რატომ გააუქმა სააკაშვილმა გადადგომამდე ატომური სადგურის მშენებლობის აკრძალვა?

რატომ გააუქმა სააკაშვილმა გადადგომამდე ატომური სადგურის მშენებლობის აკრძალვა?

"მწვანეთა პარტია" საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს, რომელიც პარლამენტში 17 მარტს შევა. გაჩეჩილაძის განცხადებით, "ჩვენ გვსურს, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების კანონში დაბრუნდეს ის მუხლი, რომლის მიხედვითაც საქართველოში ატომური სადგურების მშენებლობა იყო აკრძალული. ეს აკრძალვა მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით. ჩვენ აქტიურ სეისმურ ზონაში ვიმყოფებით. ფუკუსიმას მაგალითმაც გვაჩვენა, რომ აქტიურ სეისმურ ზონებში ატომური სადგურების მშენებლობა არის მოსახლეობის გენოციდისა და ქვეყნის განადგურების ტოლფასი. ავარიის შემთხვევაში, ქვეყნის არსებობას დაესმება წერტილი. ამის მაგალითი არის ჩერნობილი".

გაჩეჩილაძის თქმით, ატომური სადგურის მშენებლობის აკრძალვა "ქართულ ოცნებას" 2012 წლის საარჩევნო პროგრამაში მკაფიოდ ჰქონდა გაწერილი, თუმცა ხელისუფლებაში მოსულმა პარტიამ ეკოლოგიასთან დაკავშირებული პროგრამის ნაწილი ამ დრომდე არ მოიყვანა სისრულეში.

"ალია" კომენტარისთვის პარლამენტარსა და მერობის კანდიდატს, გია გაჩეჩილაძეს დაუკავშირდა:

- ბატონო გია, ეს მუხლი ვინ და რა მიზეზით ამოიღო?

- "მწვანეთა პარტიამ" 1993 წელს გავაკეთეთ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ კანონი. სხვათა შორის, უნდა გითხრათ, რომ საერთაშორისო დონეზე ამას ძალიან კარგი რეაქცია მოჰყვა, იმიტომ რომ იმ კანონით ჩვენ, ფაქტობრივად, ყველაფერი ავკრძალეთ: რადიაციული ნარჩენის ექსპორტი, ბირთვული ტექნოლოგიების შემოტანა, ტრანზიტი, საერთოდ ყველაფერი აიკრძალა და ფაქტობრივად, საქართველო მსოფლიოში გამოჩნდა, როგორც ბირთვული და რადიაციული თვალსაზრისით უსაფრთხო ქვეყანა.

მარტის ბოლოს პრემიერ-მინისტრი მიემგზავრება ჰააგაში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე. ეს არის უდიდესი ფორუმი, რომელშიც მონაწილეობს 5 ათასამდე დელეგატი, 58 სახელმწიფოს პირველი პირი და 3 ათასი ჟურნალისტი. ამას ოფიციალურ მონაცემებს გეუბნებით და რამხელა ტრიბუნაა საქართველოსათვის, სადაც შეიძლება ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდეს და თქვას, როგორც ეს 1993 წელს მოხდა, რომ საქართველო არის უბირთვო ზონა, ყოველგვარი ატომური და რადიაციული იარაღის ტექნოლოგიებისგან. ეს არის ძალიან კარგი მესიჯი საზოგადოებისთვის და მთელი მსოფლიოს კაცობრიობისთვის. რაც შეეხება მუხლის ამოღებას, 2012 წელს, ერთი კვირით ადრე, სანამ სააკაშვილი სამიტზე წავიდოდა, პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება და ატომური აკრძალვის მუხლი ამოიღო კანონიდან. სააკაშვილი 2007 წელს პარიზში ჩავიდა, იქ ფარული მოლაპარაკებები აწარმოა ერთ-ერთ დიდ კომპანიასთან, რომელიც მსოფლიოში ატომურ სადგურებს აშენებს. ისინი ფარულად შეთანხმდნენ, რომ საქართველოში აშენდებოდა დაახლოებით ჩერნობილისა და ფუკუსიმას სიდიდის ატომური სადგური, რომლის ღირებულება უნდა ყოფილიყო 4 მილიარდ ევრომდე. ამ კომპანიას მაშინაც და ახლაც პრობლემები ჰქონდა, რადგან ატომური სადგურების მშენებლობა პრობლემაა, საზოგადოება ყველგან ეწინააღმდეგება და უჭირთ ხოლმე ნაკვეთების მიღება. შენ რომ ჩადიხარ და სთავაზობ, შენს ქვეყანაში ააშენოს ატომური სადგური, იქ "ატკატი" დაახლოებით 5-დან 10%-მდეა. ახლა იანგარიშეთ 4 მილიარდიდან რამდენი გამოდის "ატკატი". ჩვენ ეს შემთხვევით გავიგეთ ჩვენი ფრანგი მგეობრებისგან და ავტეხეთ ერთი ამბავი ამასთან დაკავშირებით.

- ფიქრობთ, პარლამენტი, თქვენს კანონპროექტს მხარს დაუჭერს? უმრავლესობა რომ დატოვეთ, განაცხადეთ, იმიტომ წამოვედი, რომ ჩვენს ინიციატივებს არ ითვალისწინებდნენო.

- კანონპროექტი პრაქტიკულად მზად მაქვს, ცოტა რედაქტირება სჭირდება, შევიტან პარლამენტში და იმედი მაქვს, რომ მიიღებენ. იმიტომ მაქვს მიღების იმედი, რომ ჩვენ როცა პარლამენტში შევედით, "ქართულ ოცნებას", გარემოს დაცვის წინასაარჩევნო პროგრამა ჰქონდა, იქ გარემოს დაცვის ნაწილში პირდაპირ წერია, რომ აიკრძალება ატომური სადგურების მშენებლობა საქართველოში. ჩემი წინადადება ემთხვევა "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამას და როგორ არ დაუჭერენ მხარს? როცა სახელმწიფოებრიობისთვის მნიშვნელოვანი საკითხი დგება, რომელიმე საგარეო იმიჯს ასწევს და მოსახლეობის უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს, მე იმედი მაქვს, რომ მხარს დამიჭერენ და თუ არ დამიჭერენ, მაშინ კიდევ ერთხელ მოუწევთ იმის თქმა, რომ არღვევენ წინასაარჩევნო დაპირებებს. მე უმრავლესობიდან ხომ გამოვედი, ვარ დამოუკიდებელი, თავისუფალი ადამიანი, თუმცა ძალიან კარგი ხალხია უმრავლესობაში, ჩემი მტრები არ არიან.

- წინასაარჩევნო დაპირებებში ისიც იყო, რომ გიგანტური ჰესები აღარ უნდა აშენებულიყო, რომელიც მერე ხელისუფლებაში მოსულ "ოცნებას" "დაავიწყდა".

- სხვათა შორის, იმ მუხლში წერია ამ გიგანტური ჰესების საკითხი, სადაც ატომურ სადგურებზეა საუბარი. გიგანტურთან დაკავშირებით რაღაც სირთულეებია. ცნება "გიგანტური", საერთაშორისო პრაქტიკაში არ არსებობს, მით უმეტეს საქართველოში. შეიძლება გიგანტური ელექტროსადგური აჭარისთვის სხვა იყოს, სვანეთისთვის სხვა და კახეთისთვის სხვა. ჩვენ ვეძებთ კრიტერიუმს, რომლითაც დავადგენთ, რეგიონებისთვის რომელი იქნება საფრთხის შემცველი და რომელი შეიძლება ჩაითვალოს გიგანტურად, საშუალოდ და მცირედ.

- ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ სადაც დიდი ფულია, იქ "ქართულ ოცნებას" დაპირებები ავიწყდება...

- არა, მანდ სხვა პრობლემაა. სააკაშვილის მიერ დატოვებული მემორანდუმებია ესენი და ფულებია გადახდილი, ესაა პრობლემა. მანდ სიფრთხილეა საჭირო, ამიტომ ისე უნდა გაკეთდეს და ისე უნდა შევაჩეროთ ეს მშენებლობა, ხუდონჰესზე მაქვს პირველ რიგში აქცენტი, რომ საერთაშორისო სკანდალი არ გამოვიწვიოთ. ხელშეკრულებები არსებობს და იმის უხეშად დარღვევა საერთაშორისო არბიტრაჟში საჩივარს ნიშნავს.

ჟანა ასანიძე

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა