გიგი უგულავა პროკურატურის მხრიდან, მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე პირადი მიმოწერის დართვას აპროტესტებს. როგორც უგულავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქმის მასალებს პროკურატურამ მის შვილთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერი დაურთო. უგულავას თქმით, მის წინააღმდეგ "თბილისის განვითარების ფონდთან" დაკავშირებული საქმის წინასასამართლო სხდომა ხვალ უნდა გაიმართოს.
როგორც უგულავამ აღნიშნა, ჩანაწერში იგი მის უფროს შვილს შეხვედრას უთანხმებს. "რა კავშირშია ჩემი საუბარი შვილთან, რომელსაც საქმესთან არაფერი საერთო არ აქვს. რა შუაშია ამის გამოქვეყნება?! ეს არის მამისა და შვილის საუბარი. გარდა იმისა, რომ ოჯახური საუბრის გამოქვეყნება უზნეობაა, ვინმემ ამიხსნას დედამიწის ზურგზე, რა კავშირშია ეს მიმდინარე გამოძიებასთან. ამასთან დაკავშირებით, დღევანდელი მთავრობა ქალიშვილობას რომ გვეთამაშება, სადმე ვინმეს გაუკეთებია მსგავსი რამ?! ამ ყველაფრის ახსნას ვერ ვპოულობ. ეს უბრალოდ მარაზმია და ივანიშვილისა და ღარიბაშვილის რეალურ სახეს აჩვენებს. ყოველთვის არსებობდა ეჭვი ივანიშვილთან დაკავშირებით, რომ ის მანიაკურად ჰყვარობდა სხვისი საუბრების მოსმენას და ამის სამწუხარო მაგალითია ჩემი და ჩემი შვილის საუბრის საქმეზე დართვა", - განაცხადა უგულავამ.
მისი თქმით, პროკურატურამ საქმის მასალებს ასევე დაურთო უგულავას მიმოწერა გარდაცვლილ რევაზ ადამიასთან, რაც უგულავას თქმით, ასევე აღმაშფოთებელია. "ეს ადამიანი ორი დღის წინ მივაბარეთ მიწას და ყველამ იცის, რომ უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში, იგი მძიმედ ავად იყო. ბატონი რეზო ბევრ დამსახურებასთან ერთად, იყო გუდაურის დამაარსებელი ათწლეულების წინ, მას და მის ბევრ მეგობარს ერთად, ჰქონდათ მიწა კანონიერ საკუთრებაში და როდესაც ჩვენ გუდაურის განვითარება დავიწყეთ, ეს მიწა გუდაურის განვითარების ფონდს გადმოსცეს მათ. ნაწილი გამოყენებულ იქნა საბაგიროების და სხვა ინფრასტრუქტურის ასაშენებლად, თავისუფალი ნაწილი კი მათ უნდა დაბრუნებოდათ კანონიერ სარგებლობაში. სიტუაცია, რომ აირია, ბიუროკრატიაში გაიჭედა ეს ყველაფერი და რეზო მიმოწერაში მთხოვს დახმარებას ამ საკითხში. ეს მიმოწერა პროკურატურას ალბათ სჭირდება იმისთვის, რომ თქვას, თითქოს მე ვმართავ ისევ მერიას. ეს განცხადება გაჩხერილი იყო არა მერიაში, არამედ ეკონომიკის სამინისტროში, რომელსაც მე არასდროს ვმართავდი. თუ არ ვცდები ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია და მიწა დაუბრუნდათ რეზო ადამიას და მის მეგობრებს კანონიერ საკუთრებაში. თუ მოგვარებული არ არის, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს პირადად ვთხოვ, რომ ეს საქმე დაამთავროს, რადგან ჩვენ ყველანი რეზო ადამიას წინაშე ვალში ვართ", - განაცხადა გიგი უგულავამ.
მისი თქმით, პროკურატურა როდესაც რეზო ადამიასთან მის საუბარს "მტკიცებულებად თითხნიდა, ადამია გასვენებულიც არ იყო, რაც უზნეობაა". "მომაკვდავი ადამიანისთვის მეთქვა, რომ იცი მე უფლებამოსილება შეჩერებული მაქვს თქო?! ვაღიარებ, რომ ვეხმარებოდი და დავეხმარები კიდეც, სადამდეც შემეძლება. ციხეში კი არა, ციმბირში წავალ, ესეთი რამეები არ იკადროთ ოღონდ! რა კავშირი აქვს საქმესთან ჩემს საუბარს ტასოსთან. ამ საკითხს ხვალ დავაყენებთ სასამართლო პროცესზე. ეს არის სამართლიანობის აღდგენა?! ეს არის სამართლიანობის აღდგენა ივანიშვილის ვერსიით!", - განაცხადა უგულავამ.