"ჟვანიას ცხედრის ამსახველი მასალა 2005 წელს დათა ახალაიას კაბინეტში იყო" - ვახტანგ კომახიძე

"ჟვანიას ცხედრის ამსახველი მასალა 2005 წელს დათა ახალაიას კაბინეტში იყო" - ვახტანგ კომახიძე

სოციალურ ქსელში გავრცელებული ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრების ამსახველი მასალა 2005 წელს დათა ახალაიას კაბინეტში იყო , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ განუცხადა.

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გადაღებული საგამოძიებო ფილმის ავტორის ინფორმაციით, აღნიშნული მასალა უშიშროების სამინისტროში ჟვანიას გარდაცვალების დღესვე მიიტანეს.

"სოციალურ ქსელში ორი დღის წინ გავრცელებული მასალა სავარაუდოდ სახელდახელოდ არის გაკეთებული და ვიდეოს ფორმით არ არის ჩაწერილი. დედანი არის ფოტომასალა. შეიძლება იყოს რაღაც ნაწილი ვიდეომასალიდან გაკეთებული. ამ მასალის შესახებ ვიცოდი. ჩემი მოსაზრებით, ეს არის ფოტომასალა რომლის შესახებაც მე მქონდა ინფორმაცია. მასალა, რომელზეც მე მქონდა ინფორმაცია, აღწერილობით ძალიან გავს სოციალური ქსელებით გავრცელებულს. მასალა, რომელზეც მე ვსაუბრობ, ჰქონდა უშიშროების სამინისტროს, კერძოდ დათა ახალაიას გავლენის ქვეშ მყოფ ადამიანს, გვარად კოტარიას. მათ გააკეთეს ეს მასალები. უშიშროების სამინისტროში მიიტანეს იმ დღესვე და მას შემდეგ როგორ აღმოჩნდა პროკურატურაში, უცნობია. ვიცი, რომ ეს მასალები ჰქონდათ დათა ახალაიასთან დაახლოებულ ადამიანებს. ეს მასალა დათა ახალაიას კაბინეტში იყო 2005 წელს, როცა მოხდა ჟვანიას გარდაცვალების შემთხვევა. მე ამის მოწმეები მყავს. შემდეგ ეს საქართველოდან გაიტანეს, სად წაიღეს, იყო თუ არა პროკურორის სეიფში, ეს უკვე არ ვიცი",-აცხადებს კომახიძე.

ჟურნალისტი იხსენებს, რომ როდესაც ის ფილმზე მუშაობდა, მაშინაც ამბობდნენ რომ ზურაბ ჟვანიას ჰქონდა სხვა დაზიანებებიც, რომელზეც ოფიციალურად ინფორმაცია არ ვრცელდებოდა.

ამასთან, კომახაძის ინფორმაციით, გამოძიებას ურთიერთგამომრიცხავ ჩევენებებს აძლევდა ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსი მიხეილ ძაძამიაც, რომელიც პროკურატურამ დღეს დააკავა. კომახიძე იხსენებს, რომ ძაძამია ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას აძლევდა ჟვანიას ოჯახსაც.

"მე ვარ ამისი მოწმე. ოჯახის დახმარებით ერთხელ ჩავწერე ძაძამიას მონათხრობი და ის იყო ძალიან წინააღმდეგობრივი. გამოძიებასაც მან მისცა წინააღმდეგობრივი ჩვენებები. ჯერ თქვა, რომ ალკოჰოლური სასმელი და სურსათი შეიძინა სააკაძის მოედანზე; როცა აღმოჩნდა, რომ იმ დროისთვის ის მაღაზია ვერ იქნებოდა ღია, მერე გადათქვა და თქვა, რომ შეიძინა საბურთალოს ქუჩაზე. ხომ არ შეიძლება ადამიანს, პრემიერ-მინისტრის დაცვის წევრს, რომელიც ძალიან ხშირად დადის იმ ტერიტორიაზე, აერიოს, სად შეიძინა სურსათი. ამის გარდა, ვერ აზუსტებდა, ისმოდა თუ არა გაზის ხმა, როდესაც შევიდნენ ბინაში. ის ამბობდა, რომ გაიგო გაზის ხმა, სინამდვილეში "თბილგაზს" საერთოდ გადაკეტილი ჰქონდა გაზის სიტემა და ხმას ვერ გაიგებდა. წინააღმდეგობრივი იყო მისი ჩვენება, როდესაც ამბობდა, რომ ფანჯარა გააღეს და ისე შევიდნენ ბინაში, მას შემდეგ რაც ზურაბ ჟვანია სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. შემდეგ, ექსპერიმენტის დროს, აღმოჩნდა, რომ ფანჯრიდან ისინი ვერ შევიდნენ. სხვა არაერთი მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა ჰქონდა ჩვენებაში",-აცხადებს ვახტანგ კომახიძე.

ნახეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ