"ორ ოთახიანი" კაბინეტიდან ავლაბრის რეზიდენციამდე - მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეში გადადის?

"ორ ოთახიანი" კაბინეტიდან ავლაბრის რეზიდენციამდე - მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეში გადადის?

ავლაბრის უპრეზიდენტო სასახლეს ისევ პრეზიდენტი ეპატრონება. ჯერ მხოლოდ ერთი დღით, თუმცა გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან ავლაბრის რეზიდენციისკენ პირი იბრუნა. 4 თვიანი სახელმწიფო მეთაურობის შემდეგ მთავარი პოლიტიკური ცენტრის ვადაგასულად გამოცხადების გადაწყვეტილება დროებით შეცვლილია, შესაბამისი წარწერაც ჩამოხსნილი - გაჩნდა იმედი, რომ რამდენიმემილიონიანი სასახლე მხოლოდ შალვა რამიშვილის და ლაშა აბაშიძის (სასახლეში პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები სხედან) სამუშაო შენობა აღარ იქნება...

ავლაბრის რეზიდენციას ფუნქცია და პრეზიდენტი (თუნდაც ერთი დღით) ომანის სასულთნოს, ირლანდიის, ავსტრალიის, სერბეთის, თურქმენეთის, ფილიპინებისა და მალტის არარეზიდენტი ელჩების წყალობით დაუბრუნდა. გიორგი მარგველაშვილი მის მიერ "ზედმეტად პომპეზურად" შეფასებულ სასახლეში დიპლომატების მიღების იძულებული გახდა - როგორც აღმოჩნდა,პრეზიდენტმა ელჩები მთავრობის ადმინისტრაციის მე-11 სართულზე მისთვის გამოყოფილ ორ ოთახში უბრალოდ ვერ დაატია... (ან როგორ დაატევდა მთელ 7 კაცს).

ასე რომ, პრეზიდენტი კი მობრუნდა, მაგრამ ფეხები ისევ პრემიერ-მინისტრის სამუშაო კაბინეტის ქვედა სართულზე მისთვის გამოყოფილი ორ ოთახში რჩება. მარგველაშვილი მედიასთან მკაფიოდ განმარტავს, რომ რამდენიმე ათეული კვადრატული მეტრისგან შემდგარი სივრცე პირადად მას ახლაც აკმაყოფილებს, უბრალოდ მასში პროტოკოლით და აუცილებელი ეტიკეტით გათვალისწინებულ ცერემონიებს ვერ ატევს... შესაბამისად, სანამ პროტოკოლი და ეტიკეტი იქნება (და სანამ ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის შედარებით მოკრძალებული ახალი სასახლის მშენებლობა დასრულდება) მარგველაშვილიც, როგორც ჩანს, ირბენს მის ამჟამინდელ "ორ-ოთახიან კაბინეტსა" და ავლაბრის რეზიდენციას შორის...

"7 ელჩის სიგელების მიღება, ბუნებრივია, ვერ განხორციელდებოდა იმ ორ ოთახში, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში მთავრობის ადმინისტრაციაში მიკავია. თავიდან ბევრად უფრო იოლად მეგონა, რომ მოხერხდებოდა ამ ტიპის ცერემონიალური საკითხების განხორციელება იმ სივრცეში, სადაც ვარ, მაგრამ ეს ასე არ არის", - "იმართლა" გიორგი მარგველაშვილმა გუშინ თავი მედიასთან და იქვე დაადასტურა, რომ სასახლეს და მის სივრცეს, რომელზეც მილიონები სწორედ იმ მიზნით დაიხარჯა, რომ მაღალი დონის ოფიციალური შეხვედრები ისე გაიმართოს, როგორც პრეზიდენტს შეეფერება, მომავალშიც გამოიყენებს...

არარეზიდენტი ელჩების გარდა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში გუშინ კიდევ ორი შეხვედრა გამართა – ჯერ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიიღო, შემდეგ საქართველოში ვიზიტით მყოფი რუმინეთის პრემიერ-მინისტრი. არც ერთ შემთხვევაში სასახლეში არსებული პრეზიდენტის კაბინეტით არ უსარგებლია. მეტიც არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, არც მეტი, არც ნაკლები, მისი ადმინისტრაციის უფროსის, ლაშა აბაშიძის კაბინეტში უმასპინძლა... სხვათაშორის, გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი "თავმდაბლობა" გუშინ კიდევ ერთი ჟესტით დაადასტურა – 10-15 წუთი ელოდა მასთან შეხვედრაზე მიწვეული არასამთავრობო ორგანიზაციების ზოგიერთ წარმომადგენელს, რომლებსაც პრეზიდენტთან აუდიენციაზე დააგვიანდათ...

პრეზიდენტი აშკარად უხერხულობას გრძნობს – შეცვლილი სიტყვის გამოც და იმიტომაც, რომ საზოგადოებამ ავლაბრის რეზიდენციაში მისი პერიოდული გადანაცვლება არ "მონათლოს" ისე, თითქოს მას (რომელიც პრეზიდენტობის პირველ დღეს სამსახურში ფეხით მივიდა) სახელმწიფო მეთაურობის მეოთხე თვეს უკვე აღეძრა ფუფუნებაში საქმიანობის სურვილი და მადა...

თუმცა, პრეზიდენტის შიშებს, ალბათ, საფუძველი არ აქვს – არც ავლაბრის რეზიდენციაშია რამე "განსაკუთრებულად პომპეზური" და მარგველაშვილიც, როგორი შეკვეცილი უფლებამოსილებებიც არ უნდა ჰქონდეს, ბოლოს და ბოლოს სტატუსით მაინც პრეზიდენტია...

ნინია სიხარულიძე, Ambebi.ge

იხილეთ ვიდეო: გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლისკენ "პირი იბრუნა"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა