მაყაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი მოქალაქის მსუბუქ ავტომობილს მინა ჩაუმტვრიეს და მანქანაში ე.წ. "ლიმონკა" ჩაუგდეს. მანქანის მფლობელმა ჩამსხვრეული შუშა დილით აღმოაჩინა. ამ დროისათვის მაყაშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და კრიმინალისტები მუშაობენ. შემთხვევის ადგილზე ასევე იყო კინოლოგიური სამსახურიც.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მანქანის მფლობელმა ნოდარ თოფურიძემ განუცხადა, შემთხვევა, სავარაუდოდ, ღამით მოხდა. მისი თქმით, დილით, 9 საათისთვის აღმოაჩინეს, რომ მისი მსუბუქი ავტომობილის წინა მინა იყო ჩამსხვრეული, ხოლო მანქანაში ეგდო ასაფეთქებელი მოწყობილობა. თოფურიძის განმარტებით, მისთვის ამ დრომდე უცნობია, ე. წ. ლიმონკა იყო თუ არა ვარგისი, ის უკვე ექსპერტიზაზეა გადატანილი.
როგორც თოფურიძე აღნიშნავს, არც მას და არც მეზობლებს ღამით ხმაური არ გაუგიათ. მისთვის უცნობია, რა შეიძლება გამხდარიყო ამის მიზეზი.