისტესშობას გამოცემულ ჟურნალ "კლდის" მე-14 ნომრის ერთ პუბლიკაციას მივაქციე ყურადღება. სტატიის - "კიდევ ქალებზე" ავტორი ქალბატონი ბაბო საკმაოდ აღელვებული წერს ქართველი ქალისა და დედის როლსა და ადგილზე იმჟამინდელ საზოგადოებაში. როგორც ჩანს, რედაქცია ყველაფერში არ ეთანხმება ქალბატონ ბაბოს და საკუთარ აზრს წერილის ბოლოს აცხადებს. ამიტომ ჩვენც არ დავარღვევთ თანამიმდევრობას და თავდაპირველად, წერილის ავტორის გულისტკივილს გაგაცნობთ.
ქალბატონი ბაბოს წერილის დასაწყისშივე აშკარაა, რომ მღელვარება მწერალ ეკატერინე გაბაშვილისა და სევდიას (გვარი არ არის მოხსენიებული) იმ ქალებისადმი ნათქვამ საყვედურს მოჰყვა, "რუსული ტიტინით" თავს რომ იწონებენ. ალბათ აქაც, ისევე, როგორც ჩვენი რუბრიკის სხვა პუბლიკაციებში, ბევრი რამ გენიშნებათ, ჩვენი ჟურნალის მკითხველებო, ბევრ საგულისხმოსაც იპოვით და არც პარალელების გავლება გაგიჭირდებათ...
ქალბატონი ბაბო წერს: "...წარსულში დედა თავის ადგილზე იყო და ახლანდელი დედაც, სასურველია, თავის ადგილზე იყოს. ეს სულ ჭეშმარიტებაა, არავინ უარს არ იტყვის, მხოლოდ... რა ავლადიდებაა მართლა ეს, რომ ახლანდელი ქალები რუსულის ტიტინით თავებს იწონებენო. ამის ლაპარაკი ძალიან ცოტაა, საჭიროა მეტი განმარტება, საჭიროა მეტი დახატვა იმისი, თუ რუსულად რომ ტიტინს არ ვეტრფოდეთ, რას უნდა ვესწრაფოდეთ; ნუთუ ქართულად რომ ვიტიტინოთ, ეს გვეყოფა?! ვგონებ, საჭიროა მეტი განმარტება, გათვალისწინება აწმყო მდგომარეობისა. უნდა დაიხატოს ის ადგილი, რომელზედაც ქალი უნდა ამაღლდეს და თავის ძალას გამოაღებინოს იმდენი უნარი, რამდენის მოცემაც შეუძლიან მას. რა ენაზეც გნებავთ იტიტინეთ, რამდენი შვილიც გინდათ გააჩინეთ, ის ამ უნარს ქალს ვერ შესძენს, იმიტომ რომ ტიტინი არაფრის გამომღებია..."
ქალბატონი ბაბო თავისი თანამედროვე დედისა და ძველი პერიოდის დედის ადგილს ერთმანეთს ადარებს და ფიქრობს, რომ ამ უკანასკნელის ადგილი და როლი სრულიად გარკვეული იყო იმჟამინდელ ქართველ საზოგადოებაში: "ძველად მტერი ერისა შიგ სახლში იყო შემოჭრილი და გალესილი ხმლით ყველას, კაცსა და ქალს თავზედ ედგა: "იწამე ისლამი, დაჰგმე შენი ღმერთი, მიიღე ჩემი ზნე და გახდი ჩემი მონაო", ამას იტყოდა მტერი, ხმალს მოუქნევდა და ქართველს თავს მოჰკვეთდა". წერილის ავტორს მიაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში მხოლოდ რეგვენი არ მოუწოდებდა თავის შვილს, მამას, მეუღლეს, ხალხს, რომც გავწყდეთ, მტერს უნდა მოვერიოთ და სამშობლო და თავისუფლება შევინარჩუნოთო. შემდეგ ის კვლავ თავის თანამედროვეობას უბრუნდება და განაგრძობს: "ხოლო დღეს, ერის მტერი ესე სახლში არ გვიზის თავების საკვეთად. ამ მტრისაგან შორიდგან, უხილავად, მიწის ქვეშ ჩაწყობილია მილები, ხილულადაც ზოგან ღარებია გამოდებული; ამ მილებს და ღარებში მოდის შხამი, რომელიც ზოგან მიგვლეკავს, ზოგან გვასნეულებს და გადაგვარების გზაზედ გვაყენებს.
ამისთანა მტერს ჯერ დანახვა უნდა, მას ცნობა უნდა, მისი და სხვისი ცხოვრების შესწავლა გვინდა, შეგნება; შხამისთვინ წამალის გამოძებნა გვინდა და ყველა ამას კი, იცით, რომ ქართული ტიტინი ვერ არგებს!
ამას ძალიან სერიოზული თვით-შეგნება უნდა, განათლებით და ცოდნით აღჭურვა უნდა; მაშინ დედობასაც კარგს გაუწევთ და ერის შვილობასაც"... აქ კი, ქალბატონმა ბაბომ თავის თანამედროვე მამაკაცებსაც გადაჰკრა მათრახი: "გვინდა განათლება, განვითარება ისეთი კი არა, როგორც ჩვენ მამაკაცებს გადიპლომიანება უნდათ ხოლმე. არა, ცოდნის შეძენა გვინდა ისეთისა, რომელმაც უნდა გვამცნოს ჭეშმარიტი შეხედულება ადამიანზე, გვასწავლოს, რომ დიადი სიყვარულის და მშვენიერი სათნოების დამთესია თავისუფლება, წინმსვლელობის გზაა ცოდნა, მოქმედება და შრომა. დიაღ, დღეს მოსჩანს, რომ ქალებს უნდა წარუდგინოთ უფრო დიდი და გარკვეული მოთხოვნილებანი და ვაგრძნობინოთ მთელი მისი მოვალეობა მამულის წინაშე".
მართალია, "კლდეს" უცვლელად დაუბეჭდავს ქალბატონი ბაბოს წერილი, მაგრამ, როგორც ჩანს, მამაკაცების "გამათრახება" ვერ აიტანა და პასუხიც დაუბრუნა აღელვებულ მანდილოსანს: ძველ დროშიც რთული იყო ცხოვრება, მაგრამ ქალს ყოველთვის საპატიო ადგილი ეკავა... "იქნებ არც ერთ ქვეყანაში არა ჰქონია მოპოვებული ისეთი თავისუფლება, როგორც ჩვენში, მაგრამ აქაც ვერ გამოიჩინა უნარი მამაკაცთან გათანასწორებისა. და თუ წარსულში სწორე ალღო აართვა სინამდვილეს ქართველმა ქალმა - ეს იქნება ცხოვრების სიმარტივის ბრალი იყო, დღეს კი კითხულობს: მაჩვენეთ ადგილი... საშველი გვიჩვენეთო. ვინ უნდა აჩვენოს ქალს ეს საშველი, თუ თითონ არ შეიგნო და თითონ არ შეეგუა სინამდვილეს? მამაკაცმა? თუ მტერია, გზას როგორ გასწავლით, თუ მეგობარი და თანასწორი, რატომ თითონ შენ, დედაკაცო, არ მოსძებნი გზას შენსას? ჩვენ, უფლებრივ თანასწორობის მომხრენი ვართ, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ გვწამდეს დედაკაცის და მამაკაცის ღირებულების თანასწორობა, არამედ იმიტომ, რომ ეს განსხვავება, ერთისა და იმავე პირობებში ჩაყენების დროს - უფრო მკაფიოდ გამოჩნდება"...
ასე წაუყრუეს XX საუკუნის დასაწყისის საზოგადოებაში თავისუფლების იდეასა და ქართველი ქალის ადგილს ერთ-ერთ იმჟამინდელ გამოცემაში და გადაგვარების გზაზე დამყენებელ, ნამდვილი მტრის მიერ გაყვანილ "მილებსა და ღარებში გამავალ შხამზე" სჯა-ბაასი საკუთარი პატივმოყვარეობის "მილებსა და ღარებში" გადაიტანეს...
იქნებ ამიტომაცაა, რომ დღესაც, ჩვენდა საუბედუროდ, კვლავ არ წყდება ნაკადი და "ამ მილებს და ღარებში მოდის შხამი, რომელიც ზოგან მიგვლეკავს, ზოგან გვასნეულებს და გადაგვარების გზაზედ გვაყენებს"...
ირმა ხარშილაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)