უკონკურსო წელი - 45 000 ადგილი უმაღლესებში და ჯერჯერობით მხოლოდ 29 000 აბიტურიენტი

უკონკურსო წელი - 45 000 ადგილი უმაღლესებში და ჯერჯერობით მხოლოდ 29 000 აბიტურიენტი

გამოცდების ექსტერნად ჩაბარების გაუქმება, მცირე რაოდენობის სკოლადამთავრებული, დემოგრაფიული სურათი და ბევრი მისაღები ადგილი უმაღლეს სასწავლებლებში! წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე დიდ უკონკურსობას ელიან.

მაშინ, როცა უმაღლეს სასწავლებლებს არ აქვთ ბაზური დაფინანსება და ისინი ფაქტობრივად სტუდენტის მიერ მიტანილი (ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მიღებული სახელმწიფო გრანტით, ან საკუთარი ჯიბიდან) ფულით არსებობენ, უნივერსიტეტებში მისაღები ადგილების წლიდან წლამდე გაზრდა აღარავის უკვირს.

განათლების დამოუკიდებელი ექსპერტები და თვითონ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგიერთი წარმომადგენელი თანხმდება იმაში, რომ სტუდენტის რაოდენობაზე ორიენტირებულ უმაღლეს სასწავლებელში და, საერთოდ, ქვეყანაში, განათლების ხარისხზე საუბარი უკვე ზედმეტია.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 10 მარტის მდგომარეობით, 4633-მა აბიტურიენტმა გაიარა, 17 მარტის მონაცემებით მათი რაოდენობა - 20 000-მდეა, წუხანდელით კი 29 000. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში "რეზონანსს" უთხრეს, როგორც წესი, ბევრი აბიტურიენტი რეგისტრაციას სწორედ ბოლო დღესა და ბოლო საათებში გაივლის. თუმცა ცენტრში ვარაუდობენ, რომ რეალური სურათი მაინც არ შეიცვლება. როგორც აქ ამბობენ, 29 000 ბევრად არა, მაგრამ რამდენიმე ათასით გაიზრდება.

რეგისტრაციის პროცესი, რომელიც 20 თებერვალს დაიწყო, 21 მარტის 18:00 საათზე შეწყდება.

2014 წელს აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ რამდენიმე თვის განმავლობაში ცვალონ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამები (ფაკულტეტები), მათი რაოდენობა და თანმიმდევრობა. ცვლილებების განხორციელების საშუალება აბიტურიენტებს გამოცდის შედეგის გამოცხადების შემდეგაც ექნებათ. პროცესი სააპელაციო განცხადების მიღების დასრულებასთან ერთად შეწყდება.

სახელმწიფო წელსაც დააფინანსებს ბაკალავრიატის გარკვეულ მიმართულებებს და შესაბამის პროგრამებზე ჩარიცხულები ისწავლიან უფასოდ.

რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, რომლის ხანგრძლივობა ერთი თვეა, აბიტურიენტმა აუცილებლად უნდა აირჩიოს ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალი, მიუთითოს ქალაქი და ენა, რომელზეც სურს გამოცდის ჩაბარება - ეს ინფორმაცია ვადის ამოწურვის შემდეგ ვეღარ შეიცვლება;

წლევანდელ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგად უნარებში საგამოცდო ბარიერი 21 ქულიდან 24 ქულამდე აიწევს. აღნიშნული ცვლილებით ალბათობით შემოხაზვის შედეგად საგნის ბარიერის გადალახვის ფაქტები გამოირიცხება. ზოგადი უნარების ტესტის ზოგიერთ ნაწილში 4 სავარაუდო პასუხის ნაცვლად, აბიტურიენტებს შეთავაზებული 5 პასუხი ექნებათ.

წლევანდელი სიახლეა ისიც, რომ არჩევით საგნებს კიდევ ერთი საგანი - სახვითი ხელოვნება - დაემატება.

აღსანიშნავია ისიც, რომ უცხო ენას წელს მოსმენითი ნაწილი დაემატება. აბიტურიენტი ჯერ უცხო ენაზე (მის მიერ საგამოცდოდ არჩეულ ენაზე) ტექსტს მოუსმენს და შემდეგ მოსმენილი ტექსტიდან რამდენიმე შეკითხვას უპასუხებს. მოსმენითი ნაწილი 8 ქულიანია.

ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე - ზოგადი უნარების, არჩევითი საგნებიდან კი ლიტერატურის და ისტორიის მაქსიმალური ქულა 80-ია; უცხო ენების - 100, მათემატიკის - 59, გეოგრაფიისა და სახვითი ხელოვნების - 70, ბიოლოგიის, ქიმიისა და ფიზიკის - 75.

გამოცდებიდან მთავარია სამი - ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები და უცხო ენა. დანარჩენი არჩევითია.

ერთიანი ეროვნული გამოცდები ივნისის ბოლო კვირაში დაიწყება. წელს უმაღლეს სასწავლებლებს აბიტურიენტების მისაღებად კონკურსი 45 ათასზე მეტ ადგილზე აქვთ გამოცხადებული.

მარი ოთარაშვილი

გაზეთი "რეზონანსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია