სად გააგრძელებს საქმიანობას გიორგი თარგამაძე

სად გააგრძელებს საქმიანობას გიორგი თარგამაძე

მაგიდაზე ძალიან ბევრი სხვადასხვა ალტერნატივაა და ამ ალტერნატივებს შორის მომიწევს არჩევანის გაკეთება, - ამის შესახებ გიორგი თარგამაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება გაახმაურა.

შეკითხვაზე, თუ სად აპირებს საქმიანობის გაგრძელებას, თარგამაძემ უპასუხა, რომ არეალი საკმაოდ ფართოა.

"არჩევანი საკმაოდ ფართოა, დაწყებული საერთაშორისო ორგანიზაციებით, ბიზნესი, არასამთავრობო სექტორი (თუ დარჩა იქ ხელის მოსაკიდებელი ადგილი სადმე), მედია თავისთავად ცხადია, კომუნიკაციები და არაერთი ისეთი სფერო, სადაც ჩემთვის საინტერესო იქნება მუშაობა და გარკვეული სარგებლის მოტანა შემეძლება საზოგადოებისა და ქვეყნისათვის. არსებობს გარკვეული იდეები, მაგრამ სანამ საბოლოოდ არ ჩამოვყალიბდები, არ მინდა ამის თაობაზე წინასწარ საუბარი", - აღნიშნა გიორგი თარგამაძემ.

მისივე თქმით, თითქმის ყველა ჩამოთვლილი სფეროდან წინადადებები არსებობს და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არა აქვს.

ამასთან, გიორგი თარგამაძე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მიღებულ შედეგებს ასახელებს.

როგორც თარგამაძემ აღნიშნა, მათ პოლიტიკურ მოძრაობას ჰქონდა წარმატებული და ასევე საარჩევნო მარცხის პერიოდი.

გიორგი თარგამაძის თქმით, სადაც არ უნდა იყოს, მთავარი ქრისტიან-დემოკრატიული ღირებულებები, როგორიც არის ქვეყნის თავისუფლება, სამართლიანობა და ადამიანის თანადგომა მისი საქმიანობის მთავარი განმსაზღვრელი პრინციპები იქნება.

გიორგი თარგამაძემ "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტი დატოვა და აქტიური პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე განცხადება გააკეთა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა