ახალაიამ არც კი იცოდა, ვინ ჩაცხრილა" - ნავთლუღის სპეცოპერაციის დეტალები

ახალაიამ არც კი იცოდა, ვინ ჩაცხრილა" - ნავთლუღის სპეცოპერაციის დეტალები

ძმები ახალაიების სახელი, გირგვლიანის მკვლელობის გარდა, სხვა ნაკლებად გახმაურებულ მკვლელობებთანაც ასოცირდება. ერთ-ერთია 2006 წლის 12 იანვარს დათა ახალაიას ხელმძღვანელობით ჩატარებული სისხლიანი სპეცოპერაცია, რომლის დროსაც უმოწყალოდ ჩაცხრილეს სამი ახალგაზრდა: 21 წლის რომან სურმანიძე, 17 წლის შოთა გორგაძე და 23 წლის მარად ართმელიძე (ამ ამბიდან ძალიან მალე, 28 იანვარს, მოკლეს სანდრო გირგვლიანიც).

უმოწყალოდ ჩახოცილი ახალგაზრდები მაშინ საშიშ დამნაშავეებად გამოაცხადეს. ოფიციალური ვერსიით, რუსთავის #1 დაწესებულებაზე თავდასხმას და პატიმრების გაქცევის მოწყობას გეგმავდნენ, რის შესახებაც კუდ-ში შეტყობინება შევიდა. ამის საფუძველზე კი ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. ბიჭებს 10-11 ტყვია ჰქონდათ მოხვედრილი...

2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე, კუდ-იდან მნიშვნელოვანმა ინფორმაციამ გამოჟონა, - ეს არის სკანდალური ვიდეომასალა, სადაც სპეცოპერაციის ადგილზე ავტომატიანი დათა ახალაია გურამ დონაძეს ელაპარაკება. ორივეს სახეზე ღიმილი დასთამაშებს. ახალაია ხსნის ავტომატს და დაბლა (სავარაუდოდ, მიწაზე გართხმულ ახალგაზრდას) უშვერს, დონაძე გვერდზე ხტება, რომ შემთხვევით ტყვია არ მოხვდეს.

21 წლის რომან სურმანიძის ოჯახის წევრებმა ამ საქმის საინტერესო დეტალები გვიამბეს.

შოთა სურმანიძე, რომან სურმანიძის ბიძა: - ვიდეომასალაში არ ჩანს, ვის უმიზნებს ახალაია, მაგრამ მითხრეს, რომ მან კმაყოფილი სახით პირდაპირ თავში დაუმიზნა ჩემს ძმისშვილს... მართლა ტერორისტი რომ ყოფილიყო რომანი, განა დამნაშავის დასჯისთვის სხვა მეთოდები არ არსებობდა?! არადა, მთელ ციხისძირში იციან, თუ როგორი წესიერი და მშრომელი ბიჭი იყო. რატომღაც გამოძიება არ დაინტერესდა მასზე ინფორმაციის მოძიებით. მეტსაც გეტყვით, ახალაიამ არც კი იცოდა, ვინ ჩაცხრილა და, ალბათ, ამას მისთვის მნიშვნელობაც არ ჰქონდა.

- როგორ გაიგეთ ამ უბედურების ამბავი?

- ტელევიზიით გამოაცხადეს, სამი ახალგაზრდა რუსთავის სასჯელაღსრულების #1 დაწესებულებაზე იერიშს გეგმავდა და სამივე ლიკვიდირებულიაო. ამ სამიდან მხოლოდ რომანის გვარი გამოაცხადეს, რადგან მას ჯიბეში პირადობის მოწმობა ედო. დანარჩენი ორის ვინაობა დაუზუსტებელი იყო. ვიფიქრეთ, იქნებ სახელი და გვარი ემთხვევა, სად ჩვენი რომანი და სად სპეცოპერაცია-მეთქი. ამ დროს ეზოს რომანის ატირებული ბაბუა მოადგა, ჩვენი რომანი მოკლესო...

ოთარ სურმანიძე, რომან სურმანიძის მამა: - ეგ ამბავი რომ მოხდა, ბათუმში ვიყავი, ჩემმა დამ დამირეკა, სასწრაფოდ თბილისში ხარ წასასვლელი, შენმა შვილმა და მისმა მეგობრებმა იჩხუბეს და ახლა პოლიციაში არიანო. სასწრაფოდ წავედით დედაქალაქში. მეგონა, ჩემს სიძეს ავტომობილით პოლიციაში მივყავდი და უცბად მორგში აღმოვჩნდი. თავდაპირველად, ჩემი შვილის ცხედარს გადახადეს სუდარა... მითხრეს, ბიჭებმა ცეცხლი გახსნეს, ამიტომ გახდა საჭირო მათი ლიკვიდაციაო. ვერ დავიჯერე. ჯერ ერთი, ბიჭებს ტყავის მოკლე ქურთუკები ეცვათ, იმხელა ავტომატებს, რასაც გამოძიება მიუთითებდა, ვერაფრით დამალავდნენ,…მეორე, რა ესაქმებოდათ ავტომატებით ნავთლუღის ავტოსადგურში, თუკი რუსთავის ციხეზე თავდასხმას გეგმავდნენ? თუკი მართლაც ტერორისტი იყო ჩემი შვილი, როგორ მოხდა, რომ არავინ გადაამოწმა, ჩემთან იმალებოდა თუ არა იარაღი?! თუ ბიჭებმა ცეცხლი გახსნეს, ნუთუ არავინ დაზარალდა?! იქვე ვთქვი, თუკი ვინმეა ჩემი შვილის ნასროლი ტყვიით დაჭრილი, მანახეთ, მოვუვლი-მეთქი, მაგრამ იქ დაზარალებული მხოლოდ ჩაცხრილულთა ოჯახის წევრები ვიყავით. გადმოვაბრუნე ჩემი ბიჭის ცხედარი და რომანის ხელებს რომ დავხედე, ავტირდი, თურქეთში დადიოდა სამუშაოდ, თავი რომ ერჩინა, ჩაის კრეფდა. ოფიციალური ვერსიით კი ეს სამი ბიჭი ბოლო სამი თვის განმავლობაში ციხეს ემსახურებოდა, სადაც თურმე შეისწავლეს სიტუაცია და რუსთავის #1 დაწესებულებაზე თავდასხმა დაგეგმეს, არადა, ჩემი შვილი 20 დეკემბრამდე თურქეთში იყო, ამას ადასტურებს საბაჟოს გადმოკვეთისას მის პასპორტში ჩარტყმული ბეჭედიც.

- მერე ეს არ თქვით?

- როგორ არა, მაგრამ ვის უნდოდა ამ ყველაფრის გაგება? პასპორტი საერთოდ გააქრეს. სპეცოპერაცია ხალხმრავალ ადგილას ჩატარდა და არსებობენ თვითმხილველებიც - იქვე ავტოგასამართი სადგურია, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს. ღამის მორიგესაც ველაპარაკე და სხვებსაც, მაგრამ შეეშინდათ სიმართლის თქმის. პირად საუბარში კი მითხრეს, რომ სამივე დაჩოქილი, ხელებაწეული ევედრებოდა სპეცრაზმელებს, არ მოგვკლათო. მათ კი უმოწყალოდ ჩაცხრილეს. შემდეგ გაპრიალებული იარაღი დაუყარეს გვერდით. კადრშიც ჩანს, სისხლიანი და მტვრით სავსე ცხედრების გვერდით ის გაპრიალებული იარაღები.…

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ