საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მისი მრჩევლის ვანო მაჭავარიანის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე შეფასების გაკეთება არ სურს.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადების კომენტირებისას გააკეთა.
"ურთიერთობები, რომელიც არის ვანოსა და ბიძინას შორის, ამ საკითხებზე, მე ვფიქრობ, ეს ორი ადამიანი ამის შესახებ ძალიან ღიად საუბრობს და იქიდან გამომდინარე, შეგიძლიათ იმსჯელოთ. ეს იყო თემა, რომლის თაობაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, მაგრამ მე არ ვაპირებ იმის განხილვას ღიად და საჯაროდ, რაზეც მე და ბიძინას გვილაპარაკია", - განაცხადა მარგველაშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან "პოლემიკის" ერთ-ერთ მიზეზად ვანო მაჭავარიანს ასახელებს.
როგორც ივანიშვილმა გუშინ გადაცემა "პოლიტიკის დროში" განაცხადა, მაჭავარიანი მათთან მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" შესაშინებლად მივიდა, რომ "თუ სამსახურს არ მისცემდნენ, "ქართულ ოცნებაში" წავიდოდა, მაგრამ აღნიშნულში მარგველაშვილის დარწმუნება ვერ შეძლო.
"გიორგი მარგველაშვილმა პასუხი ვერ გამცა ვანო მაჭავარიანთან დაკავშირებით - რატომ გახდა ის ახალი პრეზიდენტის ფავორიტი, როცა ძველი პრეზიდენტის ფავორიტი არის მისი ძმა – მიშა მაჭავარიანი. აქვე გავუსვამ ხაზს, რომ ზოგადად ტრაგედიას ვერ ვხედავ ამაში, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ძმა მუშაობდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თუმცა მაჭავარიანთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები ისმოდა და ისმის დღესაც – როცა მე მოვედი პოლიტიკაში და ჩვენ შევქმენით კოალიცია "ქართული ოცნება", გიორგიმ მოიყვანა მისი მეგობარი ვანო მაჭავარიანი, მე მასთან ბევრი დრო დავხარჯე, საკმაოდ ხშირად დადიოდა ჩვენთან ოფისში, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს განაცხადა, რომ "სურვილი აღარ აქვს". მომავალში გაირკვა, რომ ჩვენთან მოსვლით მან მხოლოდ გააბრაზა "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, რომლებიც მას სამსახურს არ აძლევდნენ და ხანგრძლივი დროის განმავლობაში უმუშევარი იყო. მან მიაღწია იმას, რომ შეაშინა, იქ წავალ, თუ სამსახურს არ მომცემთო. მას მისცეს სამსახური ქრთამის სახით – 7 ათას ლარს უხდიდნენ საპარტნიორო ფონდში, რომლის პრეზიდენტი გახლდათ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ამასთან, მისივე შეფასებით, ვანო მაჭავარიანი "ჩვეულებრივი წევრი იყო "ნაციონალური მოძრაობის". ივანიშვილი მის ქმედებას "უღირსად" აფასებს.
"დეკემბრიდან, ჩვენგან გადასულ მაჭავარიანს 7 ათასი ლარი დაუნიშნეს ხელფასად. ჩვენ ოქტომბერში გავიმარჯვეთ და ის ისევ იქ მუშაობდა. გილაურმა შემომითვალა, ეს კაცი ორჯერ არ მოსულა სამსახურში, ხელფასის ასაღებადაც კი არ მოსულა, ქრთამის სახით იღებს ხელფასს და თქვენ ხომ არ გჭირდებათო. მე ვუთხარი, მე არც მომიყვანია და არც წაყვანას ვაპირებ-თქო და ისევ გილაურმა გაათავისუფლა. ეს კაცი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩემი აზრით. არ ვიცი, რა სიტყვა ვიხმარო, მაგრამ უმსგავსო საქციელი ჩაიდინა და ასეთი ადამიანი დღეს გახდა ახალი პრეზიდენტის სახე. ეს ჩემთვის უსიამოვნო იყო, რაზეც რამდეჯერმე ვეკამათე გიორგი მარგველაშვილს. ის ამბობდა, მათ კარგი ძმობა არ აქვთო, მაგრამ გადასარევი ძმობა აქვთ. ამაზე ხანგრძლივი პოლემიკა მქონდა, უშედეგოდ, თუმცა გიორგი მარგველაშვილს ამის უფლება აქვს", - აღნიშნა ივანიშვილმა.