რაულ იუსუპოვის მამის განცხადება: რა დაზიანებები დააფიქსირეს მიცვალებულის განბანვის პროცესში

რაულ იუსუპოვის მამის განცხადება: რა დაზიანებები დააფიქსირეს მიცვალებულის განბანვის პროცესში

ჩვენ ვფიქრობთ და ალბათ, გამოძიებაც მივა იმ დასკვნამდე, რომ ეს იყო მკვლელობა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რაულ იუსუპოვის მამამ, იაშირ იუსუპოვმა განუცხადა.

იუსუპოვის თქმით, გუშინ გავრცელებული ფოტოები, სადაც მისი შვილისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას ცხედრებია ასახული, მან პირველად ნახა და ასევე, არ ფლობს ინფორმაციას, არის თუ არა აღნიშნული ფოტომასალა საქმის მასალებში.

"თავს ვიკავებ ამ თემაზე საუბრისგან. ჩვენ ზუსტად ეს ფოტოები არა, მაგრამ სხვა გვქონდა ნანახი და ეს დაზიანებები რეალურად გვაქვს ნანახი. ეს ადრე არაერთხელ გვითქვამს, მაგრამ რატომღაც მაშინდელი მთავრობის გამოძიების ოფიციალური ვერსია ამას მალავდა. დღეს უკვე ცნობილი ხდება, რომ ჩვენ სიმართლეზე ვსაუბრობდით", - განაცხადა იაშირ იუსუპოვმა.

მისივე თქმით, რაულ იუსუპოვს დაზიანებები აღენიშნებოდა ყელისა და გულ-მკერდის არეში.

"ყელის არეში შავი ზოლი ჰქონდა. მკერდის ქვემო ნაწილში ნაჩვლეტები იყო, რომელიც გუშინდელ ფოტოებზეც ჩანს. რამდენიმე ადამიანმა ნახა ეს დაზიანებები მიცვალებულის განბანვის პროცესში. გავრცელებულ ფოტოებს რაც შეეხება, საქმის მასალებში დევს თუ არა, არ ვიცი, იმიტომ, რომ მასალებს ბოლომდე გაცნობილი არ ვარ. ზოგი დევს, ალბათ, ზოგი - არა. ესენი უშუალოდ მე, პირველად ვნახე, სიმართლე რომ გითხრათ", - განაცხადა იაშირ იუსუპოვმა.

მისივე ინფორმაციით, ექს-პრემიერისა და რაულ იუსუპოვის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე ხელახალი გამოძიება ბოლო ეტაპზეა და სავარაუდოდ, მალე დასრულდება.

"გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს. საბოლოო ჯამში, როცა ყველა ვერსია, ჩვენ ვფიქრობთ და ალბათ, გამოძიებაც მივა იმ დასკვნამდე, რომ ეს იყო მკვლელობა", - დასძინა იაშირ იუსუპოვმა.

გუშინ სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ იუსუპოვის ცხედრების ფოტოები გავრცელდა. ფოტომასალების მიხედვით, რომელიც Youtube-ზე ჰაკიმ ფაშას სახელით ატვირთა, ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ