რამდენად საშიშია პოპულარული სამარხვო პროდუქტი თქვენი ჯანმრთელობისთვის

რამდენად საშიშია პოპულარული სამარხვო პროდუქტი თქვენი ჯანმრთელობისთვის

მარხვის პერიოდში ერთიორად იზრდება მოთხოვნა სოიაზე. ქვეყანაში იმპორტირებული ეს პროდუქტი ხშირ შემთხვევაში, გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს შეიცავს. არის თუ არა ჯანმრთელობისთვის საშიში - ამის შესახებ მეცნიერები ვერ შეთანხმდნენ, თუმცა ბევრს მიაჩნია, რომ მათი მიღება სასურველი არ არის.

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში აცხადებენ, რომ მათ საბითუმო მაღაზიაში შეიძინეს სხვადასხვა ქვეყნის წარმოებული სოიის ტექსტურატის, სოიის იზოლატის და სოიის კონცენტრანტის სრული შე­ფუთვა. მათ იყენებენ სხვადასხვა სასურსათო პროდუქტის წარმოებაში - ნახევარფაბრიკატებში, "კეტჩუპებში", მშრალ წვნიანებსა და მაიონეზებში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სოიის ცილოვან პროდუქტებში გენმოდიფიცირებული ორგანიზმები აღმოჩნდა.

საკითხში უკეთ გასარკვევად, სტრატეგიული კვლევების ცენტრის მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელს, ლიკა თოდუას შევხვდით.

- ქ-ნო ლიკა, რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება, შეგემოწმებინათ სოია და მისგან დამზადებული მასალა - სოიის ფქვილი და მისი ცილოვანი პროდუქტები?

- 2010 წლის ოფიციალური მონაცემებით ცნობილია, რომ მსოფლიოში წარმოებული სოიის 3/4 გენმოდიფიცირებულია. შესაბამისად მოსალოდნელი იყო, რომ იმპორტული სოია სწორედ ასეთი ყოფილიყო. ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვემოწმებინა, იყო თუ არა მათში გენმოდიფიცირებული ორგანიზმები. მოგეხსენებათ, სოიის ცილოვან პროდუქტებს ფართოდ იყენებენ სხვადასხვა პროდუქტის წარმოებაში, ნახევარფაბრიკატებში, სამარხვო კერძებში. შემოწმების შედეგად მათში გენმოდიფიცირებული ორგანიზმები აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ხარისხობრივი შემოწმება. საინტერესოა, რა რაოდენობით შეიცავს აღნიშნული პროდუქტი გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს. სინჯები გაიგზავნა გერმანიაში და პასუხები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

- ეტიკეტზე თუ იყო მითითებული, რომ აღნიშნული პროდუქტი გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს შეიცავდა?

- არა. ერთ-ერთ პროდუქტზე კი პირიქით, მითითებული იყო, რომ არ შეიცავდა გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს. ჩვენი კანონმდებლობით, თუ პროდუქტი 09%-ზე მეტადაა გენმოდიფიცირებული, აუცილებლად უნდა იყოს ეტიკეტზე მითითებული. ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია 09%-ზე მაღალია თუ არა. კვლევის პასუხი საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი.

- იმ შემთხვევაში, როდესაც ეტიკეტზე მითითებულია, რომ არ შეიცავს გმო-ს, მაგრამ ლაბორატორიული კვლევები საწინააღმდეგოს უჩვენებს, კანონმდებლობით რა სანქციები ტარდება?

- თუ მაჩვენებელი აღნიშნულ პროცენტზე მაღალია და მითითებულია, რომ არ შეიცავს გმო-ს, ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელს ატყუებენ და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს. ეტიკეტზე არასწორი წარწერა ნიშნავს ფალსიფიკაციას.

სტრატეგიული კვლევების ცენტრი მეწარმეებს მოუწოდებს და შეახსენებს, რომ ისინი ვალდებული არიან, პროდუქტის ეტიკეტზე სოიის არსებობა მიუთითონ და თუ ეს ინგრედიენტი გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს შეიცავს, ამ ინფორმაციის მითითებაც სავალდებულოა.

როდესაც მომხმარებელს პროდუქტის შესახებ სრული ინფორმაცია ექნება, თავად მიიღებს გადაწყვეტილებას - შეიძინოს თუ არა ეს პროდუქტი.

ლამუნა ირემაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია