როგორ იყენებდნენ და იყენებენ პიარს ქართველი პოლიტიკოსები?

როგორ იყენებდნენ და იყენებენ პიარს ქართველი პოლიტიკოსები?

"სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტს დატოვებს, როგორც საქართველოს ჯორჯ ვაშინგტონი, რადგან მან უხელმძღვანელა დემოკრატიაში გადასვლას რეგიონში, სადაც არჩეული ლიდერები ძალიან ხშირად დიქტატორები ხდებიან" - ეს სტრიქონები რამდენიმე თვის წინ, გავლენიან ამერიკულ გამოცემაში, "უოლ-სტრიტ ჯორნალში"დაიბეჭდა. დასავლურ პრესაში გამოქვეყნებული მსგავსი სტატიები საქართველოში არაერთხელ გამხდარა ცხარე კამათის საგანი: საზოგადოება მსჯელობდა და მსჯელობს, - რა იყო ეს, - ჟურნალისტის პირადი მოსაზრება თუ დაქირავებული ლობისტური ჯგუფების მუშაობის შედეგი?

ფაქტია, რომ წინა ხელისუფლება პიარს ძალიან კარგად იყენებდა და ამას ვერავინ უარყოფს. თავიანთ ოპონენტებს "ნაციონალები"არაერთგზის გაუკრიტიკებიათ პიარში დახარჯული მილიონების გამო, რადგან ლობისტური მომსახურება მთელ მსოფლიოში საკმაოდ ძვირია. ქართველ საზოგადოებაში ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ პიარის მხრივ ახლანდელი ხელისუფლება მოიკოჭლებს და ამ მიმართულებით "ნაციონალები"გაცილებით უკეთ მუშაობდნენ. ამ თემაზე პიარის ექსპერტი, ელდარ პირმისაშვილი გვესაუბრება:

- წინა ხელისუფლება პიარის მეთოდებს მართლა კარგად იყენებდა, ზოგჯერ გადაჭარბებითაც კი, რაც საზოგადოების გაღიზიანებასაც იწვევდა. მით უმეტეს, რომ მათი პიარი ხშირად რეალობას იყო აცდენილი: თუ ადამიანი მხოლოდ ლაპარაკობს და შედეგი არ ჩანს, რასაკვირველია, მას ხალხი აღარ დაუჯერებს, თუმცა პიარი ხშირ შემთხვევაში მიზანს მაინც აღწევს.

- ეთანხმებით მოსაზრებას, რომ "ქართული ოცნება"პიარს ისე კარგად არ თუ ვერ იყენებს, როგორც "ნაციონალური მოძრაობა"?

- ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, რომ ახალი მთავრობა არ იყენებს ამ ხერხს. საქმე ის გახლავთ, რომ ახალი ხელისუფლება დააკვირდა სიტუაციას, რომელიც ქვეყანაში დახვდა, დააკვირდა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის განწყობას, კრიტიკულად გააანალიზა წინა მთავრობის გამოცდილება და პიარის აქტიურად გამოყენება საჭიროდ აღარ მიიჩნია. თუმცა, ამ ერთ წელიწადში "ქართული ოცნების"წარმომადგენლები მიხვდნენ, რომ პიარიც საჭირო ყოფილა თუნდაც იმისთვის, რომ ხელისუფალმა ხალხს ინფორმაცია მიაწოდოს. იქ, სადაც არ არსებობს ინფორმაცია, ჩნდება ჭორები, ჭორი კი ამახინჯებს სინამდვილეს და ხელს უშლის მის აღქმას. ახალი მთავრობა თანდათან მიხვდა, რომ რეიტინგი დაუვარდება, თუ პიარ-საშუალებებს არ გამოიყენებს და ძალიან ზომიერად, მაგრამ ნელ-ნელა უკვე დაიწყო ამ ხერხის გამოყენება. ვფიქრობ, ეს პროცესი მომავალში უფრო გააქტიურდება, რადგან საარჩევნო პერიოდი ახლოვდება. აქვე უნდა ვთქვა: აქტიური პიარი არ გულისხმობს მხოლოდ მედიასაშუალებების გამოყენებას, აქ იგულისხმება პირდაპირი და არაპირდაპირი პიარიც - შეხვედრების ორგანიზება, ამ შეხვედრებზე მესიჯებისა და სხვადასხვა ტიპის აქტივობის გამომზეურება და ა.შ. სხვათა შორის, ძველ მთავრობას ეს ყველაფერი კარგად გამოსდიოდა და სისტემაში ჰქონდა მოყვანილი.

- ბატონო ელდარ, უნდა ვაღიაროთ, რომ ქართველმა საზოგადოებამ ძნელად მიიღო ახალი პრეზიდენტის იმიჯი: გიორგი მარგველაშვილი დღემდე იშვიათად ჩნდება მედიაში, ზედმეტად არ აქტიურობს და არც ყურადღების მიპყრობას ცდილობს. წამგებიანი ხომ არ არის მისთვის ეს პოზიცია?

- ახალმა პრეზიდენტმა მართლაც შეიქმნა იმიჯი, რომელიც სააკაშვილისგან მკვეთრად განსხვავებულია, ის ზედმეტად არ აქტიურობს და მეტ-ნაკლებად მოკრძალებულია. მარგველაშვილმა ეს თავიდანვე განსაზღვრა და საკუთარი პიროვნებისადმი ინტერესი არ გაამძაფრა, რაც წინა პრეზიდენტისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიციაა. თავიდან ამან საზოგადოება გააკვირვა, მაგრამ თანდათან მაინც შეეჩვია აზრს, რომ მარგველაშვილი სააკაშვილისაგან თვისებრივად განსხვავებული პრეზიდენტია. თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრეზიდენტის იმიჯის შექმნაზე თავიდან სხვებმაც იმუშავეს: ყველაზე აქტიურად კი - ბიძინა ივანიშვილმა. თითქოს პოლიტიკოსები გვეუბნებიან, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი არ იქნება ისეთი აქტიური, როგორიც სააკაშვილი იყო. შეიძლება, ეს იმიტომაც ხდება, რომ პრეზიდენტის როლი ქვეყანაში თანდათან დაიკლებს, ხოლო პრემიერის - გაიზრდება. შესაბამისად, ამ პერსონებმა კონკურენცია არ უნდა გაუწიონ ერთმანეთს.

- რა როლი ეკისრება მედიას ამა თუ იმ პიროვნების ან პროცესის "გაპიარების"დროს?

- მედია ამ საქმეში ძალიან დიდ როლს ასრულებს, ვინაიდან ის არის მედიატორი საზოგადოებასა და ორგანიზაციებს შორის. როდესაც ამა თუ იმ პროცესში მედიაც არის ჩართული, მასში მთელი საზოგადოება ერთვება და ინფორმაციის ხალხთან მიტანა უფრო იოლდება. შესაბამისად, ძალზე მნიშვნელოვანია გამოიყენონ ის მედიასაშუალებები, რომელთა სანდოობის ხარისხიც მაღალია. "ნაციონალები"ამ ხერხს შეუდარებლად იყენებდნენ. პიარისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო ის, თუ რას ვამბობთ, არამედ რას ვაკეთებთ და რა შედეგს ვიღებთ. ასევე მნიშვნელოვანია, როცა საკუთარ თავს ჩვენ კი არ ვაქებთ, არამედ სხვა, დამოუკიდებელი წყარო გვაქებს, - უმჯობესია, ეს იყოს პოპულარული გაზეთი, ჟურნალი ან ტელევიზია. ლობისტები ამ ტიპის სამუშაოში სოლიდურ თანხას იღებენ. მაგალითად, ამ ცოტა ხნის წინ სირიის საკითხის გამწვავების გამო ვლადიმირ პუტინმა ამერიკულ ლობისტურ კომპანიას კოლოსალური თანხა გადაუხადა - დაახლოებით 200 მილიონ დოლარამდე. რუსეთში ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ამ თემაზე აშშ-ის მოსახლეობის აზრი შეცვლილიყო და მიზანს მართლაც მიაღწიეს. საერთოდ, პიარი ძალიან მნიშვნელოვანი იარაღია იმისათვის, რომ ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ საზოგადოებრივი აზრი შეიცვალოს და ცუდი ამაში არაფერია. ლობისტური ჯგუფები მუშაობენ, შეხვედრებს მართავენ, სიუჟეტებს ამზადებენ, სტატიებს წერენ, რაც მიზნად მათთვის სასურველი შედეგის მიღწევას ისახავს. თუმცა ბუნებრივია, რომ გადაჭარბებული არაფერი ვარგა და მათ შორის - ზედმეტი პიარიც.

- არჩევნები ახლოვდება. ამ ეტაპზე როგორ იყენებენ პიარის ხელოვნებას "ნაციონალები"და "ქართული ოცნება"?

- ამ ეტაპზე ქართველი პოლიტიკოსები პიარს აქტიურად არ იყენებენ, მაგრამ არჩევნები მართლაც მოგვიახლოვდა და ეს მეთოდი აუცილებლად დასჭირდებათ. არჩევნებამდე გარკვეული იმიჯის შექმნა პოლიტიკოსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, რომ პოლიტიკოსის მოვალეობაა საზოგადოების ინფორმირება არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ საგარეო ასპარეზზე. მათ უცხოელ პარტნიორებს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია, რა ხდება ქვეყანაში, რა რეფორმები მიმდინარეობს, ვინ არის ამ რეფორმების მომხრე თუ მოწინააღმდეგე და ა.შ. ძალზე მნიშვნელოვანია ამ პროცესში ექსპერტების ჩართვაც. პიარი ერთ-ერთი სერიოზული და მძლავრი იარაღია საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად.

- თუმცა ოქტომბრის არჩევნების დროს "ქართულ ოცნებას"სერიოზული პიარ-კამპანია არც დასჭირვებია, ისე გაიმარჯვა.

- სხვათა შორის, 2013 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე "ქართულმა ოცნებამ"აქტიურად მიმართა ცნობილი სახე­ების გამოყენების მეთოდს, რომელიც მთელ მსოფლიოში აპრობირებულია და კარგად მუშაობს, გამოიყენეს პიარის სხვა მეთოდებიც. ერთი სიტყვით, პიარის ხელოვნებას ეს მთავრობაც მიმართავს, მაგრამ გაცილებით ზომიერად და დაფიქრებულად იმიტომ, რომ იცის: ჩვენს საზოგადოებას ცოტა არ იყოს, მტრული დამოკიდებულება აქვს პიარზე თანხის დახარჯვაზე. მაგრამ ხალხმა არ უნდა დაივიწყოს, რომ ამა თუ იმ ქვეყნის, პოლიტიკური პარტიისა თუ მთავრობის იმიჯის შექმნას ყოველდღიური საქმიანობა სჭირდება და ლობისტური კომპანიები სწორედ ამაზე არიან ორიენტირებული. საქართველოში არჩევნებისთვის მზადების პერიოდია, ამიტომ ჯერჯერობით რთულია შევაფასოთ, რა და როგორ იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ ორივე მხარე ემზადება და ალბათ რამდენიმე კვირაში უკვე რეალური კამპანიაც დაიწყება. ამ კამპანიის დროს თავისთავად გამჟღავნდება, რომელ პოლიტიკურ დაჯგუფებას რა მესიჯი აქვს, ვის რა გეგმები და შეხედულება აქვს ქვეყნის მომავალზე. ჩვენც ობიექტურად უნდა შევაფასოთ ეს მესიჯები.

- ბატონო ელდარ, ერთმანეთთან დაპირისპირებულ ქვეყნებში მოქმედი პიარ-კომპანიებიც თანამშრომლობენ ერთმანეთთან?

- ზოგჯერ ასეც ხდება. ამიტომ, დიდი ლობისტური ჯგუფები ყოველთვის იცავენ კონფიდენციალობას და თავიანთ იმიჯს უფრთხილდებიან. არც ერთ მათგანს არ სურს, თუნდაც დიდი თანხის ფასად შეილახოს იმიჯი იმიტომ, რომ მათ ისედაც მილიარდობით დოლარის შემოსავალი აქვთ. სერიოზული კომპანია თავიდანვე ხელს არ მოჰკიდებს ისეთ შეკვეთას, რომელსაც ვერ შეასრულებს. საწყისი ეტაპიდანვე მიმდინარეობს შეთანხმება იმაზე, თუ რა იქნება და როგორ... არც ერთი სერიოზული ლობისტური ჯგუფი არ მოჰკიდებს ხელს საეჭვო საქმეს: დავუშვათ, სთხოვენ, რომ ერთ თვეში მოახერხოს საზოგადოებრივი აზრის შეცვლა, კორექტირება. ასეთ დაკვეთაზე ყველა უარს იტყვის, მაგრამ თუ დამკვეთს გონივრული მოთხოვნები აქვს, მაშინ შეთანხმება იოლი ხდება. ეს გამოვლინდა სირიის საკითხშიც: ამერიკამ თავი შეიკავა შეიარაღებული დაპირისპირებისგან იმიტომ, რომ რუსეთის მიერ დაქირავებულმა ლობისტურმა ჯგუფებმა ძალიან კარგად იმუშავეს. ამიტომ, სირიაში არ გამეორდა ის, რაც ერაყში მოხდა. ამ კონფლიქტის თავიდან აცილება ნაწილობრივ პიარ-საშუალებების დახმარებითაც მოხერხდა.

- ცნობილია, რომ პიარს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოსთვისაც. როგორ იყენებს მას საქართველო?

- დიახ, ასეა და ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო ხანებში სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებში ჩვენი ქვეყანა უკანასკნელ ადგილებზე გადის, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პიარი შესუსტდა. სამწუხაროდ, მსოფლიოში ჩვენ შესახებ ბევრი ნეგატიური ინფორმაცია გადის, რასაც ხშირად პასუხსაც არ ვცემთ ხოლმე. თუ პიარ-საშუალებების გამოყენება გაიზრდება, ეს საქართველოსთვის ძალიან კარგი იქნება. უნდა შემუშავდეს სტრატეგია, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის იმიჯსაც აამაღლებს და მის ცნობადობასაც გაზრდის.

ხათუნა ჩიგოგიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა