"ჩვენ შორის დაპირისპირება ჩაცხრა!" - კონსტანტინე გამსახურდია ძმასთან ურთიერთობაზე

"ჩვენ შორის დაპირისპირება ჩაცხრა!" - კონსტანტინე გამსახურდია ძმასთან ურთიერთობაზე

ბიძინა ივანიშვილის სკანდალური განცხადებების შემდეგ, ძმებმა მაჭავარიანებმა გარკვეული განმარტებები გააკეთეს... ისე, დედმამიშვილების სხვადასხვა პოლიტიკურ გუნდში ყოფნა კონსტანტინე გამსახურდიასთვის უცხო არაა - ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას, როცა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ აქტიურ სახედ მიიჩნეოდა, მისი ძმა გიორგი გამსახურდია საკმაოდ მაღალ თანამდებობას იკავებდა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების მიმართ აგრესიულობითაც გამოირჩეოდა. "მსგავს საკითხებზე კამათი საზოგადოების პრობლემებზე მიანიშნებს", - ამბობს საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია და "ვერსიასთან" სხვა აქტუალურ საკითხებზეც საუბრობს.

- ბიძინა ივანიშვილს საზოგადოებამ ნდობის უზარმაზარი კოეფიციენტი მიანიჭა და, შესაბამისად, მის აზრს ჩვეულებრივ მოქალაქეზე მეტი მნიშვნელობა აქვს, ჩემი აზრით კი, გიორგი მარგველაშვილის საქმეა, ვის დაიყენებს გვერდით. ვანო მაჭავარიანის მარგი ქმედების კოეფიციენტი არ ვიცი, თუმცა პირადად ჩემთვის, ის ფაქტი, რომ მიხეილ მაჭავარიანის ძმაა, არაფრისმთქმელია... ერთია ოჯახური ტრადიცია, მეორე – ვინ სად დგას და რა ფასეულობებს იზიარებს. მსგავსი შემთხვევები მსოფლიო ისტორიაში არც პირველია და არც უკანასკნელი. შესაბამისად, ძმების სხვადასხვა პოლიტიკურ პოზიციაზე ყოფნა არავის უნდა უკვირდეს, მათ შორის, არც ბიძინა ივანიშვილს. ზოგადად, სამხრეთულ ქვეყნებში მიაჩნიათ, რომ ოჯახის ყველა წევრს აუცილებლად იდენტური პოზიცია უნდა ჰქონდეს, ამ შემთხვევაში, გამონაკლისი არც საქართველოა, რაც საზოგადოების პრობლემაა! საზოგადოებას შეურაცხყოფას არ ვაყენებ, თუმცა პირადად მსგავს შეხედულებებს არ ვიზიარებ. მთელი საქართველო 1991 წლის მიწურულს ორ ნაწილად გაიყო და ნათესავები, მეგობრები თუ კოლეგები განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ერთმანეთს გადაეკიდნენ. დღევანდელი გადასახედიდან, ეს უმსგავსო საქციელი იყო - პოლიტიკურ ნიადაგზე ახლობლებს შორის დაპირისპირება დაუშვებელია... მას შემდეგ, რაც პოლიტიკიდან წავედი და ჩემი ძმაც თანამდებობას არ იკავებს, ჩვენ შორის, დაპირისპირებაც ჩაცხრა, ვფიქრობ, დღეს ნორმალური ურთიერთობა მაქვს. ჩანს, ბიძინა ივანიშვილს სურს, შექმნას ისეთი პოლიტიკური სისტემა, სადაც შეუცვლელი არავინ იქნება, გიორგი მარგველაშვილის მისამართით გამოთქმული კრიტიკაც სწორედ ამ ტენდენციაზე მეტყველებს.

- ანუ ბიძინა ივანიშვილის მიზანია, შეუცვლელ ფიგურად დარჩეს?

- როგორც ჩანს, ასეა... ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური პროცესებიდან ფორმალურად გასულია, მაგრამ საზოგადოებრივი სექტორიდან სწორედ პოლიტიკურ სივრცეში მოქმედებს, სურს, ოპოზიციის ფუნქციაც შეასრულოს და ამ გზით ნაციონალურ მოძრაობას მთავარი ოპოზიციის სტატუსი ჩამოართვას. რაც შეეხება კოალიციას, "ქართული ოცნება", სააკაშვილის დანაშაულებრივი პოლიტიკის გამო, კუთხეში მიყენებული ადამიანებისგან შედგება. ოპოზიცია, განსაკუთრებით 2011-2012 წლებში, სასოწარკვეთილი იყო და გადაწყვეტილებებსაც სწორედ ასეთ მდგომარეობაში იღებდა. შესაბამისად, კოალიცია ექსტრემალურ ვითარებაში შექმნილი გაერთიანებაა. არ ვარ დარწმუნებული, სხვა ვითარებაში მაშინდელ ოპოზიციას ბიძინა ივანიშვილი ლიდერად ეღიარებინა. ბადრი პატარკაციშვილსაც მსგავსი პრობლემები ჰქონდა – მაშინ გაერთიანებულ ოპოზიციაში ვიყავი და კულუარულ ინფორმაციასაც ვფლობ... 2009 წლის აქციები სრული კატასტროფა აღმოჩნდა, ამიტომ ვამბობ, გაერთიანებული ოპოზიციის შექმნის შემთხვევაშიც კი, ბადრი პატარკაციშვილი ყველა პოლიტიკური ძალის ლიდერი ვერ გახდებოდა.

- პოლიტიკაში შესულ ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციაში, თავის დროზე, ბადრი პატარკაციშვილზე მეტი ავტორიტეტი არ ჰქონდა?

- ბადრისაც სერიოზული ავტორიტეტი ჰქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ოპოზიციაც არ იყო მზად, გაძლიერებულიყო. როცა პარტია "თავისუფლების" ლიდერი ვიყავი, კონსერვატორებსა და "ფორუმთან" გაერთიანებაზე ინტენსიურად ვსაუბრობდით, თუმცა ეს გაერთიანება ვერ შეიქმნა. როგორც ჩანს, ჩვენთვის პარტიული კულტურა ჯერ კიდევ უცხოა, ამიტომაც ნამდვილი სახალხო პარტიები საქართველოში ვერ შეიქმნა. კოალიცია კი იმის გამო, რომ ჭრელი, ეკლექტური და ერთმანეთთან დაპირისპირებული იდეოლოგიის ერთობაა, ვფიქრობ, მალე დინამიტივით აფეთქდება. გუბაზ სანიკიძის განცხადება სწორედ იმის ნიშანია, რმო ამ გაერთიანებას პირველი სერიოზული ბზარი უჩნდება. კოალიციის დაშლა, შესაძლოა, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაიწყოს, რაც ხელისუფლების ვაკუუმს გამოიწვევს და გამორიცხული არაა, ამ ფონზე, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა აუცილებელი გახდეს. პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა, ძირითადად, ასე ხდება.

- ვიდრე კოალიცია დაიშლება, საკრებულო კოლხური კოშკის რესტავრირების საკითხს განიხილავს. მსგავსი საკითხები წინასაარჩევნოდ რატომ აქტიურდება?

- კოლხური კოშკი ორი გამორჩეული ქართველის, ქართული ლიტერატურის კლასიკოსისა და რომანისტის, კონსტანტინე გამსახურდიასა და საქართველოს დამოუკიდებლობის მესაძირკვლის, ზვიად გამსახურდიას სახელს უკავშირდება. თუ ვინმე რამეს გააკეთებს, მხოლოდ მივესალმები, თუმცა ეს მარტივი პროცესი არ არის და საქმეში კულტურის სამინისტროც უნდა ჩაერთოს, ყველაფერს თავის კანონი და წესები აქვს... ვერ გეტყვით, რატომ ხდება განსაკუთრებით აქტუალური ზვიად გამსახურდიას სახელი ყოველთვის არჩევნების წინ. შესაძლოა, ვიღაცები ცდილობენ, პოლიტიკური კაპიტალი სწორედ საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელის საფუძველზე დააგროვონ, ერთი რამ კი ნათელია: ამას წინათ, ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსისა და ეგზისტენციალისტის, საფრანგეთის კულტურის მინისტრის ანდრე მალროს მოსაზრება წავიკითხე: "რა არის გოლიზმი საფრანგეთში და გოლის გარეშე? სრული იდიოტობა". მეც ვსვამ კითხვას: რა არის ზვიადიზმი ზვიადის გარეშე ან რა არის ქართული პოლიტიკური ცხოვრება ზვიადის გარეშე? - ჩემი აზრით, ისაა, რაც ნოსტალგიას იწვევს არა მხოლოდ ჩემში, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაშიც. დღემდე ცოცხალია ნოსტალგია ზვიადზე, მერაბსა და იმ ადამიანებზე, რომლებიც იდეალისტები იყვნენ და ქვეყნისთვის სიცოცხლის ბედის სასწორზე შეგდება შეეძლოთ. სამწუხაროდ, დღეს ასეთ პოლიტიკოსებს ვერ ვხედავ.

რუსუდან შელია

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა