პრემიერისთვის მინისტრების არაკომპეტენტურობაზე დასმულ კითხვას კახა კალაძემ უცნაური უწოდა

პრემიერისთვის მინისტრების არაკომპეტენტურობაზე დასმულ კითხვას კახა კალაძემ უცნაური უწოდა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მინისტრების არაკომპეტენტურობასთან დაკავშირებით გუშინ პრემიერ-მინისტრისთვის ერთ-ერთი სტუდენტის მიერ დასმულ კითხვას უცნაურს უწოდებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კახა კალაძემ განუცხადა, ზოგადად შეხვედრა საინტერესო იყო და დარწმუნებულია, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.

"რაც შეეხება გოგონას დასმულ შეკითხვას, ძალიან უცნაური კითხვა იყო, რადგან ამ გოგონას გადმოცემით, განათლების აზრი მდგომარეობდა იმაში, რომ პროფილური სამინისტროს ხელმძღვანელი უნდა იყოს ესა თუ ის პიროვნება. მე ამას ნამდვილად არ ვეთანხმები", - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე აზრით, თუ ადამიანი პროფესიონალია, მას, რა თქმა უნდა, აქვს ის თვისებრივი უნარი, უხელმძღვანელოს ამა თუ იმ დარგს და ეს, ნამდვილად არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

"კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როდესაც შეხვედრა დასრულდა, როცა რამდენიმე სტუდენტის განცხადება მოვისმინე და მე ვფიქრობ, ის გადაწყვეტილება რაც მიიღო პრემიერმა, ნამდვილად დროული იყო, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

გუშინ, თსუ-ში პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე სტუდენტმა, მარიამ ქობალიამ განაცხადა, რომ როდესაც ფეხბურთელს ხედავს ენერგეტიკის მინისტრად, შს მინისტრი როდესაც არ არის იურისტი, უჩნდება შეგრძნება, რომ განათლებას საერთოდ აზრი ეკარგება. სტუდენტმა პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვა - "კარგი ფილოსოფოსი, რომელსაც არანაირი განათლება არ აქვს სამედიცინო სფეროში, იქნება თუ არა კარგი ექიმი?".

"ეს კითხვა გამიჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ ვხედავ ფეხბურთელს ენერგეტიკის მინისტრად, ვხედავ, რომ შს მინისტრი არ არის იურისტი, გენერალური პროკურორს ვხედავ დამნაშავედ. უსამართლობის შეგრძნება მიჩნდება, რომ განათლებას საერთოდ აზრი ეკარგება", - აღნიშნა სტუდენტმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით კი, მინისტრები ეფექტურად მუშაობენ.

"თქვენ მინისტრების კომპეტენტურობის საკითხი დააყენეთ. არ ვიცი როგორ გიპასუხოთ. მე მგონი, ეფექტურად მუშაობენ ეს ადამიანები და თუ რაიმე კითხვები აქვს ვინმეს, სიამოვნებით მოვისმენ", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა