იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი გიგი უგულავას სასამართლოზე შესაძლოა უნგრეთიდან სკაიპით დაიკითხოს , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გიგი უგულავას ადვოკატმა გიზო უგლავამ განუცხადა, რომელმაც ადეიშვილთან, როგორც დაცვის მხარის მოწმესთან გამოკითხვის ოქმი უნგრეთში შეადგინა.
ადვოკატმა დღეს, ადეიშვილის დაკითხვაზე გიგი უგულავას საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე ისაუბრა, თუმცა დაკითხვის ფორმა არ დაუკონკრეტებია.
"დაკითხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმით მოხდება. ასეთი ორი ფორმა არსებობს – სასამართლოზე გამოცხადება და ტექნიკური საშუალება. ტექნიკური საშუალება გულისხმობს სკაიპს ან სხვა ელექტრონული კავშირის საშუალებას", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გიზო უგლავამ.
ზურაბ ადეიშვილი, გიგი უგულავას და მასთან ერთად ბრალდებულების წინააღმდეგ "თბილისის განვითარების ფონდთან" დაკავშირებული საქმის ფარგლებში დაცვის მხარის მოწმეთა ნუსხაში დასახელდა.
როგორც ადვოკატმა გიზო უგლავამ განმარტა, "ადეიშვილისთვის ცნობილია, როგორ ხდებოდა ფონდიდან თანხების განკარგვა".
"ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი იქნება სასამართლო განხილვის დროს", - განაცხადა გიზო უგლავამ.