დავით უსუფაშვილი - პარლამენტს როლანდ ახალაიას პასუხისგებაში მიცემის საკითხის განხილვის კონსტიტუციური უფლებამოსილება არ გააჩნია

დავით უსუფაშვილი - პარლამენტს როლანდ ახალაიას პასუხისგებაში მიცემის საკითხის განხილვის კონსტიტუციური უფლებამოსილება არ გააჩნია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  დავით უსუფაშვილი როლანდ ახალაიას პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტის წევრ როლანდ ახალაიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე პარლამენტის თანხმობის საკითხის სამართლებრივი გარემოებების შესწავლის შემდეგ  გაირკვა, რომ:

"ა) საქართველოს პარლამენტს არ გააჩნია როლანდ ახალაიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საკითხის განხილვის კონსტიტუციური უფლებამოსილება (კონსტიტუციის 52-ე მუხლი) და სამართლებრივი პროცედურები (პარლამენტის რეგლამენტი, კანონი პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ);

ბ) საქართველოს მთავარ პროკურორს არ გააჩნია პარლამენტის წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების შესაძლებლობა პარლამენტის თანხმობის გარეშე (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე და 169-ე მუხლები);

გ) ამგვარი სამართლებრივი კოლიზიის შედეგად, პარლამენტის წევრს პრაქტიკულად აბსოლუტური იმუნიტეტი ენიჭება - შეუძლებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, მიუხედავად დანაშაულის სიმძიმისა და მტკიცებულებათა უტყუარობისა;

დ) აღნიშნული აბსურდული ვითარების მიზეზია 2010 წლის სექტემბერში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე და 169-ე მუხლებში შეტანილი ცვლილება (ინიციატორები პ. კუბლაშვილი და ლ.თორდია), რამაც კანონის დონეზე აღადგინა ის ინსტიტუტი, რომელიც 2004 წლიდან გაუქმებული იყო კონსტიტუციის დონეზე. ირკვევა ისიც, რომ აღნიშნული საკითხი არანაირი ფორმით არ ფიგურირებდა კანონპროექტში არც ინიცირების და არც პირველი მოსმენით მიღების დროს და პროექტს ჩაემატა მეორე მოსმენის დროს, რაც საკანონმდებლო პროცესის უხეში დარღვევაცაა.

შექმნილ ვითარებაში გადავწყვიტე, მივმართო პარლამენტის ბიუროს, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს კანონპროექტის ინიცირება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2010 წელს შეტანილი კონსტიტუციის საწინააღმდეგო ცვლილების დაჩქარებული წესით გასაუქმებლად, რაც საქართველოს მთავარ პროკურორს საშუალებას მისცემს, ხელოვნური და არაკონსტიტუციური სამართლებრივი დაბრკოლებების გარეშე, განახორციელოს თავისი უფლებამოსილება; მათ შორის, როლანდ ახალაიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საკითხში. რაც შეეხება პარლამენტის წევრის იმუნიტეტს, იგი ამომწურავადაა განსაზღვრული საქართველოს კონსტიტუციით (პარლამენტის თანხმობა დაკავებაზე, დაპატიმრებაზე, ჩხრეკაზე) და განუხრელად იქნება დაცული საქართველოს პარლამენტის მიერ" ,-ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა