ისრაელმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. როგორც მთავრობის სხდომიდან გამოსულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას სურს სასიხარულო ამბავი შეატყობინოს საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ეხება ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს მოქალაქეების ორდინალური ან ჩვეულებრივი პასპორტებით 90 დღემდე უვიზოდ შესვლის საკითხს.
"რამდენიმე წუთის წინ ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრმა დაურეკა პრემიერს. მოგეხსენებათ, იგი გახლდათ მისი ყოფილი კოლეგა და სწორედ პრემიერის მიერ 2013 წლის ნოემბერში, როდესაც ის ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად, ისრაელის სახელმწიფო აუქმებს ვიზებს 90 დღემდე, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც იქ მიემგზავრებიან ჩვეულებრივი პასპორტით", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.