"სისხლიანი ხელები ჰქონდა, მითხრა, ცოლი მოვკალიო" - ტრაგედია რუსთავში ექჭვიანობის ნიადაგზე

"სისხლიანი ხელები ჰქონდა, მითხრა, ცოლი მოვკალიო" - ტრაგედია რუსთავში ექჭვიანობის ნიადაგზე

გასულ კვირას კიდევ ერთი ოჯახური კონფლიქტი დასრულდა სისხლის ღვრით. 51 წლის ოლეგ შუბითიძემ მეუღლე, 37 წლის ბელა ძამსაშვილი დანით დაჭრა, შემდეგ მისი გადარჩენა სცადა და დასახმარებლად "სასწრაფოს" ბრიგადა გამოიძახა. დაჭრილი რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მიყენებული ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა და ბელა მალევე გარდაიცვალა.

ოლეგ შუბითიძე და ბელა ძამსაშვილი წლების წინ დაქორწინდნენ, მას მერე რუსთავში, მე-11 მიკრორაიონში მდებარე საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდნენ. ორივესთვის ეს მეორე ქორწინება იყო. მეზობლების თქმით, ცოლ-ქმარი ერთმანეთს დეკემბერში დაშორდა. მას მერე ბელა ძამსაშვილმა გვერდით მდებარე საერთო საცხოვრებელში ბინა იქირავა და შვილებთან ერთად იქ ცხოვრობდა. მკვლელობის მოტივად ეჭვიანობას ასახელებენ. მეზობლების თქმით, ოლეგი ყოფილი ცოლისგან იქაურობის დატოვებას და საცხოვრებლად მისგან მოშორებით გადასვლას მოითხოვდა, მაგრამ მის თხოვნას ბელა არ დაემორჩილა, რაც ამ ტრაგედიით დასრულდა. მეორე ვერსიით, ბელას დიდი ვალი დაედო მაღაზიაში და ცოლ-ქმარს კონფლიქტი ამის გამო ჰქონდა.

რუსთავში მკვლელობის ადგილი დალუქული დამხვდა. გვერდით კორპუსში ოლეგ შუბითიძის ბინაც დაკეტილი იყო, ამიტომ ვერც შუბითიძის ოჯახის წევრების ნახვა შევძელი. მომხდარის გამო წუხდა ერთ-ერთი მოხუცი ქალბატონი. მითხრა, ბელამ ოლეგის გოგონა, ქეთინო თავისი შვილივით გაზარდა, ბელას პირველი ქორწინებიდან გოგო ჰყავს, ხატია და ისინი ღვიძლი დებივით გაიზარდნენო. მეზობლები დაკავებულს დადებითად ახასიათებენ და მკვლელობის მოტივად ეჭვიანობას ასახელებენ. კორპუსთან შეკრებილი მამაკაცები მომხდარში მოკლულს ადანაშაულებდნენ და ამბობდნენ, რომ ცოლის ქცევამ ქმარი უკიდურეს მდგომარეობამდე მიიყვანა.

მკვლელობის რეალურ მიზეზს გამოძიება დაადგენს. ოლეგ შუბითიძემ უკვე მისცა ჩვენება ძალოვანებს და დანაშაული აღიარა. მას შემთხვევის ადგილიდან გაქცევა არ უცდია, თურმე თავად დარეკა ჯერ "სასწრაფოში", შემდეგ - პოლიციაში და კორპუსის წინ ელოდებოდა საპატრულო ეკიპაჟს.

მეზობელი ოთარ ხვედელიძე ამბობს, რომ ოლეგი მკვლელობის შემდეგ ეზოში ნახა.

- იმ დღეს ოლეგი ვნახე. ქვაზე იჯდა, ხელში ტელეფონი ეჭირა და ვიღაცას აღელვებული ელაპარაკებოდა. მივუახლოვდი, მივესალმე და ვკითხე, როგორ ხარ-მეთქი? ხელი ჩამომართვა, სისხლიანი ჰქონდა. მითხრა, ქალი მოვკალიო. - რას ამბობ, კაცო! - შეშფოთებულმა წამოვიძახე. - მგონი, ცოლი მოვკალი, "სასწრაფოშიც" დავრეკე და პოლიციაშიც, ამდენი ხანია ველოდები, მაგრამ არც ერთი არ ჩანსო. ამ საუბრის გაგრძელება ვერ მოვასწარით, რადგან პატრული გამოჩნდა და ოლეგი პატრულის მანქანისკენ გაიქცა. პოლიციელებსაც იგივე უთხრა, მოვკალი, მგონი, და მიხედეთო. მაშინვე აღიარა დანაშაული. რატომ მოკლა, ამ კითხვის დასმა მისთვის ვერ მოვასწარი. სისხლიანი ხელებით თავად ჩაჯდა პატრულის მანქანაში და გაჰყვა ძალოვანებს. ჩაბარება რომ არ ნდომებოდა, ცხინვალს გაცილებული იქნებოდა. გაქცევა არ გაუჭირდებოდა, საღამომდე ვერავინ გაიგებდა, ქალი მკვდარი რომ იყო, კარს ჩაკეტავდა და წავიდოდა.

- დიდი ხანია, ამ ოჯახს იცნობთ?

- ოლეგს ძალიან დიდი ხანია, ვიცნობ. ის ახალციხელია, მაგრამ ჯარის მერე სულ რუსთავში ცხოვრობდა. ჯერ ქარხანაში მუშაობდა, მერე ხელობა ისწავლა და კაფელზე მუშაობდა. ძალიან მშრომელი ბიჭია. რამდენიმე წელი ერთმანეთის გვერდიგვერდ, ნაქირავებში ვცხოვრობდით. საძმაკაცოშიც როგორც ალალ ბიჭს, ისე იცნობენ, თავისას გაიხდიდა და სხვას ჩააცმევდა. მის პირველ მეუღლესაც კარგად ვიცნობდი. ძალიან კარგი ქალი იყო. მასთან ორი შვილი ჰყავს. ბიჭი უკვე 25 წლისაა, მუშაობს. ოლეგის მეუღლეს სიმსივნე აღმოაჩნდა. მახსოვს, ექიმებმა ურჩიეს, ბავშვი გააჩინე და შეიძლება, დაავადებისგან განიკურნოო. მანაც გოგონა გააჩინა. 2 წლის იყო ბავშვი, ოლეგს მეუღლე რომ გარდაეცვალა. მარტო დარჩა პატარა შვილებთან ერთად. დამხმარე არ ჰყავდა. ბავშვებს ხომ მოვლა სჭირდებოდათ და ბელა შეირთო ცოლად. ბელა ქმარს გაცილებული იყო და მასაც შვილი ჰყავდა, გოგონა. მერე საერთო შვილიც შეეძინათ. გიორგი უკვე 7 წლისაა, სკოლაში დადის. ბოლო დროს ოლეგს ვერ ვხვდებოდი, რადგან სხვაგან ვცხოვრობ და აქ ხშირად არ ვარ. როგორც მეზობლები ამბობენ, ეჭვიანობის გამო მოკლა.

საუბარში კიდევ ერთი მეზობელი, ბაჩუკი შანშიაშვილი ჩაერთო:

- მიცვალებულზე ცუდს არ ამბობენ, მაგრამ ფაქტია, ამ ქალის საქციელმა ეს კაცი გააბოროტა და ასეთი დანაშაული ჩაიდინა. არადა, ოჯახზე მზრუნველი კაცი იყო. აქ ერთ ადამიანს ვერ იპოვით, ვინც მასზე ცუდს იტყვის. სულ შრომობდა. ცოლი რომ დაეღუპა, რა ექნა?.. ბავშვი მოსავლელი იყო. 9 თვის მერე ეს ქალი მოიყვანა ცოლად. ძალიან გამხდარი ქალი იყო. თითქმის 10 წელი ერთად ცხოვრობდნენ. ოლეგის ბავშვი მან გაზარდა. ამ ქალსაც პირველი ქორწინებიდან გოგონა ჰყავდა და ოლეგი სულ ხუმრობდა, მრავალშვილიანი მამა ვარო. მშრომელი კაცია, არც მოჩხუბარი ყოფილა, არც ლოთი და არც ცუდის გამკეთებელი. იმ დღეს 11-ის ნახევარი იყო, სახლიდან რომ გამოვედი. გავიგონე, უბნის რწმუნებული ელაპარაკებოდა ვიღაცას, - ის დაკავებულია და მანქანაში გვყავსო. მერე მეც მითხრა, ოლეგას ცოლი დაუჭრიაო. ეზოში ვიდექი, საკაცით დაჭრილი ქალი რომ ჩამოიყვანეს. ფაქტობრივად, გარდაცვლილი იყო, ამ ქვეყნის არაფერი ეტყობოდა. ჩვენი მეზობელი ამბობს, სახლიდან ჩამოვდიოდი, კიბესთან შემხვდა ოლეგი, თავისი ყოფილი ცოლის ბინაში ადიოდა და მომესალმა; ცოტა ხანში უკან დავბრუნდი, ის უკვე ჩამოდიოდა და მითხრა, დედა ვუტირე, დავჭერი ჩემი ცოლიო. მეზობელს ამ სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია მაშინ... მკვლელობის დროს ისინი მარტოები იყვნენ, ბავშვები სკოლაში იყვნენ წასულები. წასულიყო იქიდან და რაც უნდოდა, ის გაეკეთებინა, რას აღიზიანებდა ამ კაცს?!.

"რა გამართლება აქვს მკვლელობას?! ღმერთმა იცის მტყუან-მართალი. ამბობენ, ვალები ჰქონია ბელას და თურმე ბინაც ჩაუდვია ვალში, ამის გამო ჩხუბობდნენ. ისე, ჩვენს კორპუსში ახალი გადმოსულები იყვნენ და სულ ხმაური ისმოდა მათი ბინიდან. ოლეგი ამ ამბამდე ორი დღით ადრე შემხვდა და მასაც შევჩივლე, სულ ხმაურობენ-მეთქი. მითხრა, უჩივლეთ და გააგდეთ კორპუსიდანო. ღმერთის წინაშე უდიდესი ცოდვა ჩაიდინა", - მითხრა კიდევ ერთმა მეზობელმა, მარინამ.

გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანის რწმუნებულის ილია ჩიკვაიძის თქმით, ცოლ-ქმარს ამ ფაქტამდეც ჰქონდა სერიოზული კონფლიქტები.

"როგორც ბელას ოჯახის წევრები ამბობენ, ბელა თურმე მაღაზიაში მუშაობდა და წინადღეს სამუშაოს დამთავრების შემდეგ, მეუღლესთან სერიოზული კონფლიქტი მოსვლია. იმ დღეს პატრულიც კი გამოუძახია ქალს. მეორე დღეს ქმარი მასთან სახლში მისულა, რადგან ბელა მარტო ეგულებოდა და შელაპარაკების დროს დანით დაუჭრია. მუცელში აქვს ჭრილობა მიყენებული. როგორც ჩანს, მათ შორის კონფლიქტი დიდი ხანია, იყო და ამიტომ დაშორდნენ საბოლოოდ ერთმანეთს. მიზეზები გამოძიებით გაირკვევა", - მითხრა ბატონმა ილია ჩიკვაიძემ.

მოკლულის ოჯახის წევრებს მომხდარზე საუბარი არ სურთ. ბელას ძმისშვილსაც დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა:

"ისედაც ყველაფერი გეცოდინებათ, არაფრის თქმა არ გვინდა ამ თემაზე, თავი დაგვანებეთ. რა უნდა გითხრათ ისეთი, რაც თქვენ არ იცით?.. უნდა გავთიშო ტელეფონი. მხოლოდ ეს დაწერეთ, რომ უმაღლესი სასჯელი მიეცეს დამნაშავეს და ძალიან გვინდა, იქნებ ბავშვებს ვინმე დაეხმაროს. მეტს ვერაფერს გეტყვით", - გვითხრა ბელას ძმისშვილმა, თამუნამ და ტელეფონი გაგვითიშა.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული. მოკლული ძამსაშვილი ექსპერტიზის შემდეგ გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში, დედის სახლში გადაასვენეს და 11 მარტს, მშობლიურ სოფელში დაკრძალეს.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ