რას პასუხობს ვანო მაჭავარიანი ბიძინა ივანიშვილის კრიტიკულ შეფასებას

რას პასუხობს ვანო მაჭავარიანი ბიძინა ივანიშვილის კრიტიკულ შეფასებას

პრეზიდენტის მრჩეველის, ვანო მაჭავარიანის შეფასებით, მასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები დამახინჯებულად მიტანილი ინფორმაციის შედეგია.

მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ვიღაცას ხელისუფლებაში ხინჯის შეტანა და ამ მხრივ მისი თემით სარგებლობა სურს.

"ძალიან სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილს დამახინჯებული ინფორმაცია მიაწოდეს. ეს ყველაფერი ახლოსაც არ არის სინამდვილესთან. როგორც ჩანს, ვიღაცას უნდა, რომ ასეთი დამახინჯებული ინფორმაცია მიიტანოს მასთან, რადგან მე საკმაოდ კარგი, მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა მქონდა არჩევნებამდე, არ მერიდებოდა და არ მეშინოდა, ზოგ-ზოგიერთებისგან განსხვავებით მასთან ურთიერთობა. მე მაშინაც ვმუშაობდი "საპარტნიორი ფონდში", რაც ბიძინამ ძალიან კარგად იცოდა, პირიქით, მომიწოდებდა, რომ დავრჩენილიყავი და მემუშავა იქ. სერიოზული შემოთავაზებებიც მქონდა, მაგრამ მე მას ავუხსენი, თუ რატომ ვერ შევძლებდი პოლიტიკურ თემებში ღიად ჩარევას. ჩემი ძირითადი საქმიანობა მაინც საგარეო მიმართულება იყო და ნებისმიერ დროს მზად ვიყავი, ამ მიმართულებით ჩავრთულიყავი. ამას ბიძინა ძალიან გაგებით მოეკიდა, მაგრამ როგორც ჩანს, ვიღაცამ ისარგება, დაამახინჯა ინფორმაცია და ბევრი თემა, რაზეც მან ისაუბრა, არასწორად მიწოდებული ინფორმაციის შედეგია. ეს არის არასწორი კომუნიკაციის, თუ კომუნიკაციის არარსებობის გამო. ვიღაცას უნდა ჩემი თემით ისაგებლოს და ხინჯი შეიტანოს. მაშინაც იცოდა ბიძინამ, რომ მე მიხეილ მაჭავარინის ძმა ვიყავი, მაშინაც იცოდა, რომ "საპარტნიორი ფონდში" ვმუშაობდი და ძალიან კარგად იცოდა ჩემი შესაძლებლობები კოალიციაში და კოალიციის გარეთაც. ვფიქრობ, ეს გაუგებრობა ამოიწურება და ვისაც ჰგონია, რომ ამით ბიძინასთან გარკვეულ ქულებს დაიწერს, იმედი გაუცრუვდება", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მაჭავარიანმა.

მან აქვე აღნიშნა, რომ "დღეს გაცილებით მეტი პრობლემის წინაშე დგას სახელმწიფო იმისთვის, რომ პრემიერის, პრეზიდენტისა და პარლამენტის ფუნქციონირება მიმართული იყოს პრობლემების გადალახვისკენ და არა ინტრიგებში ჩახლართვისკენ".

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან "პოლემიკის" ერთ-ერთ მიზეზად ვანო მაჭავარიანს ასახელებს.

როგორც ივანიშვილმა გადაცემა "პოლიტიკის დროში" განაცხადა, მაჭავარიანი მათთან მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" შესაშინებლად მივიდა, რომ "თუ სამსახურს არ მისცემდნენ, "ქართულ ოცნებაში" წავიდოდა, მაგრამ აღნიშნულში მარგველაშვილის დარწმუნება ვერ შეძლო.

"გიორგი მარგველაშვილმა პასუხი ვერ გამცა ვანო მაჭავარიანთან დაკავშირებით - რატომ გახდა ის ახალი პრეზიდენტის ფავორიტი, როცა ძველი პრეზიდენტის ფავორიტი არის მისი ძმა - მიშა მაჭავარიანი. აქვე გავუსვამ ხაზს, რომ ზოგადად ტრაგედიას ვერ ვხედავ ამაში, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ძმა მუშაობდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თუმცა მაჭავარიანთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები ისმოდა და ისმის დღესაც - როცა მე მოვედი პოლიტიკაში და ჩვენ შევქმენით კოალიცია "ქართული ოცნება", გიორგიმ მოიყვანა მისი მეგობარი ვანო მაჭავარიანი, მე მასთან ბევრი დრო დავხარჯე, საკმაოდ ხშირად დადიოდა ჩვენთან ოფისში, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს განაცხადა, რომ "სურვილი აღარ აქვს". მომავალში გაირკვა, რომ ჩვენთან მოსვლით მან მხოლოდ გააბრაზა "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, რომლებიც მას სამსახურს არ აძლევდნენ და ხანგრძლივი დროის განმავლობაში უმუშევარი იყო. მან მიაღწია იმას, რომ შეაშინა, იქ წავალ, თუ სამსახურს არ მომცემთო. მას მისცეს სამსახური ქრთამის სახით - 7 ათასი ლარს უხდიდნენ საპარტნიორო ფონდში, რომლის პრეზიდენტი გახლდათ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამასთან, მისივე შეფასებით, ვანო მაჭავარიანი "ჩვეულებრივი წევრი იყო "ნაციონალური მოძრაობის". ივანიშვილი მის ქმედებას "უღირსად" აფასებს.

"დეკემბრიდან, ჩვენგან გადასულ მაჭავარიანს 7 ათასი ლარი დაუნიშნეს ხელფასად. ჩვენ ოქტომბერში გავიმარჯვეთ და ის ისევ იქ მუშაობდა. გილაურმა შემომითვალა, ეს კაცი ორჯერ არ მოსულა სამსახურში, ხელფასის ასაღებადაც კი არ მოსულა, ქრთამის სახით იღებს ხელფასს და თქვენ ხომ არ გჭირდებათო. მე ვუთხარი, მე არც მომიყვანია და არც წაყვანას ვაპირებ-თქო და ისევ გილაურმა გაათავისუფლა. ეს კაცი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩემი აზრით. არ ვიცი, რა სიტყვა ვიხმარო, მაგრამ უმსგავსო საქციელი ჩაიდინა და ასეთი ადამიანი დღეს გახდა ახალი პრეზიდენტის სახე. ეს ჩემთვის უსიამოვნო იყო, რაზეც რამდეჯერმე ვეკამათე გიორგი მარგველაშვილს. ის ამბობდა, მათ კარგი ძმობა არ აქვთო, მაგრამ გადასარევი ძმობა აქვთ. ამაზე ხანგრძლივი პოლემიკა მქონდა, უშედეგოდ, თუმცა გიორგი მარგველაშვილს ამის უფლება აქვს", - აღნიშნა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა