ერთ დროს გრანდიოზული პროექტი დღეს თბილიში უკვე აღარავის ახსოვს, გარდა იმ ადამიანებისა, ვისაც მაღალსართულიანი კორპუსის ფანჯრებიდან ყოველდღიურად სწორედ ეს ხედი ეშლება და ზაფხულის დადგომას კოღოების მომრავლების შიშით ელოდება.
"ერთ დროს ვიღაცამ არ იფიქრა, არ იმსჯელა, არ ჰკითხა სპეციალისტებს და რესტორან "არაგვის" ტერიტორიაზე გრანდიოზული კომპლექსის ასაშენებლად მოანგრია იქ არსებული ნაგებობები, გაყიდა მიწა და მიუშვა მშენებლები. დაიწყეს საძირკველისთვის მიწის ამოთხრა და.. ჰოი, საოცრებავ! აღმოაჩინეს, რომ ეს ადგილი მდინარე ვერეს კალაპოტს ესაზღვრება, წყალუხვია და ამოთხრილი ღრმულები კატასტროფული სისწრაფით ივსება გრუნტის წყლებით. მშენებლობა მიატოვეს, სამაგიეროდ, თბილისს დარჩა ტბა, რომელიც, დროთა განმავლობაში კოღოების სანაშენე ჭაობად გადაიქცა", - ამბობს მშენებლობის მეორე მხარეს, ლაგუნა ვერეს მიმდებარე კორპუსის მცხოვრები. მისივე ინფორმაციით, მშენებლებმა თავიდან სპეციალური სატუმბი დანადგარებიც დადგეს, თუმცა წყლის დაშრობა ვერ მოხერხდა.


PARK HYATT TBILISI-ის მშენებლობა 2008 წელს დაიწყო და მხოლოდ ტერიტორიის მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. საძირკვლისთვის გრუნტია ამოღებული. ასევე პროექტის მასშტაბების გამო აუცილებელი გახდა კლდის ფერდობის მოჭრაც. ამ სამუშაოების შემდეგ კი პროცესი გაჩერდა. ახლა მიტოვებული მშენებლობის ადგილას რამდენიმე პატარა ტბაა, წვიმიან ამინდებში კი ტერიტორია მთლიანად იტბორება.
PARK HYATT TBILISI- სასტუმროს კომპლექსი და ბიზნეს-ცენტრი 2009 წელს უნდა დასრულებულიყო. პროექტის მიხედვით, 28 სართულიანი შენობის კომპლექსი 183 ოთახზე (აპარტამენტების ჩათვლით) იყო გათვლილი. გეგმით კომპლექსი ხუთ ნაგებობას მოიცავდა, რომელშიც განთავსდებოდა ოფისები, საკონფერენციო ცენტრი, სპა, ფიტნეს-ცენტრი და რესტორნები.

გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 200 მილიონი აშშ დოლარი იყო და PARK HYATT TBILISI სასტუმროების ქსელის მმართველი მულტიეროვნული კომპანია "ჰაიატი ინტერნეიშენალის" პირველი სასტუმრო იქნებოდა თბილისში. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პროექტის ძირითადი დამფინანსებელი რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი რომან ფიფია იყო. მშენებლობას ცნობილი ჩინური კომპანია MCC20 აწარმოებდა.

რა ელოდება ამ ტერიტორიას, უცნობია. თუმცა, ეს საკითხი ლაგუნა ვერეს შესაძლო დახურვამ სოციალურ ქსელებში კიდევ ერთხელ გახადა აქტუალური. გავრცელებული ინფორმაციით, ლაგუნა ვერეზე სპორტული კომპლექსის განახლება იგეგმება და ამასთან, მიმდებარედ შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიც აშენდეს. სოციალურ ქსელებში წერენ, რომ კორპუსისთვის საძირკვლის ამოჭრისას იგივე პრობლემები იჩენს თავს და გრუნტის წყლების გამო არა ახალ კორპუსს, არამედ ახალ ტბას მიიღებენ.
ნათია ლეშკაშელი, Ambebi.ge