სააკაშვილი და "ნაცმოძრაობა" ახალი რევოლუციით იმუქრება

სააკაშვილი და "ნაცმოძრაობა" ახალი რევოლუციით იმუქრება

"დასავლური ღირებულებების დაცვისა და ქვეყნის სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად, რუსთაველზე შესაძლოა მაიდანი ორი განმეორდეს და "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში მოსვლას კიდევ ერთხელ შეეცადოს - საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამის შესახებ მინიშნება პროკურატურაში მისი დაბარების შესახებ კომენტირებისას გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოში არა პუტინის ოცნების ასახდენად, არამედ პუტინის დავალებების შესრულებისაგან საქართველოს გასათავისუფლებად ჩამოვა, ეს დრო კი დადგება იმაზე ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ივანიშვილს წარმოუდგენია. რუსთაველზე შესაძლო აქციების გამართვას და ვარდების რევულუცია ორის მოწყობის მცდელობას, ხელისუფლებაში "სახიფათო თამაშის" დასაწყისად აფასებენ და ექსპრეზიდენტს რუსული ოცნებების ასრულების მცდელობაში იქით ადანაშაულებენ. პოლიტოლოგები კი მიიჩნევენ, რომ ასეთ შემთხვევაში სისხლისღვრა და დაპირისპირება გარდაუვალი იქნება, რამაც შესაძლოა ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდეც მიიყვანოს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით სააკაშვილი და "ნაცმოძრაობა" ახალი რევოლუციით იმუქრება.

"პარლამენტის უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ თუ ქვეყანა სუვერენიტეტზე უარის თქმის და რუსეთთან მიერთების გზას დაადგა, რისი ნიშნებით, მისი შეფასებით, არსებობს, საზოგადოება, მათ შორის ის ნაწილიც, რომელსაც ამ ეტაპზე "თვალებზე ბინდი აქვს გადაკრული" ამის გააპროტესტებს. "საზოგადოება დაინახავს, რომ ჟვანიას საქმე მანიპულაციაა, რომელიც ერთის მხრივ პოლიტიკური ოპონენტების ხელისუფლებიდან დევნას ისახავს მიზნად, მეორეს მხრივ კი სრული უზნეობაა. ასეთ დროს კი მოვლენები განვითარდება ისე, როგორც ვითარდება-ხოლმე. ვერ ვიწინასწარმეტყველებ როდის და როგორ მოხდება ეს, თუმცა გეტყვით, რომ ამაზე ხელისუფლების ქმედებები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. დღეს ვინც ჟურნალისტობას, პოლიტილოგობას თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლობას იბრალებს, ყველა დემოკრატიაზე და ევროპაზე საუბრობს, სინამდვილეში კი ქუჩაში რიგით გამვლელებს უფრო დემოკრატიული ზრახვები აქვთ. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ლაპარაკი ბევრს არაფერს ნიშნავს. როდესაც პოლიტიკურ ოპონენტებს დევნი, ეს ევროპასთან დაახლოებაში ხელს გიშლის. ვინც საერთაშორისო ურთიერთობები ცოტა მაინც იცის, მათ ამის ახსნა არ სჭირდებათ, თუმცა სამწუხაროდ ქვეყანაში ყველამ ეს არ იცის და ასეთ ადამიანებს ბევრი რამე კიდევ დიდხანს შეიძლება შეასაღონ. პრეზიდენტის წინააღმდეგ და ზოგადად პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკური ნიშნით დევნა საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებაა და ის, რომ პროკურატურა ამ დევნის იარაღია, ეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ხელს უშლის. ასოცირების შეთანხმების შესახებ ჯერ კიდევ სამი წლის წინ იყო ცნობილი, ასე რომ რეალური ინტეგრაცია ამის მერე უნდა დაიწყოს. იმ შემთხვევაში კი თუ ასე გაგრძელდება, მათთან დაახლოება ძალიან გაგვიჭირდება. ხელისუფლება ეროვნული ინტერესების საზიანოდ მოქმედებს, აქციის მონაწილეთა მასშტაბები კი ხალხის გამოფხიზლებაზეა დამოკიდებული," - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

"პარლამენტის უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი კი მიხეილ სააკაშვილის მიზნებს, ანტისახელმწიფოებრივად აფასებს და ამბობს, რომ მოსახლეობის განწყობიდან გამომდინარე, მის სურვილებს ასრულება არ უწერია. "ის რომ ჩამოვა და არეულობებს მოაწყობს, ანტისახელმწიფოებრივი განცხადება და პირდაპირი მუქარაა. აკეთებს მინიშნებას, რომ თითქოს მას, რომელმაც ერთ ქვეყანაში ხელისუფლება მიატოვა, რაღაც უფლებები გააჩნია იმისა, რომ რეგიონში ვითარება შეცვალოს. ეს ძალიან მტკნარი და თანაც საშიში ტყუილია. მგონი სწორედ ეს არის ის, რაც რუსეთს უნდა. იმედი მაქვს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ის ნაწილი, რომელიც თბილისშია დარჩენილი, ხვდება, თუ საითკენ მიჰყავს (სააკაშვილს) სიტუაცია. არავითარი რესურსი "ნაცმოძრაობას" იმის გამოსაჩენად, რომ დასავლური ფასეულობების დამცველები მხოლოდ ისინი არიან, არ აქვთ. მათი მოსახლეობის მხარდაჭერა კი გასული წლის 19 აპრილს გამოჩნდა, როცა ვითომდა ამ მოტივით რუსთაველის მოედანზე შეიკრიბნენ. ადამიანებს, რომლებიც ან პირადად მონაწილეობდნენ ან ტაშს უკრავდნენ სხვა ადამიანების პოლიციის ჯოხებით გაუპატიურებას, არ შეიძლება რამე ფასეულობების დაცვის პრეტენზია და ხალხის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ," - აცხადებს გია ვოლსკი.

"პოლიტილოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებაში მოსვლის შანსი "ქართული ოცნების" "კასკადური შეცდომების" დაშვების ფონზეც არ აქვს, რადგანაც საზოგადოებას გასული 9-წლიანი მმართველობა კიდევ დიდხანს ემახსოვრება.

"ბოლო სოციოლოგიური კვლევები ჯერ არავის გვინახავს, მაგრამ წინას თუ გადავხედავთ, ვნახავთ რომ მათი რეიტინგი 10%-ს ცოტათი ცდებოდა. მას შემდეგ "ნაციონალურ მოძრაობას" რაიმე ისეთი, რომ საზოგადოების ნდობა დაემსახურებინა, არ გაუკეთებია. მიუხედავად იმისა, რომ შეცდომები "ქართულმა ოცნებამაც" დაუშვა, ეს "ნაციონალების" რეიტინგს არ ზრდის. აიწონა-დაიწონას მოდელი ამ შემთხვევაში არ გამოდგება, რადგანაც მოსახლეობას დღესაც ახსოვს ის პრეტენზიები, რაც მათთან წარსულში ჰქონდათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ მათი ინიციატივით მაიდანი რუსთაველზე მოეწყო, იქ შეიძლება არა "ოცნების" მომხრეები, არამედ ანტინაციონალისტები გამოვიდნენ და "მაიდანი" მათთვისვე გახდეს სახიფათო.

"ამის თქმის საფუძველს ის მცირე შეკრებებიც იძლევა, რომელსაც პრაიმერიზის გამოსავლენად ატარებდნენ. მოსახლეობის მცირე ჯგუფების მხრიდან კონფლიქტები იქაც არსებობდა, თუმცა მაშინ პოლიციამ მათი შეჩერება შეძლო. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამ თავყრილობებმა სერიოზული მასშტაბებები მიიღო, მაშინ ვითარება შესაძლოა უკონტროლო გახდეს. "თუ "ქართულ ოცნებას" შეცდომების კასკადი ექნება, მაშინ ახალი ალტერნატივები გაჩნდება და მოსახლეობის დიდი ნაწილი მათკენ წავა და არა "ნაციონალებისკენ". ის, რომ დღეს "ნაციონალური მოძრაობა" პრორუსულობით აპელირებს, ამაში ის ქართული ოპოზიციაა დამნაშავე, რომელიც მათ უწევდა ოპონირებას. რადგანაც სწორედ "ნაციონალებმა" ჩააბარეს ქართული სახელმწიფოს ბედ-იღბლის გადაწყვეტაში ხალხი, რომელიც რუსეთის ოლიგარქებიდან იყო წამოყვანილი, ბენდუქიძეზე მაქვს საუბარი. "ნაციონალებმა" გადააბარეს ქართული ეკონომიკა რუს ბიზნესმენებს, მათ დაუკანონეს რუსებს ქართული ტერიტორიების 20%, ამის შეფასება თავის დროზე იმჟამინდელმა ოპოზიციამ არ გააკეთა და დღეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვითარება თავის სასიკეთოდ შემოატრიალა. ეს უბრალოდ ერთგვარი ხერხია, რომელსაც ისინი მიმართავენ და რომელსაც ბევრი იჯერებს," - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

"პოლიტოლოგი გია ნოდია კი "ნაციონალური მოძრაობის" მეორედ მოსვლას ამჟამინდელი ხელისუფლების პოპულარობის დაკარგვის შემდეგ, რომელიც ადრე თუ გვიან ყველას უდგება, დასაშვებად მიიჩნევს. "პრეზიდენტმა იგულისხმა სცენარი, რომელიც შეიძლება მოგვიანებით დადგეს. ზოგადი წარმოდგენა აქვს იმის შესახებ, რომ შესაძლოა დღევანდელი ხელისუფლების მოღვაწეობაც იმავე სტილში დასრულდეს, როგორც იანუკოვიჩის. ის, რომ მოწინააღდეგეების პოლიტიკური დევნაა და თანდათან მთავრობა სხვადასხვა სფეროების თავისუფალ სივრცეზე კონტროლის დამყარებას ცდილობს, ეს ცუდი ტენდენციაა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ მათ მოსვლის შანსი აქვთ. უკრაინაში პროცესები ძალიან მტკივნეულად განვითარდა, ამისგან ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ გამორიცხვით ამას ვერ გამოვრიცხავთ," - განაცხადა გია ნოდიამ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა