ზურაბ ჟვანიას დედა, რემა ჟვანია საზოგადოებას თხოვნით მიმართავს, შეწყვიტოს ჟვანიას საქმეზე აჟიოტაჟი. როგორც პრესკონფერენციაზე რემა ჟვანიამ განაცხადა, მას ვერ გაუგია, ახლა როდესაც მიდის ინტენსიური გამოკვლევა, რა საჭიროა ასეთი აჟიოტაჟი ზურას საქმესთან დაკავშირებით.
"მე მესმის როდესაც იყო ჟურნალისტური გამოძიებები 7-8 წლის წინ, როდესაც არ იყო დასკვნა დადებული. მაგრამ, ახლა, როდესაც ყველამ ვიცით, რომ მიდის ინტენსიური გამოძიება, ვაცალოთ ამ გამოძიებას, ნუ შევუშლით ხელს. როდესაც იქნება დასკვნა, თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია ან პიროვნება იქნება ეჭვქვშ, რომ არ არის ობიქტურად გამოძიებული, მას შეეძლება გაასაჩივროს სტრასბურგში. გთხოვთ ყველას, ნუ გააგრძელებთ ამ კამპანიას, ეს საშინელი ტრავმაა ოჯახისთვის, ზურას შვილებისთვის" ,- განაცხადა ჟვანიას დედამ.
ზურაბ ჟვანიას ძმამ, გოგლა ჟვანიამ კი აღნიშნა, რომ ოჯახი შეგნებულად თავს იკავებდა ყოველგვარი კომენტარებისგან, ვინაიდან გამოძიება დასკვნით ფაზაში არის შესული.
"ვფიქრობდით, რომ ჩვენი ზედმეტი კომენტარი იქნებოდა საზიანო საქმის გამოძიებისთვის. მაგრამ, გუშინ მოხდა ისეთი რამ, რამაც გვაიძულა მიგვეპყრო თქვენი ყურადღება. გუშინ, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მორიგი უზნეო განცხადება გააკეთა, რომელსაც ნამდვილად ვერ დავტოვებთ უპასუხოდ", -განაცხადა გოგლა ჟვანიამ.