გასულ კვირას საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსან ერეკლე კოდუას ბრალი წაუყენა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობის ჩადენის ფაქტზე. პროკურატურა სასამართლოს მიმართავს კოდუასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, რის შემდეგაც გამოცხადდება მისი ძებნა.
"კვირის პალიტრა" ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს ესაუბრა:
"ჩემი ემოციური მდგომარეობა, ალბათ, ხვდებით, როგორიც იქნება, თუმცა ამას ველოდი. ვინმე არ ელოდა, რომ ირაკლი კოდუას ბრალს წაუყენებდნენ? ვეცნობი საქმის მასალებს, საინტერესოც კია, ძველ პროფესიას დავუბრუნდი. მთელი დღე "ნანუკას შოუს" ვაკეთებ, საღამოს კი რეპორტიორობას ვიწყებ. საქმეში ისეთ საინტერესო რაღაცებს ვკითხულობ, კარგ ხასიათზე ვდგები. იუმორის ხასიათზე მაყენებს ზოგიერთი ჩვენება.
- "ფეისბუკზე" წერდით, რომ საბა, თქვენი შვილი, დიდი კაცივით დაგიდგათ გვერდით, არ გაგიჭირდათ მასთან ამ საკითხზე საუბარი?
- არ მინდა ვინმემ ჩათვალოს, რომ ამ თემით ვსპეკულირებ, იმიტომ, რომ შვილი ყველა ბრალდებულს ჰყავს... საბას ვუთხარი, მამიკოს მეგობრები არიან, ირაკლისთვის გადასაცემი წერილი მოიტანეს-მეთქი. პროკურორებს ისედაც კარგად გამოსდით ლეგენდების შეთხზვა და საბასთანაც კარგად გამოუვიდათ. ჰკითხეს, რა უნდა გამოხვიდეო, უნდოდათ ბავშვისთვის ემოციური ფონი შეემსუბუქებინათ და ამ დროს უპასუხა, პოლიციელი, ოღონდ ამერიკაშიო. რატომ ამერიკაშიო, რომ დაინტერესდნენ, მისი პასუხი ასეთი იყო: იმიტომ, რომ ამერიკაში პოლიციელებს დიდი "ჯიპები" ჰყავთო. საქმე რომ წავიკითხე, მივხვდი, საბამ ჩვეულებრივი ჩვენება მისცა, რომ საგვარეულოს აქვს მანქანების სიყვარული. ირაკლის ხშირად ვეხუმრებოდი, მანქანების სიყვარული დაგღუპავს-მეთქი. ეს ხუმრობით, მაგრამ სერიოზულად თუ მივუდგებით, ნურავინ მთხოვს იმის დაჯერებას, რასაც მასზე ამბობენ. ნურც იმას მთხოვენ, ობიექტური ვიყო. მე ცოლი ვარ და ეს კაცი მიყვარს. რომც არ მიყვარდეს, ზოგიერთი რამ მითია.
კაცი წელიწად-ნახევარია წასულია და როგორ ვთქვა, რომ კარგად ვარ, მაგრამ მე ირაკლი კოდუას ცოლის გარდა, სხვა სტატუსიც მაქვს და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. პროკურორს ვეკითხები, ვიცი, თქვენ სხვა საჩივრებიც გაქვთ-მეთქი. კი, მაგრამ ეს ყველაზე გამყარებული საქმეაო... ირაკლისთვის ბრალის წარდგენით ბევრი ადამიანისთვის სამართლიანობა აღდგა. ვიცი, რომ მეორე მხარეს მდგომი ადამიანები კმაყოფილი არიან ამ ფაქტით და მესმის მათი. მეც კმაყოფილი ვიქნები, პოლიციის ის უფროსი რომ დაიჭირონ, რომელმაც ჩემი ძმა დააკავა. ეს ადამიანური მხარეა, მაგრამ მეორეა სამართლებრივი მხარე. არასდროს გამოვმხტარვარ და არ მითქვამს, ჩემი ძმა უკანონოდ არის დაკავებული და მარიხუანა არ ჰქონია-მეთქი. ძნელია ბრალდებულის ოჯახის წევრობა, მაგრამ უნდა გვეყოს იმის ძალა, რომ ეს ვაღიაროთ... ჩემი წილი ირაკლი კოდუა ძალიან რომანტიკული და გულჩვილია.