სომეხი დეპუტატი საქართველოს ემუქრება: "ჯავახეთის აჯანყება გარდაუვალია!"

სომეხი დეპუტატი საქართველოს ემუქრება: "ჯავახეთის აჯანყება გარდაუვალია!"

საქართველოში უკვე დიდი ხანია, ჯავახეთში მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობენ. ექსპერტთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ამ ნაღმს აამოქმედებს.

გარკვეული ძალები რამდენჯერმე უკვე შეეცადნენ ამ მხარეში ვითარების არევას. რამდენჯერმე გამოსვლებსაც ჰქონდა ადგილი. ამ აურზაურს ოფიციალურმა ერევანმა ოფიციალურად არ დაუჭირა მხარი და ისინიც მიყუჩდნენ, თუმცა დროდადრო თავს მაინც წამოყოფენ ხოლმე.

გამჩენი განსაკუთრებით სომხეთის პარლამენტის წევრ შირაკ ტოროსიანს არ ასვენებს. ის თავს წარმოშობით ჯავახელს უწოდებს და ხშირად სტუმრობს ხოლმე საქართველოს. უფრო ხშირად კი განცხადებებს აკეთებს. მისი განცხადებების დიდი ნაწილი ანტიქართულია. ეს შეჩვენებული ხან ამაში გვდებს ბრალს, ხან იმაში. ეს კაცი არც მუქარას გვაკლებს და ულტიმატუმებსაც გვიყენებს ხოლმე.

მისი გააქტიურება ძირითადად გაზაფხულზე და შემოდგომაზე შეინიშნება. მას არც ეს სეზონი ჩაუგდია და მორიგი სკანდალური განცხადება გააკეთა. სხვათა შორის, ამ სკანდალური განცხადებების გამო ნაციონალური მოძრაობა საქართველოში არ უშვებდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის რამდენჯერმე ესტუმრა საქართველოს და ამ კაცმა თუ ამ ტონალობაში გააგრძელა ენის ტლიკინი, შესაძლოა, მას ოცნებამაც ჩაუკეტოს სამხრეთის კარიბჭე.

შირაკ ტოროსიანი საქართველოს ამჯერად ნატოსადმი გამოხატული სიმპათიების გამო აუმხედრდა. მისი აზრით, თუ ნატოს არ შევეშვებით, ჯავახეთში აჯანყებას მივიღებთ.

მისი თქმით, უკრაინაში განვითარებული მოვლენების და იმ ინფორმაციის ფონზე, რომ საქართველომ, უკვე ამ წლის სექტემბერში, შესაძლოა ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა მიიღოს, ექსპერტთა წრეში (სომხეთში) ჯავახეთის სომხური საზოგადოების მდგომარეობის საკითხის აქტიურად განხილვა დაიწყეს. ისინი შეიძლება დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდნენ: ვინაიდან, რესპუბლიკის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლის შემთხვევაში, შეიძლება მის ტერიტორიაზე თურქული ჯარები განთავსდეს.

სომხურ სააგენტო "პანორამა.ამ"-თან ინტერვიუში სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატმა სომხეთის რესპუბლიკური პარტიის ფრაქციიდან, კავშირ "ჯავახკის" თავმჯდომარე შირაკ ტოროსიანმა განაცხადა, რომ სომხური საზოგადოების მხრიდან სეპარატისტული მოქმედება გამორიცხულია, მაგრამ არსბეობს ერთი მაგრამ, რომელიც, მისი აზრით, საქართველომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

- ნატოში საქართველოს წევრობა გლობალური პრობლემაა და სწორედ აქ წარმოიქმნება რუსეთ-ნატოს ახალი კონფრონტაციის შესაძლებლობა და მოსალოდნელი იქნება მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობაში დაძაბულობის ესკალაცია. თუმცა, თურქული ჯარების წარმომადგენლობა სრულიად განსხვავებულ სიბრტყეში განიხილება, - აღნიშნა დეპუტატმა.

ტოროსიანის თქმით, ეს იქნება ნატო თუ სხვა ნებისმიერი სტრუქტურა, სხვა ნებისმიერი დასახელების თუ გამოვლინების, ეს სომეხ ეთნოსში, სადაც არ უნდა სახლობდეს ის, გამოიწვევს თავდაცვის რეფლექსს. რაც სომხებში თურმე გენეტიკურად დევს.

- საქართველოს, რა თქმა უნდა, თავისი მიზანი აქვს, და მას შეუძლია ნატოს წევრი გახდეს. თუმცა, სომხური ეთნოსი, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოითმენს თურქული ჯარების ყოფნას იქ, სადაც ის სახლობს, მიუხედავად იმისა, რომელი ქვეყნის შემდაგენლობაში შედის ეს ტერიტორია. სომხური სეპარატიზმი არ არის მოსალოდნელი, მაგრამ თურქული ჯარების შემოსვლის შემთხვევაში სერიოზული აჯანყება გარდაუვალია. ამაში ეჭვი არ მეპარება, - აცხადებს ტოროსიანი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს კაცი გამუდმებით ანტიქართულ განცხადებებს აკეთებს და არც ულტიმატუმის წამოყენებაზე ამბობს უარს.

საქართველომ ევროსაბჭოს წინაშე აიღო ვალდებულება რომ ქვეყანაში თურქი-მესხების დაბრუნება მოხდება. ეს ადამიანები გადასახლებამდე სამცხე-ჯავახეთში სახლობდნენ. მათი ნაწილი თურქული წარმომავლობის გახლავთ.

ეს ამბავი შირაკ ტოროსიანს და მაგისნაირ პროვოკატორებს როგორ გამოეპარებოდათ, ჰოდა, დაგვიბარა, თურქ-მესხებს თუ დააბრუნებთ, რეგიონში არეულობას მოვაწყობთო.

ტოროსიანის პოზიციას ოფიციალური ერევანი ოფიციალურად არ იზიარებს. გულში რას ფიქრობენ, ამაზე ვერაფერს გეტყვით. სამაგიეროდ, ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ რუსეთში მცხორვები ჯავახური დიასპორის წევრები. ცოტა ხნის წინ მათ ჯავახეთისთვის კულტურული ავტონომიის სტატუსის მინიჭება მოითხოვეს.

ცოტა ხნის წინ ჯავახკის რუსული დიასპორის ლიდერმა აგას არაბიანმა საქართველოს დაქუცმაცება იწინასწარმეტყველა.

მან რუსულ გამოცემა "ნოვიე ხრონიკისთან" საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, შესაძლოა, კიდევ ერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო გაჩნდეს.

- ახალი სახელმწიფო, რომელსაც საქართველოსგან დამოუკიდებლობა სურს, შესაძლოა, ჯავახკის რაიონის ისტორიულ ტერიტორიაზე, თანამედროვე საქართველოსა და თურქეთის საზღვარზე ჩამოყალიბდეს, რომელიც ეთნიკური სომხებითაა დასახლებული. არსებობს ინფორმაცია, რომ ადგილობრივი დიასპორა კატეგორიულად ეწინააღმდგეება საქართველოს ნატო-სთან მიერთებას და საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ამ საგარეო კურსის გაგრძელების შემთხვევაში, შეიძლება, სუვერენიტეტის შესახებ გამოაცხადონ, - აცხადებდა არაბიანი.

აგას არაბიანს არ ეზარება და იმასაც განმარტავს, თუ რას ერჩის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს.

- ნატო-ს წევრად გახდომით საქართველო ავტომატურად თურქეთის მოკავშირე ხდება, რაც სომხებისა და სომხეთის ინტერესებისთვის მიუღებელია, - ნათქვამია "რუსეთში ჯავახკის დიასპორის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც აღნიშნული ორგანიზაციის ლიდერი აგას არაბიანი აცხადებს, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება სომხეთის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება.

- არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ქვეყანა რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია, მოსკოვსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა კი ამჟამად, მსუბუქად რომ ვთქვათ, დაძაბულია. იმ შემთხვევაში, თუ ჯავახკში სამხედრო ბაზები გაჩნდება, ისინი სომხეთში არსებული რუსული ბაზისკენ იქნება მიმართული. კერძოდ კი გიუმრის 102-ე ბაზისკენ. სომხეთისა და რუსეთისადმი დამოკიდებულებაში კი ამის მეგობრულ ნაბიჯად განხილვა, არ შეიძლება, - განაცხადა თავის დროზე არაბიანმა.

საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ვან ბაიბურთმა მაშინ "ახალ თაობასთან" საუბარში განაცხადა, რომ არაბიანი რუსეთის სპეცსამსახურებმა დაავერბოვკეს.

მისი თქმით, არაბიანი ტაქსის მძღოლი იყო. თურმე ეს კაცი თავისთვის ტაქსაობდა მოსკოვში. ერთ დღესაც ავარია მოუხდა და იმის შემდეგ პოლიტიკაში გადავარდა. შეიძლება, ვინმემ იფიქრა, რომ არაბიანმა თავი მიარტყა რაღაცას. პოლიტიკაში ძირითადად ხომ თავმირტყმულები მიდიან.

ვან ბაიბურთის თქმით კი, ის რუსმა სამართალდამცავებმა დაავერბოვკეს და იქიდან მოყოლებული ქოქოლას გვაყრის.

ჩანს, ამაში ფულს კარგად უხდიან, რადგანაც, როგორც ბაიბურთი ამბობს, არაბიანმა ტაქსაობას თავი დაანება. ფული კი იმდენი გაუჩნდა, რომ მოსკოვის ერთ-ერთ ელიტურ სასტუმროში იქირავა ფართი ოფისისთვის.

კარგი იქნება, თუ საქართველოს ხელისუფლება მათ გამოხდომებს პასუხს გასცემს. გასაგებია, რომ ამ პროვოკატორების აყოლა არ ღირს, მაგრამ არც უყურადღებობა ივარგებს და, კარგი ქნება, თუ ოფიციალური ერევანიც დააფიქსირებს თავისიანების განცხადებებზე პოზიციას.

შორენა მარსაგიშვილი

გაზეთი "ახალი თაობა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია