ავტორი:

პლუტონი მერწყულში გადავიდა: პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

პლუტონი მერწყულში გადავიდა: პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

21 იანვარს პლუტონი თხის რქიდან მერწყულში გადავიდა, სადაც მომდევნო 20 წელიწადს გაჩერდება. ამ ასტროლოგიური მოვლენის შესახებ სტატია ჩვენს საიტზე გამოქვეყნებულია და შეგიძლიათ გაეცნოთ. ახლა კი გთავაზობთ პროგნოზს ზოდიაქოს ნიშნებისთვის:

ვერძი

მერწყულში გადასვლამდე პლუტონი 2008 წლიდან თქვენი სტატუსის სახლში იყო და დაძაბულობას გიქმნიდათ. მუდმივ ცვლილებებს გიმზადებდათ. ცვლილებები უნდა გქონოდათ ოჯახში, სამსახურში და ხშირად არცთუ სასიამოვნო, რადგან პლუტონი გვაიძულებს ცვლილებას, ტრანსფორმაციას. ახლა, შეიძლება შეგეცვალოთ ის კოლექტივი, რომლის წევრიც ხართ. შეიცვლება გარემოცვა. გააქტიურდებით სოციალურ ქსელებში (ინტერნეტმაღაზია, პროექტი). ზოგიერთს გელოდებათ მესამე ქორწინება. მიხვდებით, რომ თანამედროვე პროფესიას უნდა დაეუფლოთ, პროგრესი გჭირდებათ ან კვალიფიკაცია აიმაღლოთ არსებულში. მოგიწევთ მეტი მზრუნველობა სხვის შვილებზე: გერი, ნათლული. პლუტონის გავლენით გადახედავთ თქვენს მიზნებს და მიხვდებით, რომ მეტს იმსახურებთ და გააქტიურდებით, რომ მიიღოთ სასურველი. შეიძლება შექმნათ თქვენი ჯგუფი, გახდეთ ხელმძღვანელი.

კურო

ცვლილებები გელოდებათ სტატუსში. აქამდე პლუტონი გაძულებდათ სწავლას (უცხო ენისაც), კვალიფიკაციის ამაღლებას, უცხო გარემოში ადაპტაციას. მცირე უსიამოვნებები შეიძლება ყოფილიყო პარტნიორის ნათესავებთან. შეიძლება ამ პერიოდში გეყოლათ შვილიშვილი ან იურიდიული საკითხების მოგვარება იყო აუცილებელი. ახლა პლუტონი მოგიტანთ ცვლილებებს სამსახურში, კარიერაში (მუშაობის დაწყება, პენსიაზე გასვლა, დაწინაურება). გადაწყვეტთ პირადი ბიზნესის დაწყებას. შეგეცვლებათ სოციალური სტატუსი ქორწინებით, განქორწინებით; შეიძლება გახდეთ მშობელი. იძულებით მოგიწევთ საცხოვრებელი მისამართის, მოქალაქეობის შეცვლა.

ტყუპი

პლუტონი მიგახვედრებთ, რომ დროა მიიღოთ დიპლომი, დაიცვათ დისერტაცია, აიმაღლოთ კვალიფიკაცია ან გაიაროთ სასწავლო კურსები (თუნდაც უცხო ენის), რაც წინსვლაში დაგეხმარებათ. გამორიცხული არაა, უცხო ქვეყანაში მოგიწიოთ გამგზავრებამ და იქ დამკვიდრებამ, რაც არცთუ ადვილი იქნება. ან უცხოურ კომპანიაში დაიწყებთ მუშაობას. სასურველს ტრანსფორმაციის შედეგად მიაღწევთ. შეგეცვლებათ შეხედულებები ბევრ საკითხზე. თუ მოზრდილი შვილები გყავთ, ისინი შეიძლება დაქორწინდნენ და მათ ახალ ცხოვრებასთან მოგიწიოთ შეგუებამ. თუ ასაკი ხელს გიწყობთ, შეიძლება შეგეძინოთ შვილიშვილი. ან შეიძლება თავად გაიცნოთ უცხოელი ადამიანი და გადაწყვიტოთ დაქორწინება. გამორიცხული არაა, მოგიწიოთ იურიდიული საკითხების მოგვარებამ. 2008 წლიდან დღემდე კრიზისული სიტუაციები გექნებოდათ ფულთან, მემკვიდრეობასთან, ქონების გაყოფასთან დაკავშირებით.

კირჩხიბი

დღემდე პლუტონი თქვენი პარტნიორობის სახლში იყო. შეიძლება მოდიოდნენ საქმიანი და სასიყვარულო ადამიანები, რომლებიც ძირეულ ცვლილებებს ახდენდნენ თქვენზე. არაა გამორიცხული, გამოჩენილიყვნენ მტრებიც. გქონოდათ იძულებითი ქორწინება და კიდევ უფრო მტკივნეული განქორწინება. ღალატი ან უსიამოვნებები საქმიანი პარტნიორებისგან. ახლა უნდა მოაგვაროთ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები. ცვლილებები გელოდებათ ფინანსურ საკითხებში. შეიძლება დაქორწინდეთ და პარტნიორის ფულებზე გექნებათ წვდომა. არაა გამორიცხული იყიდოთ უძრავი ქონება. ზოგიერთი მიიღებთ ალიმენტს, დახმარებას სახელმწიფოსგან. ამასთან, ვერსად გაექცევით გადასახადებს. კარგ შედეგს მოგიტანთ ფსიქოლოგიის, ბუღალტერიის შესწავლა; სხვის (პარტნიორის) ფულებთან მუშაობა. პლუტონი დაგეხმარებათ შექმნათ თქვენი ბიზნესი, ბრენდი. იმატებს ვნებიანობა და სექსუალური თავგადასავლების სურვილი.

ლომი

პარტნიორულ ურთიერთობებში გელოდებათ ცვლილებები. შეიძლება დაქორწინდეთ და მეუღლემ კარდინალურად შეცვალოს თქვენი ცხოვრება. ან შეიძლება გაქორწინდეთ და კვლავ დაქორწინდეთ ან პირიქით. ცვლილებები გელოდებათ საქმიან სფეროშიც. თქვენს ცხოვრებაში მოვლენ ადამიანები, რომლებიც კარდინალურად შეგცვლიან. თუ მომსახურების სფეროში ხართ, მოვლენ ახალი კლიენტები. აქამდე (2008-2023 წლებში) პლუტონი თქვენი ჯანმრთელობისა და სამსახურის სფეროში იყო. გექნებოდათ ძირეული ცვლილებები და ზოგჯერ მტკივნეულიც ამ სფეროებში. უსიამოვნებები გექნებოდათ ცხოველებთან მიმართებაში (დაკარგვა, დაკბენა).

ქალწული

უნდა მოემზადოთ ცვლილებებისთვის სამსახურის სფეროში. შეიძლება დაიწყოთ მუშაობა, რაც შეგიცვლით გრაფიკს, რუტინას. ზოგიერთი გადაწყვეტთ პენსიაზე გასვლას, მუშაობისთვის თავის დანებებას. მოგინდებათ პროფესიის შეცვლა და საკუთარი თავის სრულიად სხვა სფეროში მოსინჯვა. არსებულ სამსახურში შეიძლება შეგეცვალოთ კოლექტივი, ხელმძღვანელობა. სამსახურის გარდა პლუტონი ცვლილებებს მოგიტანთ ოჯახში. შეიძლება ცალკე გადახვიდეთ საცხოვრებლად. დაიწყოთ რემონტი, სახლის მშენებლობა. პლუტონი გაიძულებთ, დაივიწყოთ მავნე ჩვევები და დანერგოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი. გაიუმჯობესეთ ძილის, კვების, სუფთა ჰაერზე ყოფნის გრაფიკი. იზრუნეთ განწყობის გაუმჯობესებაზე. მოგინდებათ განვითარება, დაწინაურება. ზოგიერთი გადაწყვეტთ შინაური ცხოველის ყოლას. ამასთან, ფრთხილად უნდა იყოთ, რომ არ გახდეთ ცხოველების მსხვერპლი.

სასწორი

პლუტონი სასიამოვნო და ამაღელვებელ მომენტებს მოგიტნათ. ის თქვენი ფლირტის, გატაცებების, შემოქმედების სახლში გადადის. შვილები გაგახარებენ თავიანთი კარგი ამბებით, მიღწევებით. სასიამოვნო გახდება მათთან ურთიერთობა, თუ აქამდე გაუგებრობები და დაძაბულობები გქონდათ. საუკეთესო პერიოდია შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. შეიძლება ფული მოგიტანოთ ჰობიმ. უნდა განავითაროთ თქვენი ტალანტი. კარგი იქნება პირადი ბიზნესის დაწყება. ჰარმონიული გახდება დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. მარტოხელებს გელოდებათ რომანტიკული ნაცნობობა და თქვენს ცხოვრებაში მოსულმა ადამიანმა შეიძლება სრულად გარდაგქმნათ. ერთადერთი, რასაც უნდა უფრთხილდეთ ესაა, აზარტული თამაშები; განსაკუთრებით ფულზე. მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყოთ.

მორიელი

ცვლილებები გელოდებათ უძრავ ქონებასთან, ოჯახთან, ნათესავებთან დაკავშირებით. პლუტონი გაიძულებთ ტრანსფორმაციული ცვლილებები განიცადოთ ამ სფეროში. ზოგიერთი შეიძლება ახალი ბინის მფლობელი გახდეთ, ძველი გაყიდოთ, სხვა სახლში გადახვიდეთ საცხოვრებლად, უცხო ქვეყნის მოქალაქეობა მიიღოთ ან ემიგრაციაში გაემგზავროთ. შეიძლება სრული რემონტი გააკეთოთ ბინაში. მეტ მზრუნველობას ითხოვენ მშობლები. იყავით მათზე მზრუნველი. შეიძლება შეგეცვალოთ ოჯახის წევრთა რაოდენობა: დაქორწინდეთ, განქორწინდეთ, განცალკევებით გადაწყვიტოთ ცხოვრება. შეიძლება შეგეძინოთ შვილი ან მოზრდილმა შვილებმა დატოვონ თქვენი სახლი. 2008 წლიდან უნდა გქონოდათ ცვლილებები სამსახურში, შეიძლება მიიღეთ უმაღლესი განათლება, აიღეთ დიპლომი. ცვლილებები გექნებოდათ მეგობრების, კოლეგების გარემოცვაში ან და-ძმებთან ურთიერთობაში. ზოგიერთი კი გახდებოდით გაჯეტების ძვირად ღირებული ტექნიკის მფლობელი.

მშვილდოსანი

მომდევნო 20 წლის განმავლობაში შეგეცვლებათ მსოფლმხედველობა, დამოკიდებულება ახლობლებთან, მეგობრებთან; ზოგიერთს გამოგიჩნდებათ ახალი, გავლენიანი მეგობარი. ან შეიძლება ზოგიერთ ადამიანთან, ახლობელთანაც კი, საერთოდ გაწყვიტოთ კონტაქტი. მოგინდებათ ახალი ცოდნის, განათლების მიღება. უნდა განვითარდეთ, ჩაეწერეთ კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე, ზოგმა კი შეიძლება შეიცვალოთ პროფესია. გახშირდება საქმიანი და მეგობრული შეხვედრები, ხელშეკრულებების გაფორმება. მიიღებთ უამრავ საინტერესო და საჭირო ინფორმაციას, რასაც სათქვენოდ გამოიყენებთ. მოგინდებათ პირადი ბიზნესის დაწყება; შეიცვლით სამსახურს. გადაწყვეტთ უცხო ენის შესწავლას და ზოგიერთი გადაწყვეტთ, დახვეწოთ სასაუბრო ენა, უარი თქვათ ბილწსიტყვაობაზე. მოგინდებათ ახალი, თანამედროვე ავტომობილის შეძენა. გაფრთხილდით, არ გასცეთ დაპირებები, მოგიწევთ მათი პირნათლათ შესრულება. პლუტონის წინა ტრანზიტის დროს, 2008 წლიდან ცვლილებები უნდა გქონოდათ ფინანსურ სფეროში. შეიძლება გახდით ძვირად ღირებული ნივთების მფლობელი, გამონახეთ სამსახური ან შემოსავლის დამატებითი წყარო.

თხის რქა

უნდა მოგილოცოთ, პლუტონი გადავიდა თქვენი ნიშნიდან, რომელშიც 2008 წლიდან იყო და უამრავი ტრანსფორმაცია, კარდინალური ცვლილება მოგიტანათ, - კარგიც და ცუდიც, ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ახლა მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ ფინანსურ სფეროს. უნდა აიმაღლოთ თვითშეფასება. თუ მომსახურების სფეროში საქმიანობთ, უნდა გააძვიროთ თქვენი მომსახურება, უნდა მოახდინოთ თქვენი ნიჭის, შესაძლებლობების მონეტიზირება. თუ სამსახურის მაძიებელი ხართ მიიღებთ თქვენთვის შესაფერის ვაკანსიას. მოხდება ღირებულებების გადაფასება და ის, რაც ადრე ძვირფასი იყო თქვენთვის, დღეს შეიძლება დაკარგოს ფასი. ეცადეთ, გაწერილი ბიუჯეტი გქონდეთ. საუკეთესო დროა ფულის დასაბანდებლად, - პირად ბიზნესში, უძრავ ქონებაში, საკუთარ ჯანმრთელობაში.

მერწყული

პლუტონი თქვენს ნიშანში გადმოვიდა და ცხოვრების სხვადასხვა სფეროში კარდინალურ ცვლილებებს გპირდებათ. მოემზადეთ, იყავით დაკვირვებული, გააზრებული. ნუ შეეწინააღმდეგებით მოვლენებს, პირიქით, იყავით მომართული განახლებაზე. თუ ხვდებით, რომ პირადი ურთიერთობა სიამოვნებას არ განიჭებთ, რაღაც უნდა შეცვალოთ. ცვლილებები გელოდებათ უძრავ ქონებასთან, სახლთან დაკავშირებით. მოგინდებათ ბინის გაყიდვა ან ყიდვა. შეიძლება იძულებით მოგიწიოთ ბინის გაყოფამ სხვასთან. ცვლილება გელოდებათ სამსახურის სფეროში: პირველად გახვიდეთ სამუშაოზე, ან პენსიაზე, გადაწყვიტოთ პროფესიის მიტოვება. პლუტონი გაგაძლიერებთ, მოგქოქავთ, რომ გააქტიურდეთ, გაიუმჯობესოთ ცხოვრების სხვადასხვა სფერო. არა გამორიცხული უცხოეთში გაემგზავროთ საცხოვრებლად, სამუშაოდ ან სიყვარულის მიზეზით.

თევზები

პლუტონის ტრანზიტი საინტერესო ცვლილებებს გპირდებათ. შეგეცვლებათ მსოფლმხედველობა. თუ აქამდე ჩაკეტილი იყავით ახლა მოგინდებათ სცენაზე გამოსვლა და პირიქით, თუ აქტიური იყავით, ახლა მოგინდებათ განმარტოება, სიმშვიდეში ყოფნა. დაიწყებთ საკუთარ მავნე ჩვევებთან ბრძოლას, პლუტონი გაიძულებთ, თვალებში შეხედოთ საკუთარ შიშებს, ფობიებს და გათავისუფლდეთ მათგან. მოგინდებათ თავისუფლება, შეზღუდვებთან ბრძოლა. არაა გამორიცხული, მოგიწიოთ ემიგრაციაში გამგზავრებამ, მუშაობამ იზოლაციაში, დახურული ტიპის სამსახურში. საუკეთესო პერიოდია შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. მოგინდებათ მეტად გარკვევა საკუთარ შინაგან სამყაროში, საკუთარი თავის გამოჯანმრთელება, გაჯანსაღება; დაგაინტერესებთ აღმოსავლური ფილოსოფია, მედიცინა. ამ პერიოდში აქტიურად ჩაერთვებით ქველმოქმედებაში. გამორიცხული არაა, გააბათ ფარული რომანი, შექმნათ სასიყვარულო სამკუთხედში ან გააბათ ინტერნეტრომანი.