შიდსით დაავადებული ქალის სულისშემძვრელი ინტერვიუ - ძლიერი სიყვარულის მსხვერპლი

შიდსით დაავადებული ქალის სულისშემძვრელი ინტერვიუ - ძლიერი სიყვარულის მსხვერპლი

მას შემდეგ, რაც ჟურნალ "გზაში" აივ-ინფიცირებული პაციენტების უფლებების დარღვევებსა და დისკრიმინაციის შემთხვევებზე მასალა დაიბეჭდა, სოციალურ ქსელში არაერთი აივ-დადებითი პირი გამომეხმაურა. ისინი თავიანთ ამბებს და მათი, როგორც პაციენტების უფლებების შელახვის ფაქტებზე მწერდნენ. ბევრი მათგანი "ფეისბუკზე" გამოგონილი გვარ-სახელით მწერდა, ზოგს კი ვინაობის გამხელისგან თავი არ შეუკავებია. 36 წლის მარიკამ (როგორც მისი, ისე სხვა მოქმედ პირთა სახელები შეცვლილია) კი ჩემთან შეხვედრა ისურვა და საკუთარი ამბავი გულახდილად გამიზიარა.

- რატომ გადაწყვიტე ჩემთან საუბარი? მე ხომ შენთვის უცხო ადამიანი ვარ.

- შემძრა თქვენმა პუბლიკაციამ და მომინდა, ჩემი ამბავიც გცოდნოდათ. შესაძლოა, ამის შემდეგ საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გავხდე, მაგრამ რა ვქნა, გული ტკივილს და სათქმელს ვერ იტევს... დასავლეთ საქართველოდან ვარ. შეძლებულ ოჯახში ვიზრდებოდი. ჩემი საზრუნავი სწავლა და სიბეჯითე იყო. გარეგნობით გამორჩეული ვიყავი. თითქმის ყველა თანაკლასელ ბიჭს ვუყვარდი, მაგრამ ჩემთვის სწავლა იყო მთავარი. გეგმებიც დაწყობილი მქონდა: სკოლის დამთავრება და თბილისში უმაღლესი განათლების მიღება. ასეც მოხდა. პირველსავე წელს სტუდენტი გავხდი. დედაქალაქში გაუთხოვარ მამიდასთან ვცხოვრობდი. კარის მეზობელმა თავისი ძმა, თამაზი გამაცნო. ის უკვე წარმატებული ბიზნესმენი და გარეგნობითაც წარმოსადეგი ვაჟკაცი იყო. მოვეწონე და მითხრა: ჩემი ცოლი უნდა გახდეო. ამ ფრაზამ გამაბრაზა და სასტიკი უარი ვუთხარი... ვიცოდი, მისი და ლამაზ-ლამაზ გოგონებს არჩევდა ძმისთვის, მაგრამ თამაზი არავის იკარებდა. მეც არაფრად ვაგდებდი მას, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს გემოვნებაში ჯდებოდა. სხვათა შორის, თამაზიც ჩემი რაიონიდან იყო. ამ ბიჭმა იმდენი მოახერხა, რომ ჩემს მშობლებს დაუახლოვდა და ბიზნესი დააწყებინა. ახლა უკვე დედ-მამა მიჩიჩინებდა, მის ცოლობაზე რომ მეფიქრა... რაღაც პერიოდი თამაზი ჩემი თვალსაწიერიდან ქრებოდა, მერე გამოჩნდებოდა და მე, მისი და, საერთო მეგობრები მანქანით სასეირნოდ მივყავდით, ეს სეირნობა კი აუცილებლად, რესტორანში ქეიფით მთავრდებოდა. ერთხელაც, ჯვარზე ავედით. ღვთისმშობლის ხატთან სანთელი ავანთე და დედა მარიამს ვთხოვე, ჩემთან ღირსეული ადამიანი მოსულიყო, რომელსაც სიყვარულით დავუკავშირებდი ბედს. ამ დროს გვერდით თამაზი დამიდგა და სანთელი აანთო, მერე ჩემს გასაგონად წარმოთქვა ღვთისმშობლის ლოცვა. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ თამაზი სულ სხვა თვალით დავინახე. თუმცა მისთვის არაფერი მიგრძნობინებია... დრო გადიოდა. თამაზი პერიოდულად იკარგებოდა და ეს გაუჩინარება გაუსაძლისი გახლდათ ჩემთვის, მაგრამ სიამაყე უფლებას არ მაძლევდა, საკუთარ გრძნობებში გამოვტყდომოდი. ერთხელაც, საღამოს დამირეკა. წვიმდა. მთხოვა, - შემხვდი, მანქანით გავისეირნოთო. სიხარულით ცას ვეწიე. მანქანაში მაგნიტოფონი ჩართო. რომანტიკულმა მელოდიამ გრძნობები უფრო მეტად ამიშალა. ვხვდებოდი, რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ვერ ბედავდა. ჰოდა, თავად გავბედე: იქნებ მითხრა, რისი თქმაც გსურს. ვხვდები, რომ უთქმელობით იტანჯები-მეთქი.... მცირე პაუზის შემდეგ ჩურჩულით მითხრა, რომ მისი ცხოვრების არსი ვიყავი, მაგრამ არაფერი გამოვიდოდა, რადგან აივ-ინფიცირებული იყო. დავინახე, ცრემლები როგორ ჩამოუგორდა. ჯერ გავშრი, მერე ავღრიალდი და მოვეხვიე. პირობა მივეცი, რომ მისი ცოლი გავხდებოდი.

- შეუღლდით?

- ბევრჯერ სცადა, ჩემგან წასულიყო, მაგრამ ახლა თავად აღარ ვაძლევდი გაშორების უფლებას. სიგიჟემდე შემიყვარდა. თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. 1 წლის შემდეგ დავქორწინდით. მაშინ 24 წლის ვიყავი. ვფიქრობდი, რომ ჩემზე ბედნიერი არავინ იყო.

- რამდენ ხანს გაგრძელდა თქვენი ბედნიერება?

- ერთად თითქმის წელიწადი ვიყავით. სქესობრივი კონტაქტი დაცული გვქონდა. ველოდით ექიმი-ინფექციონისტების რეკომენდაციას და მკურნალობის კურსის დასრულებას, რათა მედიკამენტების საშუალებით ვირუსი მინიმუმამდე შემცირებულიყო და ბავშვის ყოლაზე გვეზრუნა. თუმცა, მოხდა ისე, რომ თამაზმა, ნასვამ მდგომარეობაში, დაუცველი გზით რამდენჯერმე, ნაძალადევად დაამყარა ჩემთან კონტაქტი. ამ დროს ამბობდა, რომ შვილის ყოლის სურვილი ჰქონდა და დიდად ვერც ვეწინააღმდეგებოდი... ზამთარი იყო. ერთხელად გაცივდა და ვინაიდან დასუსტებული იმუნიტეტი ჰქონდა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

- თუ გითხრა, თავად როგორ დაინფიცირდა?

- ამბობდა, - სამხედრო სავალდებულო სამსახურის დროს საერთო სამართებლით ვიპარსავდით წვერსო, მაგრამ მგონია, რომ სინამდვილეში, ვიღაც ქალისგან გადაედო. ის თავის დროზე ქალების მოყვარული გახლდათ, მისი გარეგნობა და ფული ბევრს იზიდავდა.

- მერე როგორ განვითარდა მოვლენები?

- შიდსის ცენტრში მივედი, სისხლი ჩავაბარე, მაგრამ პასუხებს არ მივაკითხე. იმ დროს ისე ვიყავი ფსიქოლოგიურად, რომ მერჩივნა, მოვმკვდარიყავი, თან - ქვეცნობიერად სავალალო შედეგის შიშიც მქონდა. გარდაცვლილი ქმრის ოჯახთან 1 წელი ვიცხოვრე. ეს იყო ტრაგიკული პერიოდი. დღე და ღამე გოდება, ტირილი არ მომკლებია. ერთი წლის შემდეგ მშობლებთან დავბრუნდი. დავიწყე მუშაობა, მაგრამ ჩემთვის ცხოვრება დასრულებული იყო! კლასელები ხშირად მაკითხავდნენ: ხან თბილისში ვიკრიბებოდით, ხანაც - რაიონში. როგორც უკვე გითხარით, მოსწავლეობის პერიოდში ბევრს ვუყვარდი, მათ შორის, თანაკლასელის დეიდაშვილ ლევანს. ისიც ჩემი რაიონიდან იყო. წარსულში მის მიმართ ნამდვილად არ მქონია არანაირი გრძნობა. როცა გაუგია, - გათხოვდაო, თავადაც მოუყვანია ცოლი, ოღონდ - უსიყვარულოდ. ჰოდა, როცა უკვე დაქვრივებულს ყოფილი კლასელები მაკითხავდნენ, ლევანიც მათთან ერთად მოდიოდა. ასე გაგრძელდა 2 წელი. ვატყობდი, ჩემ მიმართ სხვანაირ ყურადღებას იჩენდა, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი.

- მისი ცოლი არ ეჭვიანობდა?

- როგორც კი ლევანმა სახლში დაგვიანებები დაიწყო, მისმა ცოლმა დაიწყო გამოკითხვა, სად და ვისთან დადიოდა. ჯერ სკანდალები მოუწყო, შემდეგ კი ოჯახის შესანარჩუნებლად, მესამე შვილიც გაუჩინა. მე კი საშინელი ჭორები დამიყარა რაიონში, ქუჩის ქალად და უკანასკნელ მეძავად შემრაცხა. სკანდალები და მამაჩემის ოჯახში მივარდნები ტრადიციად აქცია. მამამ კატეგორიულად ამიკრძალა ლევანთან ურთიერთობა. შეურაცხყოფილი ვიყავი, რადგან იმ ადამიანის საყვარლად მაცხადებდნენ, ვისთვისაც ნაკოცნიც არ მქონდა. ისე გავმწარდი, რომ ერთხელაც, ლევანი სახლიდან გავაგდე და მოკითხვაც კი ავუკრძალე, მაგრამ ამ ამბიდან ორი კვირის შემდეგ მივხვდი, რომ მიყვარდა. 5 წლის შემდეგ ისევ მეწვია სიყვარული, მაგრამ მაღელვებდა ის ფაქტი, რომ არ ვიცოდი, აივ-ინფიცირებული ვიყავი თუ - არა. ეტყობა, ლევანმაც ვერ გაუძლო ამ ორკვირიან განშორებას. მესიჯი მომწერა, - მანქანით სადმე გავისეირნოთო. ვუპასუხე, - ჩემთან ამოდი-მეთქი. მალე მოვიდა და მასთან სარეცელი გავიზიარე. მაშინ ვფიქრობდი, რომ ამ საქციელით ლევანის ცოლს ჩემი უსაფუძვლო შეურაცხყოფისთვის სამაგიერო გადავუხადე. მას მთელი 2 წელი მალულად ვხვდებოდი. მისი ცოლი ისტერიკებსა და სკანდალებს არ ერიდებოდა, მაგრამ ამას არც მე ვაქცევდი ყურადღებას და არც - ლევანი, რადგან ისინი უკვე გაშორებულები იყვნენ. მერე აივ-ტესტის ჩატარება გარდაუვალი გახდა. მიზეზი, რის გამოც ექიმთან მივედი, აუტანელი თავის ტკივილი იყო, რომელსაც არანაირი ტკივილგამაყუჩებელი არ მიამებდა. ამას დაერთო პერიოდულად, გულის წასვლაც.

ლეიკოენცეფალოპათია დამიდგინდა. ექიმმა მითხრა: ასეთი დაავადება ან ხანდაზმულ ადამიანებს ემართებათ, ან... - და აღარ დაუმთავრებია. აი, მაშინ მივხვდი, რომ ცუდად იყო ჩემი საქმე. შიდსის ცენტრში მივედი. ექიმმა დანახვისთანავე მიცნო და მითხრა, რომ წლების განმავლობაში მეძებდნენ, მკურნალობა რომ დამეწყო. ანალიზებმა კატასტროფული მდგომარეობა უჩვენა.

- ლევანს ანალიზის შედეგები გა­უმხილე?

- სახლში ცოცხალ-მკვდარი მივედი, თან - სინდისი მქენჯნიდა. 2 დღე და ღამე ხმას ვერ ვიღებდი. იმ პერიოდში ლევანი უკვე ჩემთან ცხოვრობდა. ჰოდა, გადაირია კაცი. ჩამაცივდა, - მითხარი, რა გჭირსო? დიდი ძალისხმევა დამჭირდა საიმისოდ, რომ სიმართლე მეთქვა. მეგონა, გამიბრაზდებოდა, ჩხუბს დაიწყებდა, მაგრამ შევცდი, - მთელი ძალით ჩამიხუტა გულში, თითქოს ვინმე ჩემს თავს ართმევდა და ალერსიანად მითხრა: შეგაშინეს, ჩემო პატარავ, მერე და მე რისთვის ვარ შენთანო?!. ხმამაღლა ავტირდი და ვგრძნობდი, უკვე აღარაფრის მეშინოდა. მერე მშვიდად მითხრა, - ჩემთვის მთავარი სიყვარულია. ადრეც ვეჭვობდი, რომ აივ-ინფიცირებული იყავიო.

- ასეთი ეჭვი რატომ გაუჩნდა?

- როგორც აღვნიშნე, მეც, ლევანიც და თამაზიც ერთი და იმავე რაიონიდან ვართ. თამაზის გარდაცვალების რეალური მიზეზი მაინც გამჟღავნდა... დილით ლევანმა გამაღვიძა და მთხოვა, მოვწესრიგებულიყავი. მერე ჩამსვა მანქანაში და შიდსის ცენტრში მიმიყვანა. თავადაც ჩააბარა ანალიზები და ისიც აივ-დადებითი აღმოჩნდა. დავიწყეთ მკურნალობა. შედეგმა არ დააყოვნა, მალე იმუნიტეტმაც აიწია და უკვე შესაძლებლობა მოგვეცა, შვილი გაგვეჩინა. ახლა უკვე ორი შვილი გვყავს; უფრო სწორად: მე ორი შვილი მყავს, ლევანს - ხუთი. ექიმების დაკვირვების ქვეშ ვართ და ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში მიდის. უფლის წყალობით, ბავშვები ჯანმრთელები დაიბადნენ. ხშირად დავდივართ ეკლესიაში, მოძღვარიც გვყავს. ჩვენმა საუკეთესო მეგობრებმა და მშობლებმაც იციან ჩვენი დიაგნოზი. მშობლებს თავიდან გაუჭირდათ ამ ფაქტთან შეგუება, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგად არის.

- ლევანის მშობლებს როგორი ურთიერთობა აქვთ შენთან?

- თავიდან არ მიმიღეს. მერე, როცა შვილები გაგვიჩნდა და ლევანიც თბილი, მოსიყვარულე გახდა ყველას მიმართ, მიხვდნენ, რომ მათი შვილი ბედნიერი იყო და შემირიგდნენ... მინდა, ყველა აივ-დადებითს ვუთხრა, რომ ეს სტატუსი ცხოვრების დასასრული არ არის. გოდების ნაცვლად, შეეცადეთ, დატკბეთ სიყვარულით და ზოგადად, ცხოვრებით, სიცოცხლით... ყველაფერი უფლის ხელშია. მთავარია, თავად იყო წრფელი საკუთარ გრძნობებში და მუდამ კარგი მოგეცემა. ეს დაავადება სასიკვდილო არ არის. მთავარია, მოუარო თავს, გაითვალისწინო ექიმის რეკომენდაციები და ყველაფერი ნელ-ნელა მოგვარდება.

გიორგი ბერიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია