ახალგორის ქართულ სკოლებში ისტორიას ცხინვალში გამოცემული სახელმძღვანელოებით შეასწავლიან

ახალგორის ქართულ სკოლებში ისტორიას ცხინვალში გამოცემული სახელმძღვანელოებით შეასწავლიან

ახალი სასწავლო წლიდან სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო განათლების სამინისტრო ახალგორის ქართულ სკოლებში ცხინვალში ქართულ ენაზე გამოცემულ ისტორიის წიგნებს შეიტანს. მათში ახალგორის სკოლებში ისტორიის სწავლების ახალი კურსი შევა, სადაც რუსეთი "ოკუპანტად" და "აგრესორად" წარმოჩენილი აღარ იქნება. როგორც "რეზონანსმა" ახალგორის ქართული სკოლის მასწავლებლებისგან შეიტყო, ისინი ამის შესახებ საქმის კურსში არიან.

"ახალგორის რაიონის ქართული სკოლების ისტორიის სახელმძღვანელოებში რუსეთი წარმოდგენილია როგორც აგრესორი და ოკუპანტი, საქართველო კი მსხვერპლად არის წარმოჩენილი. სწორედ ამიტომაც ახალი სასწავლო წლიდან მათ ახალი სახელმძღვანელოები ექნებათ ისევ ქართულ ენაზე", - აღნიშნულთან დაკავშირებით სწორედ ისეთი პოზიცია აქვს დე ფაქტო განათლების სამინისტროს, რომელიც ინტერნეტ-გამოცემა "კავკაზსკი უზელმა" გააჟღერა.

სახელმძღვანელოები რომელთა შეცვლაც იგეგმება, არის ასეთი პარაგრაფები "რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომი", "რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოში", "კავკასიაში რუსეთის გავლენის შედეგად საქართვლეოში არსებული სიტუაცია". ამ პარაგრაფებს ერთვის კარიკატურებიც.

ახალგორის ადმინისტრაციის ვიცე-ხელმძღვანელი ალექსანდრე ბარათაშვილი "კავკაზსკი უზელთან" საუბარში აცხადებს, რომ ახალგორის რაიონის 11 სკოლიდან 6 ქართულია, 5 ოსური. რაიონის ქართული სკოლის დირექტორის ნინო ამირანაშვილის თქმით, სკოლებში სახელმძღვანელოები თბილისიდან შემოდის.

"ქართულ სკოლაში პირველიდან 11 კლასამდე 55 მოსწავლე სწავლობს. სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობს. კადრებთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს, რადგან ყველა საგნის მასწავლებელი გვყავს", - უცხადებს ამირანაშვილი აღნიშნულ ინტერნეტ-გამოცემას. მისივე თქმით, მოსწავლეები 5 ენას სწავლობენ: ინგლისურს, გერმანულს, რუსულს, ქართულს და ოსურს. დირექტორი იმასაც აღნიშნავს, რომ ყველა ენა, გარდა ქართულისა, ისწავლება როგორც უცხოური.

სკოლის დირექტორი ირწმუნება, რომ სასწავლო გეგმასა და პროგრამებს ყოველწლიურად სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო განათლების სამინისტროსთან ათანხმებს.

ადგილობრივი ქალბატონი, რომლის შვილებიც ქართულ სკოლაში დადიან, "კავკაზსკი უზელ"-თან საუბარში ამბობს, რომ "ქართულ სკოლებში გამოსაშვები კლასი მეთერთმეტე კი არა, მეთორმეტეა. ჩემი გოგო მე-8 კლასშია, ბიჭი - მე-11-ში. სასწავლო წლის დამთავრების შემდეგ ფულს ვაგროვებთ იმისათვის, რომ თბილისში წიგნები ვიყიდოთ".

აღნიშნული სიტუაციის შესაცვლელად სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო განათლების სამინისტრო ახალი სასწავლო წლისთვის საჭირო ზომების მიღებას გეგმავს.

"ჩვენთვის ცნობილია, თუ როგორ და როგორი სახელმძღვანელოებით ასწავლიან ისტორიას ქართულ სკოლებში. ჩვენ ეს სახელმძღვანელოები უკვე ავკრძალეთ. მომავალი წლიდან კი სკოლებში შევა ისტორიის ახალი სახელმძღვანელოები ქართულ ენაზე, რომელიც სამხრეთ ოსეთში გამოიცემა", - აცხადებენ დე ფაქტო უწყებიდან.

ცხინვალი მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის "სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული სააგენტო სამხრეთ ოსეთის განვითარებისთვის" დირექტორი დინა ალბოროვა, რომელიც ქართულ-ოსური სამოქალაქო დაილოგების ძალიან ხშირი მონაწილეა, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ახალგორის მოსახლეობის ინტეგრირების პროცესი სამხრეთ ოსურ საზოგადოებაში არასწორი მიმართულებით მიმდინარეობს.

"ერთი ქვეყნისა და ტერიტორიის საზოგადოებაში სხვადასხვა ისტორიას სწავლობენ. საუბარია არა ენაზე; რომელ ენაზე ილაპარაკებს პირი - ეს მისი პირადი არჩევანია, მითუმეტეს, რომ ჩვენ ეთნიკური უმცირესობების უფლებები უნდა დავიცვათ...

"როცა ვსაუბრობთ ლენინგორის რაიონის მოსახლეობის ინტეგრირებაზე, აქ იგულისხმება არა მხოლოდ ქართველი, არამედ ოსი ეროვნების მოსახლეობაც, რომლებიც ორიენტირებულები არიან საქართველოსკენ.

"თუკი ჩვენი შვილების ერთი ნაწილი, რომლებიც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ცხოვრობენ, რუსი ჯარისკაცის სახეს შეისწავლიან, როგორც აგრესორს და ოკუპანტს, მეორე ნაწილი კი რუს სამხედროს უყურებს, როგორც სამხედრო აგრესიისგან დამცველს, ეს ყველაფერი სამომავლოდ იქნება კონფლიქტის გაღვივების არსებითი მიზეზი", - ამბობს დინა ალბოროვა.

მისივე მოსაზრებით, სახელმძღვანელოები არასწორი ისტორიით - ეს არის როგორც ცენტრალური, ასევე რაიონული ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომის ნაწილი. ალბოროვა მიიჩნევს, რომ ახალგორი-ცხინვალის იშვიათი საგზაო კავშირები, რაიონში არარსებული საჭირო სამედიცინო პირობები და სხვა მრავალი საკითხი, რაც ნორმალურ სოციალურ განვითარებას გულისხმობს, მიმართულია იქეთკენ, რომ "ახალგორში არსებული საზოგადოება მოწყვეტილია სამხრეთ ოსეთის დანარჩენ ნაწილებს".

ახალგორის ქართული სკოლის მასწავლებლები "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებენ, რომ ყოველივე ამის შესახებ მათთვის ცნობილია.

"დიახ, ამის შემოწმება, თუ როგორ ხდება ქართულ სკოლებში ისტორიის საგნის სწავლება, მართლაც იყო. მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში მართლაც არის რუსეთი წარმოჩენილი საკმაოდ არაკორექტულად, რაც იწვევს აქაური მმართველი ძალის (და არა მარტო მმართველი ძალის, ოსი ეროვნების მოსახლეობისაც) გაღიზიანებას.

"ამიტომაც დაიგეგმა ისტორიის სახელმძღვანელოს შეცვლა. მაგრამ რამდენად სწრაფად განხორციელდება ეს და ახალი სასწავლო წლიდან შემოიტანენ თუ არა ახალ სახელმძღვანელოებს ჩვენს სკოლებში, ეს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო განათლების სამინისტროზეა დამოკიდებული", - გვითხრა ერთ-ერთმა მათგანმა.

გააპროტესტებენ თუ არა აღნიშნულ ფაქტს ქართველი პედაგოგები, ამაზე არ საუბრობენ.

მარი ოთარაშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია