საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებაა, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ჩატარდეს ეფექტური გამოძიება, დადგინდეს დამნაშავე და მას მიესაჯოს ადეკვატური სასჯელი, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი ყველაფერს აკეთებს ამ ვალდებულებების სამართლიანად და მიუკერძოებლად შესრულებისთვის.
"ზურაბ ჟვანიას საქმეზე დამდგარია სიკვდილის ფაქტი. აქედან გამომდინარე, საქართველოს აქვს არა მხოლოდ შიდა კანონმდებლობით, არამედ საერთაშორისო ვალდებულებით ძალიან მკაფიო ვალდებულება, რომ რაც შეიძლება მალე ჩატარდეს ეფექტური, მიუკერძოებელი, სამარლიანი და ყოვლისმომცველი გამოძიება ერთადერთი მიზნით - დადგინდეს დამნაშავე და მას მიესაჯოს დამოუკიდებელი სასამართლოს ადეკვატური სასჯელი. ეს ყველაფერი არის ჩვენი საერთაშორისო ვალდებულება. ეს ვალდებულება უნდა შესრულდეს. მე ვისურვებდი, რომ ვაცადოთ გიორგი ბადაშვილს, შეასრულოს ეს ვალდებულებები, იყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი, რისთვისაც ის ყველაფერს აკეთებს. აჟიოტაჟი ამ საქმის გარშემო ამ ვალდებულებების შესრულებას ხელს არ შეუწყობს", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ამასთან, როგორც იუსტიციის მინსიტრმა განაცხადა, არ იცნობს არც ლევან ჩაჩუასა და არც სხვა პირთა დაკითვის ოქმებს.