შემოსავლების სამსახური "თი-ვი-ემ-არ საქართველოს" დაჯარიმების თაობაზე დამატებით განმარტებას გააკეთებს

შემოსავლების სამსახური "თი-ვი-ემ-არ საქართველოს" დაჯარიმების თაობაზე დამატებით განმარტებას გააკეთებს

ტელეკომპანიების რეიტინგის დამთვლელი კომპანია "თი-ვი-ემ-არ საქართველოს" 800 ლარით დაჯარიმების თაობაზე შემოსავლების სამსახური, სავარაუდოდ, დამატებით განმარტებას გააკეთებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყების პრესსამსახურის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა განუცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან დიდი ინტერესია და შემოსავლების სამსახური, სავარაუდოდ, დღის განმავლობაში თავის პოზიციას კიდევ ერთხელ განმარტავს.

ამასთან, როგორც მოისწრაფიშვილი აცხადებს, შემოსავლების სამსახური კანონის დაცვით მოქმედებს. მისივე თქმით, ინფორმაციის ნაწილი, რომელსაც კანონი საგადასახადო საიდუმლოების კვალიფიკაციას ანიჭებს, არის ჩვეულებრივად დაცული კანონმდებლობის შესაბამისად და იქნება დაცული. მოისწრაფიშვილის თქმით, არანაირი დოკუმენტი, რომ შემოსავლების სამსახურმა იმოქმედა კანონის დარღვევით ან მიმართა რაიმე სახის ზეწოლას, არ არსებობს, რადგან ასეთი რამ არ მომხდარა.

ტელეკომპანიების რეიტინგის დამთვლელი ორგანიზაცია "თი-ვი ემ-არ საქართველო" შემოსავლების სამსახურმა 800 ლარით დააჯარიმა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მიზეზი კვლევაში მონაწილე ოჯახების შესახებ ინფორაციის გაუცემლობა გახდა.

მათივე განმარტებით, აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები კომპანიაში გუშინ საღამოს მივიდნენ, თუმცა დირექტორმა მათ განუმარტა, რომ ამ პროცესს დამკვეთები უნდა დასწრებოდნენ და მათთან დაკავშირება დაიწყო. ამის შემდეგ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა კომპანია დატოვეს, თუმცა მოგვიანებით ოფისში ისევ მივიდნენ და იმ ადამიანების კონკრეტული სია მოითხოვეს, ვისთანაც აპარატურაა განთავსებული.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აუდიტის დეპარტამენტმა "თი-ვი ემ-არ საქართველოს" ოფისის ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ, ორგანიზაციას "ფიფლმეტრების" მდებარეობის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად ვადა 10 მარტამდე მისცა.

"თი-ვი ემ-არ საქართველო" "ნილსენის" სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვების ლიცენზირებული წარმომადგენელია საქართველოში და 350-ზე მეტი "ფიფლმეტრის" საშუალებით ტელევიზიების რეიტინგებს ზომავს. კომპანიის კლიენტები - საქართველოში მოქმედი 11 ტელევიზია და 18 სარეკლამო სააგენტოა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ