ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე-ჟვანია "კვირის პალისტრისთვის" მიცემულ კომენტარში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
ნინო ქადაგიძე ჟვანია:
- ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია, კიდევ რა მოუვათ ამათ მახინჯ ტვინებში. ვფიქრობ, ზურაბ ჟვანიას საქემის გამოძიება მიმდინარეობს ნორმალურად და ეს ყველაფერი - კადრების გავრცელება და ატეხილი აჟიოტაჟი იმისთვის არის, რომ გამოძიებას შეუშალოს ხელი. მე ამას არ მინდა ხელი შევუწყო და ერთადერთი, რასაც ვიტყვი, არის ის, რომ ჩვენ, ოჯახი, ხელს ვუწყობთ გამოძიება და თანახმა ვართ ყველანაირ ექსპერტიზაზე.
ტყუილებები და ბრალდებები ამათი მოგონილია და მე ამაში ვერ შევეჯიბრები. ხვალ მოვაწყობ პრესკონფერენციას და მოვყვები ყველაფერს, რაც ჩვენს შორის - ჩემსა და სააკაშვილსა და ჩემსა და ადეიშვილს შორის იყო. ეს შეეხება თანხისა და იმავე საჯაროობის საკითხს... არ მინდა ყველას ცალ-ცალკე გავცე პასუხი. ყველას ერთად გავცემ პასუხს პრესკონფერენციაზე.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძესთან შეხვედრის დეტალები გაიხსენა:
"როცა ზურაბი გარდაიცვალა, რამდენიმე ხნის შემდეგ უცნაური რაღაცების ლაპარაკი დაიწყეს მისმა ოჯახის წევრებმა - მისმა ძმამ, მეუღლემ. მეუღლეს ვთხოვე, რომ ჩემთან მოსულიყო, მოვიდა. მე ვუთხარი, რაზეა ლაპარაკი, ნინო, შენ ხომ იყავი ადგილზე, სადაც ეს მოხდა, ნახე ყველაფერი, რაც მოხდა, ყველაფერს ესწრებოდი, შენ გგონია, რომ ვინმე რამეს მალავს, ან სხვანაირად არის თუ... არა, არა მგონიაო, - თქვა, შენთან რა პრეტენზია შეიძლება მქონდესო. მაგრამ არასოდეს დამავიწყდება რაც მითხრა: ხომ იცი, ზურას როგორც ყველა პოლიტიკოსს, ბევრი ფული ჰქონდაო... მე ვუთხარი, მე ვარ პოლიტიკოსი და ნამდვილად არ მაქვს ფული და არა მგონია ზურას ჰქონოდა ფული და საიდან მოიტანე-მეთქი. ერთ-ერთმა მითხრა, რომ ორი დღით ადრე მისცა მას ძალიან დიდი თანხა და ამ თანხის ნაწილი მინდა ამოვიღოო, ალბათ იმ დაცვის თანამშრომლებმა, სანამ ჩვენ მივდიოდით, ხომ არ წაიღეს ეს თანხა შემთხვევითო.