თითქმის ერთი თვეა, 66 წლის იგორ ლუკინი კიევის მაიდანზე ყოველდღე მიხაკებითა და ტიტებით მიდის "ნებესნაია სოტნიას" (ზეციური ასეულის) გმირებისთვის პატივის მისაგებად.
იგორი ეროვნებით რუსია, მაგრამ ამბობს, რომ მას ერთი სამშობლო აქვს - უკრაინა. საკუთარ თავს ვერ პატიობს, თებერვლის იმ ტრაგიკულ წუთებში ბიჭების გვერდით რომ არ იდგა. ნანობს, რომ ოჯახის წევრებს დაუჯერა და სახლში დარჩა.
"ეს სინანული ცხოვრების ბოლომდე გამყვება და ალბათ, არასოდეს მომასვენებს. სინამდვილეში მსხვერპლი, რა თქმა უნდა, მეტია. ამ დრომდე 300 კაცია უგზო-უკვლოდ დაკარგული. ბევრი ისე დაიწვა, ვერც კი მიაგნეს მათი სხეულის ნაწილებს", - მეუბნება იგორი და თვალები ცრემლებით ევსება.
20 თებერვლის სისხლიანი ხუთშაბათიდან ერთ თვეზე ცოტა მეტი გავიდა - მაიდანი ახლა ის ადგილია, სადაც კაცები ცრემლებს არ მალავენ... მაიდანი ახლა ყვავილების, სანთლების, დაღუპული გმირების მემორიალების, საბურავების, კარვებისა და ბარიკადების მოედნად არის ქცეული. იქ მისულს გიჩნდება განცდა, თითქოს ღია ცის ქვეშ, ერთ საოცარ მუზეუმში მოხვდი, რომლის მთავარ ექსპონატებს შორის არის პროფკავშირების დამწვარი შენობა, ადამიანების ცემის შედეგად დამტვრეული კიბეები, იმ ადგილებზე აგებული მემორიალები, სადაც სნაიპერის ტყვიას ადამიანები ემსხვერპლნენ, ნაძვის ხის ფორმის კონსტრუქცია, რომელზეც ახლა დაღუპულთა ფოტოები, უკრაინის დროშები და სხვადასხვა პოსტერებია გამოკრული. მაიდნის "მუზეუმის" ერთ-ერთი უნიკალური "ექსპონატია" წყლის ჭავლის მანქანაც.
მაიდნისთვის ყველაზე მძიმე ღამეს (19-20 თებერვალს) სწორედ ამ მანქანიდან მიუშვეს წყალი დემონსტრანტებს, მაგრამ როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი მიყვება, მომიტინგეებმა შეძლეს მისი შეჩერება და მოგერიება. ახლა ეს მანქანა კრეშატიკზე აქვთ "გამოფენილი".
მაიდანი ახლა კიევში ჩასული ტურისტებისთვის ის ადგილია, სადაც აუცილებლად უნდა მიხვიდე, თუნდაც ქალაქის სხვა ღირსშესანიშნაობების ნახვა ვერ მოასწრო. ამიტომ მაიდანზე, ბარიკადების და კარვების მოპირდაპირედ, გადათხრილ ტროტუარზე სხვადასხვა სუვენირების გასაყიდი დახლებია გამოტანილი. დახლებზე ნაციონალურ სიმბოლიკასთან ერთად უკვე აღმოაჩენთ მაიდანის სიმბოლოებსაც - კეპებს, წარწერით "უკრაინა ერთიანია", " დიდება უკრაინას", მაისურებს ანტიპუტინური წარწერებით და იანუკოვიჩის პორტრეტიან ფეხსაგებს, წარწერით – "გაიწმინდე ფეხები".
მიუხედავად მაიდანზე ხალხმრავლობისა, ჩვენთვის, იქ ჩასული ქართველებისთვის, პირველ რიგში ერთ-ერთი თვალშისაცემი ის სისუფთავეა, რაც მაიდანზე მისულებს დაგვხვდა. რამდენიმე კვირის წინ, იანუკოვიჩის ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ხალხმა თავად დაიწყო ტერიტორიის გაწმენდა იმ ნაგვისგან, რომელიც ბოლო დღეებში წინა ხელისუფლებას პრინციპულად აღარ გაჰქონდა, არ წმენდდა ბიოტუალეტებს და როგორც ადგილობრივები ამბობდნენ, იანუკოვიჩი ამ გზითაც ცდილობდა მათზე ზეწოლას. ახლა კი მაიდანს მთელი დღის განმავლობაში დასუფთავების სამსახური ასუფთავებს და მთელ ტერიტორიაზე სიგარეტის ნამწვსაც კი ვერ ნახავთ.
მაიდნისთვის რთული და მძიმე დღეები უკვე წარსულშია. დღეს მაიდანი უფრო ძლიერი, მტკიცე, დამოუკიდებელი, მომთხოვნი და კატეგორიულია. დღეს აქ მდგომებმა ზუსტად იციან, როგორი მომავალი უნდათ, როგორ უნდა მიაწვდინონ ხმა ხელისუფლებას, რა უნდა მოითხოვონ მისგან და როგორ უნდა დაარწმუნონ ის, რომ ხალხის ხმა გადამწყვეტია.
"მაიდანი პოლიტიკოსების გარეშე, როგორც პოლიტიკური აქცია, ისე დავიწყეთ. მაგრამ პოლიტიკოსებმა შემდეგ თანდათან მაინც დაიკავეს მაიდნის სცენა. თუმცა დღეს აქ ისინი ნაკლებად ჩნდებიან. მათ უკვე იციან, რომ პოლიტიკოსები ვეღარ მოახდენენ ჩვენზე გავლენას. ევროინტეგრაციაზე შეთანხმება ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა იმიტომ, რომ საფრანგეთსა და ესპანეთში საცხოვრებლად წასვლა გვინდა. არა, უბრალოდ ევროინტეგრაცია კონკრეტულ, ანტიკორუფციულ ზომებს ითვალისწინებს, რაც ჩინოვნიკებს აღარ მისცემს ხალხით მანიპულირების საშუალებას", - მეუბნება ერთ-ერთი მაიდნელი და იქვე პასუხობს ჩემს კითხვას, რომ მისთვის კლიჩკო, იაცენიუკი, ტიაგნიბოკი და ტიმოშენკო არაფრით უკეთესები არ არიან წინა ხელისუფლებაზე. მაგრამ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ისინი ვეღარ გაბედავენ ხალხის წინააღმდეგ წასვლას, რადგან მათ ნახეს, რომ ეს ხალხი საკუთარ უფლებებს აღარვის გაათელინებს.
მაიდნის სცენიდან ახლა შიგადაშიგ ისმის გამამხნევებელი შეძახილები და უახლესი ინფორმაციები. გვერდით დამონტაჟებულ ეკრანზე კი უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების პოლიტიკური ნაწილის ხელმოწერის კადრები გადის.
"რა თქმა უნდა, ეს სასიხარულო მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის. ასოცირების შეთნხმებაზე უარის თქმა გახდა პირველად იმის მიზეზი, რომ დამოუკიდებლობის მოედანზე ხალხი გამოვიდა. მაგრამ ხალხი თანდათან მიხვდა, რომ თუ ქვეყანაში სისტემას სრულად არ შევცვლიდით, მხოლოდ ევროპასთან ასოცირების შეთანხმება არაფერს მოგვცემდა. ამიტომ ახლა აქაურობას მაიდანი ჰქვია და არა - ევრომაიდანი. ჩვენ აუცილებლად უნდა ავირჩიოთ ევროპული კურსი, რადგან ევროპაში ადამიანი, მისი ფასეულობები დაფასებულია. ჯერ კიდევ 5-6 თვის წინ ჩვენ ვერც კი ვიფიქრებდით, რომ შევძლებდით ამ ამ ფასეულობების, ჩვენი უფლებების დაცვას. 5-6 თვის ჩვენ დარწმუნებულებიც კი ვიყავით, რომ იანუკოვიჩი არა მხოლოდ 2015 წლამდე იქნებოდა პრეზიდენტი, არამედ მის შვილები და შვილიშვილებიც კი უკრაინის ერთპიროვნული მმართველები იქნებოდნენ. მაგრამ ახლა უკან აღარ დავიხევთ", - ამბობს ერთ-ერთი მაიდნელი.
მაიდანი ახლა საიმედო კონტროლიორია, რომელიც ხელისუფლებას აღარ მისცემს გაჩერების საშუალებას ქვეყნის განახლების გზაზე. მაიდანი ახლა ყურადღებით აკვირდება თითოეული მინისტრის მუშაობას, რომელიც უკვე პირდაპირ ამ ხალხის წინაშეა პასუხისმგებელი. და თუ რომელიმე მათგანმა ვერ შეძლო, ვერ გამოუვიდა და ვერ გაამართლა ხალხის იმედები, ის უნდა წავიდეს. მაიდანი ახალი ფენომენია უკრაინულ საზოგადოებაში, რომელსაც რეალურად შეუძლია ხელისუფლების კონტროლირება და მისი დაცვა კორუფციისგან, ტყუილისგან და იმ ცდუნებისგან, რასაც ხელისუფლებაში მისული ჩინოვნიკი ნებსით თუ უნებლიედ აწყდება.
მაიდნელები საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაშლას არ აპირებენ. აქ მყოფმა უკრაინელებმა მტკიცედ გადაწყვიტეს, რომ ამჯერად საქმე ბოლომდე მიიყვანონ - იცხოვრონ დემოკრატიულ და ერთიან უკრაინაში.
"არჩევნებამდე დაშლას არ ვაპირებთ. თუ საჭიროა, არც მერე დავიშლებით. ისეთი პრეზიდენტი გვინდა ავირჩიოთ, რომელიც ნამდვილ რეფორმებს გაატარებს, კორუფციას მოსპობას და ხალხს ნამდვილ, დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების საშუალებას მოგვცემს. ამიტომ უკრაინის წინა, კრიმინალური ხელისუფლებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი იყო მაიდნის განადგურება. მაიდანი კრიმინალს, საშუალო კლასის დამონებას აღარ დაუშვებს. მაიდანი აიძულებს ხელისუფლებას, რომ ქვეყანაში მოხდეს ლუსტრაცია, მისი ფართო გაგებით", - მეუბნება ახალგაზრდა მაიდნელი და იქვე დასძენს, რომ მისთვის მისაღები კანდიდატი პეტრო პოროშენკოა იმიტომ, რომ უკრაინელი ბიზნესმენი კარგი მენეჯერი და, რაც მთავარია, რუსეთისთვის მიუღებელი კანდიდატია.
და კლიჩკო? - ვეკითხები ჩემს თანამოსაუბრეს. ვიტალი კლიჩკო მისთვის კარგი სპორტსმენი, მაგრამ ცუდი პოლიტიკოსია. ამბობს, რომ კლიჩკოს პოლიტიკოსისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებები - ქარიზმა და ლიდერობა აკლია.
მაისის არჩევნებამდე კი მაიდანზე მისულთა და იქ მყოფთა უსაფრთხოებას ახლა "თავდაცვის" უიარაღო მებრძოლები იცავენ. მაიდნის "თავდაცვა", რომელიც 22 თებერვალს შეიქმნა, სხვადასხვა ასაკისა და უკრაინის სხვადასხვა ოლქში მცხოვრები მამაკაცებისგან შედგება. "თავდაცვის" მებრძოლები როგორც სტუდენტები, ასევე გამოცდილი მებრძოლები არიან, რომლებიც თავის დროზე ავღანეთსა და ჩეჩნეთში იბრძოდნენ.
მაიდნის "თავდაცვა" დამოუკიდებლობის მოედანზე და ახლო მდებარე ქუჩებზე 24 საათის განმავლობაში პატრულირებს. სწორედ ამიტომ ვერც მაიდანზე და ვერც მის გარშემო ქუჩებზე ერთ მილიციელსაც კი ვერ შენიშნავთ. თუმცა, მილიცია აქ არც არის საჭირო, რადგან როგორც კიეველები ამბობენ, მაიდნის "თავდაცვა" მათ უსაფრთხოებაზე კარგად ზრუნავს და აქ გამოსვლა დღე-ღამის ნებისმიერ დროს უსაფრთხოა.
მაიდანზე რამდენიმე ათეული კარავი დგას, საიდანაც კვამლი 24 საათის განმავლობაში ამოდის - აქ უკრაინის სხვადასხვა ოლქიდან ჩამოსული ადამიანები ცხოვრობენ. ზოგიერთები ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბრიდან, ზოგიერთები კი თებერვლის ტრაგედიიან მოყოლებული. მაიდნის კარვებს იმ ქალაქის სახელები ჰქვიათ, საიდან ჩამოსულებიც ამ კარავში ცხოვრობენ - ლვოვი, ვინიცა, ხარკოვი, ჟიტომირი... კარვების წინ კი კასრები და შეშის ღუმელები დგას, რომელზეც მაიდნელები სადილს ამზადებენ.
ზოგიერთ კარავზე ერთბაშად რამდენიმე დაღუპულის ფოტოა გამოკრული, წინ კი ყვავილები და სანთლებია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაღუპული ბიჭები ამ კარავში ცხოვრობდნენ.
"ჟიტომირსკას" კარავში მცხოვრები ოლეგი იხსენებს, რომ 20 თებერვალს დილით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ძალოვანებმა მომიტინგეების მისამართით ხმოვანი მანათობელი ყუმბარა ისროლეს. სნაიპერები რამდენიმე შენობის სახურავზე იდგნენ, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა დღემდე არავინ იცის.
"ჯერ ერთი ყუმბარა ისროლეს, შემდეგ მეორე. ჩვენებმა მოლოტოვის კოქტეილით უპასუხეს. მერე ჩვენი შევიწროება დაიწყეს, ჩვენც ვუპასუხეთ. "ბერკუტმა" მოლოტოვის კოქტეილების სროლა დაიწყო, ჩვენც იმავეთი ვუპასუხეთ. მაგრამ ჩვენი კოქტეილები ბერკუტამდე აღარ აღწევდა. რამდენიმე წუთში კი ცეცხლი გაგვიხსნეს, უბრალოდ დაგვიმიზნეს იარაღი და მიბჯრით გვესროდნენ", - იხსენებს ოლეგი.
ოლეგი ცდილობს ძალიან მძიმე დეტალების გახსნებას თავი აარიდოს. თუმცა, თავს ძალას ატანს და ამბობს, რომ სიკვდილი იმ დღეს პირველად ნახა.
"ძალიან შემეშინდა. მაგრამ მივხვდი, რომ გაქცევას აზრი არ ჰქონდა. პრინციპში გასაქცევი არც იყო, გარშემო სულ სნაიპერები იდგნენ", - მიყვება ოლეგი.
ახლა ოლეგისთვის და მისი თანამებრძოლებისთვის მთავარი მიზანია, არ დაუშვან ქვეყნის ერთიანობის დარღვევა და სათავეში ისეთი ხელისუფლების მოსვლა, რომელიც წინამორბედების შეცდომებს გაიმეორებს.
"ახლა შეცდომების დრო აღარ არის. ჩვენ რადიკალურად სხვა ხელისუფლება გვჭირდება, რომელიც სრულად შეცვლის სისტემას. მაგრამ ამ ეტაპზე ასეთი ლიდერი არ გვყავს. ხელისუფლებაში განათლებული და ჭკვიანი ხალხი გვჭირდება. მაგრამ სამწუხაროდ, ვინც მართლა განათლებულია, მას პოლიტიკაში წასვლა არ სურს", - ამბობს ოლეგი.
ოლეგს უნდა, რომ მის ქვეყანაში ყველა პროფესიის ადამიანი დაფასებული იყოს, რაც აქამდე ასე არ ყოფილა. ამბობს, რომ უკრაინაში საშუალო ხელფასი სახელმწიფო დაწესებულებებში 250 დოლარია, კერძო სექტორში კი კიდევ უფრო ნაკლები. სახელმწიფო სექტორში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი "ბერკუტი" იყო - ბერკუტელების ხელფასი 4 ათასი გრივნა (რაც დაახლოებით 700 ლარია) იყო და ამ თანხის სანაცვლოდ მიდიოდნენ ისინი უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ.
მაიდანზე საქართველო ძალიან უყვართ და ხშირად მაგალითად მოჰყავთ ის გზა, რაც ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა. აქ არც იმ ქართველებს ივიწყებენ, რომლებიც თებერვლის ტრაგიკული მოვლენების დროს დაიღუპნენ. აქ კარგად იცნობენ ჩვენს ყოფილ პრეზიდენტს. თითქმის ყველა მეორე კიეველი, რომელიც იგებს რომ საქართველოდან ვართ, აქაური ამბებითი ინტერესდება, გვეუბნება,რომ ნამყოფია საქართველოში ან სულ მცირე ქართველი მეგობარი ჰყავს, ამიტომ ძალიან თბილად გვხვდებიან, აფხაზეთს გვახსენებენ და ყირიმთან პარალელს ავლებენ.
კიევში შიშობენ, რომ პუტინი მხოლოდ ყირიმით არ დაკმაყოფილდება და მისი შემდეგი სამიზნე, შესაძლოა ხერსონი გახდეს. ამიტომ, კიეველებში დაძაბულობა იგრძნობა, თუმცა ეს უფრო მომავლის მოლოდინით არის განპირობებული, ვიდრე მიმდინარე ამბებით. კიეველები ისევ მზადყოფნაში არიან, ამბობენ, რომ პუტინს ქვეყნის დაყოფის უფლებას არ მისცემენ.
"პუტინს ჩვენი ბოლომდე დაპყრობა, ჩვენი დამონება უნდა. მაგრამ ჩვენ, უკრაინელები სწორედ იმით განვსხვავდებით რუსებისგან, რომ არ გვიყვარს მონობაში ცხოვრება. რუსებს სისხლში დიქტატურა აქვთ, ჩვენ კი თავისუფლება", - მეუბნება იგორი.
ყირიმი რუსეთია? - ვეკითხებით კიეველებს. ყირიმი კიეველებისთვის ის საკითხია, რომელზეც განსხვავებული აზრი აქვთ. ჩვენი ტაქსის ახალგაზრდა მძღოლი მიშასთვის, რომელმაც ბორისპოლის აეროპორტიდან სასტუმრომდე მიგვიყვანა, სულ ერთია ყირიმი უკრაინის ნაწილი იქნება თუ რუსეთის. მიშასთვის ყირიმი პენსიაზე გასული რუსი გენერლების კურორტია, სადაც დასასვენებლად წასვლას ჩვეულებრივი ადამიანები, მათ შორის მიშაც, ვერ ახერხებდნენ, ამიტომ დიდად არ ანაღვლებს მისი დაკარგვა.
ხელოვნებათმცოდნე ტატიანა კი ამბობს, რომ ყირიმი უკრაინაა და ყირიმელები მალე მიხვდებიან, რომ დიდი შეცდომა დაუშვეს.
"ყირიმი ჩვენთვის უკვე ისეთივე მტკივნეული თემაა, როგორიც თქვენთვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთია. მართალია, ამბობენ, რომ რეფერენდუმის მონაწილეთა 96%-მა მხარი რუსეთთან შეერთებას დაუჭირა, მაგრამ მიჭირს ამის დაჯერება. რეფერენდუმამდე რამდენიმე კვირით ადრე სხვადასხვა გამოკითხვებით, რუსეთთან მიერთებას მხარს 40% უჭერდა, ამიტომ მგონია, რომ რეფერენდუმი გააყალბეს. ძალიან ვღელავთ ყირმელ თათრებზე, რომელთაც ალბათ წინ ბევრი განსაცდელი ელით და რთული პერიოდის გავლა მოუწევთ. მაგრამ ვფიქრობ, ყირიმელები მალე მიხვდებიან, რომ შეცდომა დაუშვეს და მოატყუეს, როცა უთხრეს, რომ რუსეთის შემადგენლობაში უკეთესად იცხოვრებენ", - ამბობს ოლენა.
მაიდანის ბარიკადებს შორის გატარებული სულ რაღაც სამი საათი ჩემში შერეულ გრძნობებს იწვევს - ერთი მხრივ, ხედავ ხალხს, რომელიც მზად არის ნამდვილი გმირობისთვის, რათა თავისუფალ და ერთიან ქვეყანაში იცხოვროს და რომელიც 21-ე საუკუნეში გმირობის არნახულ მაგალითს გაძლევს. მეორე მხრივ კი ვიზიარებ მათ ტკივილს და საბრძოლო სულისკვეთებას, რომ უკრაინასთან ერთად, მსოფლიო უნდა გაერთიანდეს იმისთვის, რომ რუსეთის აგრესიის მსხვერპლი სხვა სახელმწიფოებიც კიდევ ერთხელ არ აღმოვჩნდეთ.
მარი ჯავახიშვილი
(თბილისი-კიევი-თბილისი)
Ambebi.ge