ამერიკას შეუძლია დაბლოკოს, გაყინოს პუტინის ანგარიშები

ამერიკას შეუძლია დაბლოკოს, გაყინოს პუტინის ანგარიშები

ჟურნალ "გზის" ამ ნომრის გამოსვლისთვის უკრაინისა და დანარჩენი მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანესი, - ბარაკ ობამასა და უკრაინის პრემიერ-მინისტრის, არსენ იაცენიუკის 12 მარტის შეხვედრა დასრულებული იქნება. მართალია, მის შედეგებზე ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე უახლეს მოვლენებსა და სამომავლო პროგნოზ-პერსპექტივაზე მსჯელობა მაინც შესაძლებელია. ამიტომაც დავუკავშირდით კიევში მცხოვრებ ქართველ პოეტს, მთარგმნელსა და დიპლომატს, ბატონ რაულ ჩილაჩავას და იქაური მოვლენების შეფასება ვთხოვეთ.

- როგორც უკრაინული საინფორმაციო საშუალებები ამბობენ, ყირიმი რუსი ჯარისკაცებითაა სავსე, თუმცა ოფიციალური რუსეთი ჯარის იქ ყოფნას არ აღიარებს. ყველამ იცის, რომ ყირიმში რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმებია თავმოყრილი, რომლებსაც შესაბამისი უნიფორმისა და აღჭურვილობის გამო "მწვანე კაცუნებს" ეძახიან. ასევე არიან დაღესტნიდან ჩამოყვანილი ჯარისკაცებიც, რომ არაფერი ვთქვათ, ადგილობრივ რუს მოხალისეებზე. მათი საერთო რაოდენობა სხვადასხვა მონაცემით 16-18 ათასს აღწევს. ეს ჯარისკაცები ალყაში აქცევენ უკრაინის სამხედრო ფორმირებებს და უყენებენ ულტიმატუმს, - ჩააბარონ იარაღი და რუსების მხარეს გადავიდნენ. მოგეხსენებათ, 16 მარტისთვის ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში რუსეთთან შეერთების საკითხზე დანიშნულია რეფერენდუმი, რომელსაც არანაირი იურიდიული საფუძველი არ გააჩნია.

- გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმაც ხომ განაცხადა, რომ ეს რეფერენდუმი უკრაინის კონსტიტუციას არღვევს და საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება?

- მარტო ანგელა მერკელი კი არა, ნებისმიერი დასავლელი პოლიტიკოსი, პოლიტოლოგი და ჭკუათამყოფელი იმავეს ამბობს, რადგან უკრაინის კონსტიტუცია არ ითვალისწინებს რეფერენდუმის ჩატარებას მის ცალკეულ მხარეში. ნებისმიერი რეფერენდუმი ამ ქვეყნის მთელი მოსახლეობის მონაწილეობით უნდა ჩატარდეს. მეორეც, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ამის უფლებამოსილება არ გააჩნია. თანაც, საბჭომ უკვე რეფერენდუმამდე გამოაცხადა, რომ კიევი უერთდება რუსეთს. ასე რომ, ხმები უკვე წინასწარაა დათვლილი, კენჭისყრა კი მხოლოდ და მხოლოდ ფორმალობაა.

- რუსი პოლიტიკოსების ნაწილი იმასაც აცხადებს, რომ არც უკრაინაა სახელმწიფო და აღარც უკრაინელი ერი არსებობს?

- სამწუხაროდ, რუსეთში ბევრი ფიქრობს ასე. თვითონ ვლადიმირ პუტინი უკრაინას ვერშემდგარ სახელმწიფოდ მიიჩნევს და იზიარებს შოვინისტურ წრეებში გავრცელებულ მოსაზრებას, რომ უკრაინა სამხრეთ რუსეთის ნაწილია, უკრაინული ენა - სამხრეთ რუსული დიალექტი, უკრაინელი ერი კი საერთოდ არ არსებობს, რადგან "სამხრეთ რუსეთში" მცხოვრები ხალხი მხოლოდ რუსების სამხრეთული განშტოებაა.

- ადასტურებთ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიაზე არ უშვებენ?

- მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულზე სპეცოპერაცია დაიწყო, უკრაინა საკუთარი საზღვრების გამაგრებას შეუდგა და სასაზღვრო კონტროლიც გაამკაცრა. ცხადია, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს უშვებენ, მაგრამ შემოწმების შემდეგ. ამას წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუგანსკის, დონეცკისა და ხარკოვის ოლქებში უკრაინა-რუსეთის საზღვრიდან 1500-მდე შეიარაღებული ადამიანი გააბრუნეს უკან, რადგან ამ ტერიტორიებზე ანტიუკრაინული გამოსვლების პროვოცირებას სწორედ რუსეთიდან შემოგზავნილი მოქალაქეები ახდენენ. ამავე დროს, ყირიმის თვითგამოცხადებული ხელისუფლების ბრძანებით, ნებისმიერ მგზავრს, თუნდაც დეპუტატს ან დიპლომატს, სიმფეროპოლის სადგურზე საგულდაგულოდ ჩხრეკენ.

- მოსახლეობაში რა განწყობაა? თუ იგრძნობა უკრაინულ და რუსულენოვანი მოქალაქეების დაპირისპირების საფრთხე?

- რუსებსა და უკრაინელებს შორის დაპირისპირების საფრთხე არასდროს არსებობდა. ყველაფერი გარედანაა ინსპირირებული. ამ ურთულეს პერიოდში თვით დასავლეთ უკრაინაც კი, რომელსაც ბანდერელობასა და ნაციონალიზმს აბრალებენ, რუსულად ალაპარაკდა: ჩვენო დებო და ძმებო, არავის ვმტრობთ, არავისთან ვომობთ, ჩვენთან ჩამოდითო. მოწოდება ბევრმა გულით აღიქვა და დაძაბულ ვითარებას გარიდებული ხალხი ყირიმიდან ლვოვში ჩადის. სწორედ იმ დასავლეთ უკრაინას აფარებს თავს, რომლითაც რუსეთი და კრემლი მთელ მსოფლიოს აშინებს. არადა, სინამდვილეში სტეფან ბანდერა ეროვნული დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი კაცი იყო და დასავლეთ უკრაინის ეროვნულ გმირად იქცა. თუმცა აღმოსავლეთ უკრაინა მას არ ცნობს.

- ახლახან კიევიდან ჩემი ახლობელი უკრაინელების დიდი ჯგუფი ჩამოვიდა, ომის საშიშროების გამო ძალიან შეშინებულები არიან. მოსალოდნელია, რომ მათ ბევრმა მიჰბაძოს და თავშესაფრად ჩვენს ქვეყანას ჩამოაკითხოს, ანუ ამან მასობრივი სახე მიიღოს. ასეთი სახიფათოა კიევში ცხოვრება?

- სამწუხაროდ, ყირიმში მოვლენები თუ ისე განვითარდა, როგორც ვვარაუდობთ, არც საქართველო იქნება დაცული. სხვათა შორის, აქ ახალი ანეკდოტი გავრცელდა: ჰიტლერი ეუბნება გერინგს: კაცო, საოცარი რამ დამესიზმრა - უკრაინას რუსეთი უნდა დაესხას თავს და ჩვენ უნდა დავიცვათო (იცინის). ახლა კი ვიცინი, მაგრამ სინამდვილეში სულაც არაა ეს ამბავი სასაცილო - კიევის ოლქს ჩერნიგოვის ოლქი ესაზღვრება, ანუ კიევიდან 200 კილომეტრში, უკრაინა-რუსეთის საზღვარზე რუსების მთელი სატანკო დივიზია დგას. რუსეთის ქმედებები კი საკმაოდ არაპროგნოზირებადია, პუტინი იმპულსურად მოქმედებს, ამიტომ კიევისა და უკრაინის მოსახლეობის შიში სავსებით რეალურია. ამას წინათ რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი ეკონომიკური მრჩევლის, ანდრეი ილარიონოვის პროგნოზი მოვისმინეთ: რუსეთი უეჭველად დაარტყამს უკრაინასო. შეიძლება მისთვის არც დაგვეჯერებინა, მაგრამ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ილარიონოვის ყველა გაფრთხილება და პროგნოზი ახდა, რაც გვაფიქრებინებს, რომ მას ძალზე სარწმუნო საინფორმაციო წყარო აქვს. გამორიცხული არაა, ყირიმთან ერთად რუსეთმა უკრაინა-რუსეთის საზღვრის თანამდევი ე.წ რუსულენოვანი წითელი ხაზის ანექსიაც მოახდინოს. ხომ ამბობენ, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის პროვოკაციებს წამოგებული იმჟამინდელი მთავარსარდლის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, საქართველომ პირველმა დაარტყა რუსეთსო (თითქოს რუსი ისე არ დაარტყამდა საქართველოს). უკრაინა ითვალისწინებს საქართველოს ამ გამოცდილებას - უკრაინის ჯარი მაქსიმალური თავშეკავებით ხვდება რუსეთის პროვოკაციას. თუმცა, რუსეთი მაინც თავისას განაგრძობს, რადგან ყირიმის დაბრუნება წინასწარ დაგეგმა. მას, ალბათ, დნესტრისპირეთი მოჰყვება. აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ხომ ისედაც უკვე მათია და თუ დასავლეთმა, როგორც იტყვიან, ეს ყველაფერი "ჭამა", გამორიცხული არაა, ახალი კავშირის მოწმენი გავხდეთ და შესაბამისად, ჩვენთვის კარგად ნაცნობ ჯოჯოხეთში აღმოვჩნდეთ.

- უკრაინაში ექსპერტებად საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ასევე, პარლამენტარი გია ბარამიძე და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წარმომადგენლებიც მოგვევლინენ. ასე ენდობა და ითვალისწინებს მათ რჩევებს უკრაინის ახალი ხელისუფლება?

- ვერ გეტყვით, რა როლს ასრულებენ ისინი აქ, რადგან პირადად არც ერთს შევხვედრივარ. ისე კი, ამ საკითხზე უკრაინაში ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებები აქვთ - ზოგი ფიქრობს, რომ სააკაშვილის რუსეთთან ბრძოლის გამოცდილება გამოსაყენებელია, ბევრი კი მიიჩნევს, რომ ეს სააკაშვილისა და მისი მეგობრების საქმე არ არის.

- წინასწარ მაინც მინდა გკითხოთ: რას ელით იაცენიუკ-ობამას შეხვედრისგან?

- რა თქმა უნდა, საერთაშორისო სანქციებს დიდი მნიშვნელობა აქვს, ოღონდ საკითხავია, რა მასშტაბის იქნება ეს სანქციები. აშკარაა, ევროკავშირის უმთავრესი, წამყვანი ქვეყნები - გერმანია და საფრანგეთი მძიმე ეკონომიკურ ბლოკადაში მოსაქცევად მზად არ არიან. დაახლოებით, რუსეთის 5 ათასამდე მათი კომპანია რუსეთის ფედერაციაში საქმიანობს და საკუთარი პროდუქციის 1/3-ს იქვე ასაღებს. მეორეც, ისინი ბუნებრივ აირს მხოლოდ რუსეთიდან იღებენ. ასევე, რუსეთმა საფრანგეთს რამდენიმე მილიარდად ღირებული რამდენიმე ავიამზიდი "მისტრალი" შეუკვეთა და ცხადია, პარიზში ამ შეკვეთის დაკარგვა არ სურთ. ასე რომ, აქაც მერკანტილიზმი იმარჯვებს. ამ თვალსაზრისით, ამერიკის შეერთებული შტატები გაცილებით დამოუკიდებელია. ცნობილია, რომ რუსი ოლიგარქების (ალბათ მათ შორის - პუტინისაც), დაახლოებით 500 მილიარდი დოლარი ამერიკის შეერთებული შტატების ბანკებშია დაბანდებული. საკუთარი კონსტიტუციის შესაბამისად, სასამართლოს გვერდის ავლით, ამერიკას შეუძლია დაბლოკოს, გაყინოს პუტინის ანგარიშები. მეორეც, მას შეუძლია, ამ უკანასკნელს გაუმკაცროს, კონკრეტულ შემთხვევებში კი საერთოდ მოუხსნას სავიზო რეჟიმი. არადა, "გოსდუმის" მთელ აპარატს თავისი სასახლეები ამერიკასა და ევროპაში აქვს. ამერიკამ შეიძლება მართლაც გამოიყენოს ეს სანქციები, რადგან რასაც დღეს რუსეთი აკეთებს, მესამე მსოფლიო ომს უხსნის გზას და მსოფლიო წესრიგს არღვევს. როგორც ცნობილია, 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმით უკრაინამ თავისი ატომური იარაღი (უკრაინა ამერიკისა და რუსეთის შემდეგ მსოფლიოში ბირთვული იარაღის მქონე მესამე სახელმწიფო იყო) უსაფრთხოების დაცვის გარანტიის ფასად დათმო, გარანტი კი რუსეთი, აშშ და ინგლისი იყვნენ. სამწუხაროდ, მემორანდუმს იურიდიული ძალა არ აქვს და მხოლოდ, ასე ვთქვათ, ჯენტლმენური შეთანხმებაა, მაგრამ... ამ შეთანხმების დარღვევის შემდეგ ატომური პოტენციალის მქონე სხვა ქვეყნები (მაგალითად, ირანი და ჩრდილოეთ კორეა), რომელთაც ბირთვული იარაღის გამოშვებას აშშ და მსოფლიოს თანამეგობრობა უკრძალავენ ისეთივე გარანტიით, თითქოს ჩვენ დაგიცავთო, ხედავენ, რომ სინამდვილეში არანაირი მსოფლიო გარანტია არ არსებობს. ეს კი ნიშნავს, რომ ატომური იარაღის დამზადება უკონტროლოდ დაიწყება და მსოფლიოც კატასტროფის წინაშე დადგება. სხვათა შორის, ნუ დავივიწყებთ, რომ უკრაინას კვლავაც აქვს ატომური ბომბის შექმნის საშუალება. ამიტომ ვფიქრობ, ამერიკა მოვლენების ასეთ განვითარებას არ დაუშვებს. ჩემი აზრით, აშშ-ს კიდევ ერთი ძალიან მაგარი ბერკეტი აქვს: მართალია, დიდი ძალისხმევით, მაგრამ მას შეუძლია, მსოფლიო ბაზარზე ნავთობისა და საერთოდ, ენერგორესურსების ფასი საკმაოდ დასწიოს, რაც დიდ დარტყმას მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას. ასე რომ, ამერიკაზე ბევრი რამაა დამოკიდებული... რუსეთი კი თავისი მიმდინარე ნაბიჯებით ჯერ დასავლეთს აკვირდება, სადამდე გაუშვებს და...

- ანუ ტესტივით აგდებს ამ "ნაბიჯებს"?

- ზუსტად! ფაქტობრივად, მსოფლიოს ხელახალი გადანაწილება მიმდინარეობს და ამ პროცესში უკრაინა მხოლოდ საბაბია, ხოლო ყირიმი ცენტრია, საიდანაც რუსეთს საკუთარი ამბიციის ათვლა შეუძლია. თუ ეს გაუვა, მერე აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაზე ზეწოლასაც დაიწყებს და გამორიცხული არაა, მთელი უკრაინის ანექსიაზეც იფიქროს.

- თუ ამერიკამ თვალი დახუჭა და 16 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის შედეგიც უკვე ცხადზე უცხადესია, უკრაინა შეეგუება ამ ამბავს? ან ომის დაწყების შემთხვევაში რა შანსი აქვს?

- უკრაინამ უკვე სამხედრო წვრთნები დაიწყო. ცხადია, დასავლეთ საზღვარზე მას არაფერი ემუქრება, ამიტომ იქ დისლოცირებული ჯარების ნაწილი აღმოსავლეთში გადაისროლა. მაგრამ თუ რუსეთი მთელი ძალით მოაწვა, უკრაინა მას ვერ გაუმკლავდება. თუმცა... ეს ომი სავარაუდოდ, გადაიზრდება დიდ და სასტიკ პარტიზანულ ომში, რისი უზარმაზარი გამოცდილე­ბაც უკრაინელებს ნამდვილად აქვთ. ამას დაუმატეთ შემართება და პატრიოტიზმი, რომელიც უკვე პიკს აღწევს. დიდი სამამულო ომის დროსაც სწორედ უკრაინულმა პარტიზანულმა მოძრაობამ არ ითამაშა უდიდესი როლი?! ამჯერად ბარიკადებზე იმ თავდადებული უკრაინელების შვილიშვილები იდგნენ და ისინი გადამთიელს არავის არაფერს შეარჩენენ. გარდა ამისა, რუსეთში რამდენიმე მილიონი უკრაინელი ცხოვრობს და დიდმა ნაწილმა უკვე იგრძნო სისხლის ყივილი. არ უნდა დაგვავიწყდეს ყირიმელი თათრებიც, რომლებიც ამ რეფერენდუმს არ ცნობენ... მოკლედ, თუ საქმე შეიარაღებულ დაპირისპირებამდე მივიდა, ბევრი სისხლი დაიღვრება და ეს საშინელება იქნება. არც იმას გამოვრიცხავ, თუ სხვა გზა აღარ დარჩება, შეიარაღებულ დაპირისპირებაში რაღაცნაირად ნატოც ჩაერიოს... ამ ამბების რუსეთის სასარგებლოდ დასრულება, ვფიქრობ, საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, ნატოსკენ თუ ევროკავშირისკენ ჩვენს წინსვლას ჩაშლის.

სამწუხაროდ, საიმედოს ვერაფერს გეუბნებით, თუმცა... პატარა იმედს მაინც ვიტოვებ - პუტინმა ჯერჯერობით მაინც არ აღიარა, რომ ყირიმში მდგომი ჯარი მისია, რითიც თითქოს უკან დახევის შანსს იტოვებს, თუ არა და... შეიარაღებული კონფლიქტი გარდაუვალია.

ირმა ხარშილაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა