დაახლოებით 30 წელია, რაც ქალბატონი ლია ესიტაშვილი საბავშვო ბაღის პედაგოგად მუშაობს. სხვათა შორის, აღსაზრდელები მას სახელით მიმართავენ, - ასე ქალბატონმა ლიამ ისურვა, რადგან სურს, რომ ბავშვები მასთან, როგორც თანატოლთან ურთიერთობისას, გახსნილები იყვნენ. ფიქრობს, - ჩვენ შორის ბარიერი თუ იქნება, პატარა არაკომფორტულად იგრძნობს თავს და შესაძლოა, გამიუცხოვდესო.
- ადამიანს, რომელიც პედაგოგობას აპირებს, პირველ რიგში, ბავშვები უნდა უყვარდეს. ამავდროულად, უნდა ჰქონდეს ორგანიზატორული ნიჭი, უნდა იყოს რეჟისორი, მუსიკოსი და მოცეკვავეც. თუმცა, ახლა ბაღში გამართულ ზეიმებს გართობის სახე უფრო აქვს, ადრე კი საათნახევრიან, ორსაათიან ნომრებს ვდგამდით. შეიძლება ითქვას, რომ ბავშვები ტერორში გვყავდა. ზეიმში ყველას უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ მშობლების მხრიდან საყვედურს მაინც ვიღებდით: ჩემს შვილს ეს როლი რატომ არ მიეცით, ეს ლექსი რატომ არ ათქმევინეთო და ა.შ.
- რამდენიმე წლის წინ სკოლამდელი აღსაზრდელების სწავლის მეთოდები შეიცვალა. შეგიძლიათ, თანამედროვე სწავლების დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბროთ?
- დადებითი მხარე არის ის, რომ ახლა ბავშვი არჩევანში გაცილებით თავისუფალია. ვთქვათ, ბავშვების ერთი ჯგუფი ხატავს, მეორე ჯგუფი კი დაკავებულია სხვა საქმით, მაგალითად: ძერწვით, ნივთზე დაკვირვებით ან უსმენენ მასწავლებელს, რომელიც მათ რაღაცას უკითხავს; თუ ასეთ დროს რომელიმე აღსაზრდელს არც ერთ საქმეში მონაწილეობის სურვილი არ ექნება, მას ძალას არავინ დაატანს და ის გააკეთებს იმას, რაც თავად სურს... თუმცა, ძალიან ცუდია, როცა ბავშვი არაფრის მიმართ არ იჩენს ინტერესს, რადგან ასეთ შემთხვევაში დიდია ალბათობა იმისა, რომ ის განათლების მხრივ, სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, ჩამორჩენილი იქნება.
- თქვენს მოვალეობაში ხომ შედის მისი რაღაცით დაინტერესება?
- როცა ბავშვი უყურადღებობას იჩენს, მას ძალას ვერ დავატან, მაგრამ ვეუბნები: ნუ გააკეთებ, მაგრამ უყურე, როგორ ვხატავთ და იქნებ მოგეწონოს-მეთქი.
- როგორც ვხვდები, რამდენიმე წლის წინ სავალდებული იყო, რომ ბავშვი ნებისმიერ სამუშაოში მაქსიმალურად ჩართული ყოფილიყო. ასეა?
- ეს იყო რამდენიმე წლის წინ კი არა, თითქმის საუკუნის წინ (იღიმის). უნდოდა თუ არა, სხვებთან ერთად უნდა მჯდარიყო და გაეკეთებინა ის, რაც სიამოვნებას კი არ ანიჭებდა, არამედ ტანჯავდა. ვფიქრობ, ეს ცუდად აისახებოდა ბავშვის ფსიქიკაზე. რატომ? - იმ პერიოდში ბავშვების ნამუშევრები ობიექტურად უნდა შეგვეფასებინა. ჰოდა, პედაგოგები ვამბობდით, რომ ვიღაცის ნახატი კარგი იყო, ვიღაცის - ცუდი, რაც ბავშვის განწყობაზე აისახებოდა. ახლა კი ყველა ნამუშევარზე ვამბობთ, რომ კარგია, ის აუცილებლად უნდა შევაქოთ, რის შემდეგაც ის საკუთარ თავში რწმუნდება, მისი თვითშეფასების უნარი მაღლა იწევს - ეს თანამედროვე აღზრდის მეთოდის დიდი პლუსია. ბავშვები დღეს გაცილებით მეტ თავისუფლებას გრძნობენ და საკუთარი აზრის გამოხატვას უკომპლექსოდ ახერხებენ.
- საბავშვო ბაღში მუშაობის დიდი სტაჟი გაქვთ. გარდა ბავშვების სიყვარულისა, ამ პროფესიის არჩევა რამ განაპირობა?
- ფარმაცევტულზე ვაბარებდი, მაგრამ ქულა დამაკლდა და ჩავიჭერი. მეორე წელს ახლობელმა მითხრა: მე გოგებაშვილში, პედაგოგიურზე ვაპირებ ჩაბარებას და იქნებ ბედი შენც ამ ფაკულტეტზე გეცადაო. ეს აზრი მომეწონა. გამოცდამდე 3 თვე იყო დარჩენილი, როცა ისტორიაში ბიცოლაჩემმა - ბელა მამულაშვილმა მომამზადა (ის ახლა სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორი და კათედრის გამგეა) და იმ წელს გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიურ სასწავლებელში ჩავაბარე. ბავშვები ყოველთვის მიყვარდა და ვიფიქრე, რომ ეს ჩემთვის საუკეთესო საქმე იქნებოდა. სწავლის პერიოდში ძალიან დავინტერესდი პედაგოგის პროფესიით.
- ფარმაცევტობაზე მხოლოდ იმიტომ აიცრუეთ გული, რომ პირველსავე ცდაზე არ გაგიმართლათ? ხომ შეგეძლოთ, მომდევნო წელსაც გეცადათ ბედი?
- როდესაც სკოლაში წილადებს გვასწავლიდნენ, ვიზარმაცე და არ ვისწავლე. ჰოდა, ფარმაცევტულზე ჩაბარების დროს ამოცანები ვერ ამოვხსენი და დაბალი ქულა ამიტომაც მივიღე. ვინაიდან მათემატიკაში ერთ წელიწადში ვერ მოვემზადებოდი და ვფიქრობდი, რომ ამ საგნის გამო ისევ ჩავიჭრებოდი, სასურველ ფაკულტეტზე ჩაბარების ოცნებას გამოვემშვიდობე. ეტყობა, ჩემი მოწოდება ბავშვებთან ურთიერთობა რომ იყო, ამასაც მივხვდი და იმ ერთ წელიწადში გადაწყვეტილება შევცვალე.
- ახლა გული ხომ არ გწყდებათ ამის გამო?
- არა. ჩემი საქმე ძალიან მიყვარს. ვფიქრობ, ბავშვების გარეშე უბრალოდ, ვეღარ ვიცხოვრებ. ბაგაში რომ მოდის ფაქტობრივად, უმწეო ბავშვი, რომელიც დედაზე იყო დამოკიდებული და ახლა შენ გეკრობა, რომელიც შენს ხელში ლაპარაკს, კოვზის დაჭერას, თვითმომსახურებას სწავლობს და წლების მერე რომ ფიქრობ, როგორი მოვიდა და ახლა როგორია, საოცარი გრძნობა გეუფლება. ყველაზე მეტად იცით, რა მიხარია? - როდესაც ჩემ მიერ გაზრდილი ბავშვები ქუჩაში მხვდებიან და ვერ ვცნობ, ისინი კი მაჩერებენ და თავიანთ სახელს, გვარს მეუბნებიან.
- არ გქონიათ შემთხვევა, როდესაც თქვენმა ყოფილმა აღსაზრდელმა გვერდი ისე აგიარათ, თითქოს ვერ გიცნოთ?
- როგორ არა, ასეთი შემთხვევაც ყოფილა. არ არსებობს პედაგოგი, რომელსაც ყველა ემადლიერება... ასეთ დროს ვფიქრობ, - მას ალბათ, რაღაც დავაკელი, რის გამოც ან ვერ დამიმახსოვრა, ან არ უნდა, რომ გამიხსენოს-მეთქი. საბედნიეროდ, მსგავსი რამ ხშირად არ ხდება. ზოგჯერ ეს უმადურობა ოჯახიდან მოდის.
- რას გულისხმობთ?
- შესაძლოა, მშობელს რაღაც არ მოეწონოს, ამაზე ოჯახში ილაპარაკოს, ეს კი მერწმუნეთ, ბავშვს აუცილებლად დაამახსოვრდება, შენთან მის ურთიერთობაზე გავლენას მოახდენს.
- აღსაზრდელების მშობლებთან კონფლიქტი ხშირად მოგდით?
- მხოლოდ ერთხელ ავყევი ადამიანს ჩხუბში და მაშინაც ვინანე. ვფიქრობ, არ უნდა ავყოლოდი მშობელს, რომელსაც ნერვები წესრიგში არ ჰქონდა.
- ალბათ ბევრს არ მოსწონს, როცა მის შვილს სჯით. ამის გამო ხშირად გსაყვედურობენ?
- ასეთი შემთხვევა იშვიათად, მაგრამ მქონია. მაგალითად, ამას წინათაც გავილანძღე. ერთ-ერთი აღსაზრდელი მთელი საათი ვერ გავაჩერე, თანატოლებს ბალიშებს ურტყამდა. ხან მივეფერე, ხან - დავუყვირე, მაგრამ არაფერმა რომ არ გაჭრა, კუთხეში დავაყენე. საერთოდ, დასჯის ასეთ ფორმას იშვიათად მივმართავ, რადგან ერთხელ პედაგოგმა მეც დამაყენა კუთხეში, კარადის უკან და მერე, სულ გადავავიწყდი. ასე რომ, კედელთან ვიყავი ატუზული მანამ, ვიდრე მეორე პედაგოგი არ მოვიდა და არ იკითხა: ეს რისთვის დასაჯეთო?.. კუთხეში რომ დავაყენე, დაახლოებით 2 წუთში მამამისიც მოვიდა და უშვერი სიტყვებით მლანძღა, ოღონდ, მას მერე, რაც შენობიდან გავიდა. თუმცა, ეს ამბავი მაინც გავიგე. მითხარით, როგორ მოვექცე ბავშვს, რომელიც აგრესიას ამჟღავნებს? ის სხვა აღსაზრდელებს არ უნდა გამოვარიდო?.. რა თქმა უნდა, შეიძლება რაღაც მეც შემეშალოს, ადამიანები ვართ და შეუცდომელი არავინ არის, მაგრამ საჭირო თუ გახდება, ბოდიშის მოხდაც არ მიჭირს.
- კიდევ, დასჯის რა მეთოდები გაქვთ პედაგოგებს?
- საერთოდ, კარგია ბავშვის კაპრიზების უგულებელყოფა. თუმცა, ეს მეთოდი ბაღში არ გამოიყენება. ამიტომ, როცა ვინმე აშავებს, გამომყავს, ცალკე ვსვამ სკამზე და შორიდან უყურებს თანატოლებს, რომლებიც ერთობიან. ზოგჯერ "ნამუსზე შეგდებაც" ჭრის: თუ რამეს გააფუჭებს, ვეუბნები, - მოგწონს შენი საქციელი? კარგია, ეს რომ გააფუჭე-მეთქი? ამხანაგს რამე თუ დაუშავა, ჩუმად, სხვებმა რომ ვერ გაიგონ, ვეუბნები: ახლა რაც შენ ამხანაგს გაუკეთე, სხვამ რომ გაგიკეთოს, მოგეწონება-მეთქი? ასეთ დროს უმეტესობა ჯერ ფიქრობს, მერე მპასუხობს, რომ არ მოეწონება და ცდილობს, დანაშაული აღარ გაიმეოროს.
- მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები გიყვართ და მათთან ურთიერთობა არ გიჭირთ, წონასწორობა არასდროს დაგიკარგავთ?
- ასეთი რამ არ მახსენდება. როცა ვხვდები, რომ მათ ვერ ვიმორჩილებ, ტაშის დაკვრას ვიწყებ. სექტემბერში აღსაზრდელები რომ მოდიან, მათ პირველ რიგში, ვუხსნი: როცა ტაშს დავუკრავ, ჩემთან უნდა მოხვიდეთ, არ მაყვიროთ-მეთქი. ყველა ცდილობს, ამ წესს დაემორჩილოს. თუ ვინმე ტაშს ვერ გაიგონებს, ამხანაგები ეუბნებიან, - მასწავლებელი ტაშს უკრავს, გაჩერდიო (იღიმის).
- ყოფილა თუ არა შემთხვევა, როცა თქვენი აღსაზრდელი დაზიანდა?
- დაზღვეული არავინ არაფრისგან არ ვართ. ხიფათი შესაძლოა, უკვე ზრდასრულებსაც შეგვემთხვეს ან სულაც, ბავშვი სახლში ყოფნისას დაზიანდეს. ასეთ დროს მთავარია, ეს ამბავი ბავშვის მშობელს სწორად მიაწოდო და დაზიანების შემდეგ აღსაზრდელს შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდეს. და კიდევ, მთავარია, შედეგი კატასტროფული არ იყოს.
- ამ წლების მანძილზე ხომ არ გყავდათ ისეთი აღსაზრდელი, რომელმაც განსაკუთრებულად დაგამახსოვრათ თავი?
- ასეთი ბევრი ბავშვი იყო, მაგრამ გავიხსენებ ხათუნა ჯიქიძეს, რომელმაც ძალიან გამაკვირვა. მაშინ დროებით მასწავლებლად ვმუშაობდი და გამოსაშვები ზეიმის ორგანიზატორობა უნდა მეთავა. დავდგით ცეკვა "ციგანკური". ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ ხათუნას "შპაგატში" ჯდომა შეეძლო და გავიფიქრე, - ეს უნდა გამოვიყენო-მეთქი. ზეიმზე ბავშვებმა "ციგანკური" შეასრულეს, ნომერი კი ხათუნამ "შპაგატში" ჩაჯდომით დაასრულა. მისი წყალობით ულამაზესი ნომერი გამოგვივიდა... იყო კიდევ ერთი ბავშვი, ანა კილაძე, რომელიც ახლა დაახლოებით, მერვე კლასშია. ბაგაში მოიყვანეს. ლამაზი, ძალიან საყვარელი იყო, მაგრამ მე არ მეკარებოდა. გამუდმებით აღსაზრდელების ფსიქოლოგთან - ქალბატონ გულიკოსთან უნდოდა ყოფნა. ერთხელაც, რომ არ შეეშვა და განძრევის უფლებაც არ მისცა, ქალბატონმა გულიკომ საჭიროდ ჩათვალა, რომ მას უნდა გაჯავრებოდა. ანას მისი ხმამაღლა ნათქვამი სიტყვა ისე ეწყინა, რომ იმ დღის მერე მე მომეწება, ფსიქოლოგს კი ემალებოდა. ბავშვი - ეს გამოუცნობი ფენომენია. არ იცი, რა დროს რას მოიმოქმედებს. ის ყველაფერს სპონტანურად აკეთებს. არის შემთხვევები, როცა ბავშვმა უფრო მეტი იცის ამა თუ იმ საკითხის შესახებ, ვიდრე მე.
- ადრე ბაღში პატარებს წერა-კითხვას ასწავლიდნენ, ახლა კი ამბობენ, რომ ეს მიუღებელია. რატომ?
- იმიტომ, რომ მერე პირველკლასელს გაკვეთილზე ჯდომა უჭირს, ინტერესი ეკარგება, რადგან ის, რასაც ასწავლიან, უკვე იცის. თუმცა, ბავშვი ამის სურვილს თავად თუ გამოთქვამს, ხელი არ უნდა შეუშალო. წეღან ანა კილაძეზე გიამბეთ: 4 წლის იყო, როცა კითხვა დამოუკიდებლად ისწავლა. ჰოდა, როცა სხვა ბავშვები ცელქობდნენ ან როცა მათ რაიმეს ვუკითხავდი და არ მისმენდნენ, ანას ვთხოვდი, თანატოლებისთვის ზღაპარი წაეკითხა. სხვათა შორის, ბავშვებს ძალიან მოსწონდათ მისი მოსმენა.
- შეგიძლიათ, თქვენი პირველი აღსაზრდელები დღევანდელებს შეადაროთ?
- მათ შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ახლანდელები თავისუფლებას არიან მიჩვეული, მაშინ კი რეჟიმში უწევდათ ცხოვრება. ახლა იციან, რა უნდათ და რისი გაკეთება არ სურთ, მაშინ კი შედარებით მორჩილები იყვნენ; ახლა უფრო მეტად განვითარებულები არიან და აქვთ უამრავი საშუალება იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღონ. მაშინ სულ 4-5 სატელევიზიო არხი არსებობდა, ახლა კი ცალკეა საბავშვო არხები, ცალკე კომპიუტერით იღებენ ცოდნას, ცალკე - უამრავი ლიტერატურა აქვთ. აბა, სად გვქონდა ამდენი და ასეთი ლამაზყდიანი წიგნები?.. მახსოვს, 90-იან წლებში საზღვრები რომ გაიხსნა და ხალხმა ქვეყნის ფარგლებს მიღმა დაიწყო გასვლა, ბავშვები ბაღში ლაპარაკობდნენ დოლარზე, ყიდვაზე და გაყიდვაზე.
- ბავშვები ხშირად გიყვებიან ოჯახის ამბებს?
- ხშირად არა, მაგრამ როცა რაიმე ფაქტით აღტყინებული არიან, რაღაც ძალიან უხარიათ ან სწყინთ, ამას ვერ ფარავენ. როცა ბავშვი რაღაცას გიყვება, ის არ უნდა შეაჩერო, თორემ მეორედ შენთან ლაპარაკის სურვილი არ გაუჩნდება. აი, საუბარში თუ აჰყვები, ეს ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებს.
- რატომ არის აუცილებელი, რომ ბავშვმა ბაღში იაროს?
- პირველ რიგში, საბავშვო ბაღში სწავლობენ თანატოლებთან ურთიერთობას. წლების წინ უცხოელებმა ასეთი გამოკვლევა ჩაატარეს: გამოკითხეს ის სტუდენტები, რომლებიც თავის დროზე ბაღში დადიოდნენ და ისინიც, რომლებიც პირდაპირ სკოლაში მიიყვანეს მშობლებმა. აღმოჩნდა, რომ ბაღგამოვლილები უფრო მეტად კონტაქტურები, გახსნილები იყვნენ. ისინი ადამიანებთან ურთიერთობისას უფრო მეტად თბილები არიან და გაგებით ეკიდებიან სხვების გასაჭირსა თუ ლხინს.
- თუმცა დამეთანხმებით, რომ პირიქითაც ხდება... თუ აღმოგიჩენიათ აღსაზრდელში ისეთი ნიჭი ან თვისება, რომლის შესახებაც მისმა მშობელმა არაფერი იცოდა?
- როგორ არა! წლების წინ ბავშვისთვის რაღაც უნდა წაგვეკითხა და მერე მიგვეცა დავალება, რომ რომელიმე პერსონაჟი დაეხატათ. ერთხელ გარეულ ცხოველებზე გვქონდა თემა და მათ ვთხოვე, ფურცელზე ვეფხვი გამოესახათ (5-6 წლის ასაკის ბავშვების ჯგუფი იყო). საერთოდ, ბავშვებს უჭირთ ფანქრით ხატვა, მაგრამ ერთმა გოგონამ - რუსიკო გერგიშვილმა ნახატი რომ მიჩვენა, გავოცდი. თავადაც ვერ შევძლებდი ვეფხვის ასე კარგად დახატვას. დედამისს ვუთხარი, - შვილს ყურადღება მიაქციეთ, ხატვის ნიჭი აქვს-მეთქი. გაუკვირდა და გაეცინა. მერე მაინც მიიყვანეს სამხატვრო სკოლაში. დღესდღეობით ის გოგონა მინანქარზე მუშაობს და ულამაზეს ნაკეთობებს ამზადებს.
- ამ 30 წლის განმავლობაში პროფესიული არჩევანი ერთხელაც არ გინანიათ, თუნდაც მატერიალური თვალსაზრისით?
- ლარი რომ შემოვიდა, პირველ თვეებში ჩემი ხელფასი 3 ლარს შეადგენდა, ამ თანხით კი მხოლოდ 2 პურის ყიდვა შეიძლებოდა. მერწმუნეთ, მაშინაც არ მინანია, ცხოვრება სხვისი ბავშვების აღზრდას რომ დავუკავშირე. მომავალს ყოველთვის იმედის თვალით ვუყურებ.
- რას ურჩევთ მშობლებს?
- კარგად შეისწავლონ საკუთარი შვილი და გაიგონ, რა მისწრაფებები აქვთ. მესმის, ძნელია სამსახურიდან დაღლილი შინ რომ მიხვალ, დრო შვილთან თამაშსაც დაუთმო, მით უმეტეს, საოჯახო საქმეებიც არ მოაკლდებათ, მაგრამ აუცილებელია, პატარას დღეში ნახევარი საათი მაინც დაუთმონ, მასთან ერთად გააკეთონ ის, რისი სურვილიც მათ შვილს ექნება. შეეცადონ, მისი ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილონ. დედასთან ურთიერთობა შვილისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ერთ მაგალითს მოგიყვანთ: წლების წინ პრესაში წავიკითხე, რომ ამერიკაში ჩაატარეს კვლევა, 7 თვის ფეხმძიმე ქალს, ვიდრე ჩვილი დაიბადებოდა, ყოველდღე უკითხავდნენ ერთსა და იმავე ზღაპარს. როდესაც ბავშვი დაიბადა, მშობლებს მისთვის ამ ზღაპრის წაკითხვა აუკრძალეს. როდესაც პატარამ ლაპარაკი დაიწყო, იმ ზღაპარს ჰყვებოდა, რასაც მუცლადყოფნის პერიოდში უკითხავდნენ. ასე რომ, ბავშვს დედის მუცელში ყოფნის დროსაც კი უკვე ყველაფერი ესმის, ყველაფერს გრძნობს, იმახსოვრებს.
- დაბოლოს, კიდევ რამის თქმა ხომ არ გსურთ?
- ძალიან მინდა, ადამიანებმა პედაგოგის შრომა დააფასონ. ერთი რამ მტკენს გულს და აუცილებლად უნდა გითხრათ: ზოგჯერ, პარლამენტის სხდომაზე ერთი დეპუტატი მეორეს რომ მიმართავს, - რა ხდება, აქ საბავშვო ბაღი ხომ არ გგონიაო? დავიჯერო, საბავშვო ბაღში პედაგოგები აღსაზრდელების მოსავლელად ენერგიას რომ ვხარჯავთ, ამდენ ენერგიას ისინი ხარჯავენ თავიანთი საქმის მოსაგვარებლად? ბაღი არავის ხელწამოსაკრავი არ არის! ხშირ შემთხვევაში, საბავშვო ბაღი უფრო მეტად მოწესრიგებულია, ვიდრე პარლამენტი. ვფიქრობ, ვისაც ბაღში უვლია, ის ასეთ რამეს უბრალოდ, ვერ იტყვის... და კიდევ, ერთი თხოვნა მაქვს: ბავშვს ისე შეხედეთ და დაელაპარაკეთ, როგორც თანატოლს. ამ შემთხვევაში, მისგან უამრავი სასიამოვნო სიურპრიზი გელით, თქვენს პატარას კი ამით თვითშეფასების უნარი აუმაღლდება.
ლიკა ქაჯაია
(გამოდის ხუთშაბათობით)