ავტორი:

"მოემზადეთ ჯადოსნობისთვის" - რას მოგვიტანს 2021 წლის პირველი ახალმთვარეობა, რომელიც 13 იანვარსაა

"მოემზადეთ ჯადოსნობისთვის" - რას მოგვიტანს 2021 წლის პირველი ახალმთვარეობა, რომელიც 13 იანვარსაა

წლის პირველი ახალმთავრეობა 13 იანვარს , თხის რქის 24 გრადუსში, 9:01 საათზე გვექნება. არსებობს ასეთი გამონათქვამი, "როგორც შეხვდებით ახალმთვარეობას, ისე გაატარებთ მთელ თვეს". ამიტომ, გირჩევთ, პოზიტიურად განეწყოთ და ჯადოსნურობისთვისაც მოემზადოთ. 12 იანვრამდე დაასრულეთ ყველა დაწყებული საქმე, გადახედეთ თქვენს ცხოვრებას, გამოიტანეთ ობიექტური დასკვნები და მოემზადეთ ახალი ნაბიჯების გადასადგმელად. ახალმთავრეობა ორი დღით ადრე არ გადატვირთოთ ორგანიზმი არც ზედმეტი კვებით და არც ზედმეტი ფიზიკური აქტიურობით. გახსოვდეთ, რომ უარყოფითი ემოციები გვაცლის ენერგიას, პოზიტიური კი გვავსებს. გაიღიმეთ და ახლობლები გაამხნევეთ, ყველამ არ იცის, რომ ახალმთვარეობის დღეებში ემოციურობა მომატებულია. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ამ ახალმთვარეობაზე მოხდება ძველის ნგრევა და ახლის შენება ან რაღაცის გადაკეთება უკვე არსებულის საძირკველზე. ყოველ შემთხვევაში, ძირეული ცვლილებების სურვილი ბევრს აღეძრება.

ახალმთავრეობამდე ერთი საათით ადრე გათავისუფლდით ყველა საქმისგან, ემოციისგან და ეცადეთ, სიმშვიდეში იყოთ. შეგიძლიათ სანთელიც აანთოთ, ცეცხლი წვავს უარყოფით ენერგიას. გახსოვდეთ, რომ ყოველ ახალმთვარეობაზე ენერგიით ვივსებით და სავსემთავრეობაზე ვიცლებით. ახალმთვარეობის დადგომისთანავე კი ფურცელზე ჩამოწერეთ (აუცილებლად ჩამოწერეთ კალმით ფურცელზე!) ის მიზნები და სურვილები, რაც გსურთ, რომ მთვარის ამ თვეში აგისრულდეთ (მომდევნო ახალმთავრეობა გვექნება 11 თებერვალს, მერწყულის 24-ე გრადუსში). ამასთანავე, შეადგინეთ პროგრამა, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში განახორციელებთ. სასურველია, თქვენი მიზნები ეხებოდეს კარიერულ დაწინაურებას, პირადი ბიზნესის გაფართოებას, ბინის შეძენას, დაოჯახებას.

13-28 იანვარის შუალედში გვექნება მზარდი მთვარის პერიოდი. ეს არის ზრდის, განვითარების, ახალი იდეებისა და პროექტების განხორციელების დრო. ალბათ იცით, რომ ახალმთვარეობაზე დარგული ნერგიც კი კარგად იზრდება და ნაყოფს თავის დროზე იძლევა. ამ პერიოდში შეგიძლიათ დარგოთ ან გადარგოთ ქოთნის მცენარეები ან მოამზადოთ თესლები ჩითილებისთვის. კარგი იქნება, თუ ამ პერიოდში დაიწყებთ ვარჯიშს ან გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებას. ერთადერთი გაფრთხილება უნდა მოგცეთ, როცა ახალ საქმეს იწყებთ, გაითვალისწინეთ უკურსო მთვარის პერიოდი. ამ დრო დაწყებული საქმეები ეფექტიანი არ იქნება და ენერგიას ტყუილად დახარჯავთ. გათვალეთ ყველა დეტალი, რომ უფრო მეტი სარგებელი ნახოთ. უკურსო მთვარის პერიოდში არ გირჩევთ ხელშეკრულებების გაფორმებას, ახალი ნივთების შეძენას. თუ ასეთ შუალედში მუშაობა ან გარკვეული ვალდებულების შესრულება მაინც გიწევთ, მაქსიმალურად გაფრთხილდით. იყავით მეტად დაკვირვებული საჭესთანაც.

18 იანვარს იუპიტერი ცუდად დაუპირისპირდება ურანს (ამ ასპექტს 2-3 დღე მაინც ექნება გავლენა). მოულოდნელად შეიძლება შეიცვალოს ბანალური სიტუაციაც კი. ამიტომ, ფრთხილად და წინდახედულად იმოქმედეთ. არ დაუშვათ მუშაობაში შეცდომები, არ გაფლანგოთ ფული.

22 იანვარი , პარასკევი საუკეთესო დღეა ახალი საქმეების დასაწყებად, ხელშეკრულებების გასაფორმებლად, საყიდლებისთვის. 23 იანვარს დაისვენეთ და 24-ში ისევ იაქტიურეთ. შეხვდით მეგობრებს, თანამოაზრეებს. 25 ისევ მშვიდად გავატაროთ. 28 იანვარს კი სავსემთვარეობას ველოდებით, პლუს-მინუს 2 დღე ემოციურობა პიკს აღწევს და მაქსიმალური სიმშვიდისკენ, ურთიერთგაგებისკენ მოგიწოდებთ. 26-27 -ში მთვარე კირჩხიბშია, ზოდიაქის ყველაზე ემოციურ და ბუტია ნიშანში. სავსემთვარეობას კი ლომში ველოდებით. ამ დღეს მოსაფრთხილებელია გულ-სისხლძარღვები. გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას, მეტად დაისვენეთ, მხოლოდ სასიამოვნო საქმეები შეასრულეთ. ეცადეთ, რომ გული სიხარულითა და სიყვარულით გქონდეთ აღსავსე.

29 იანვარს მარსი, რომელიც ახლა კუროს ზოდიაქოში გადაბარგდა, ლილიტს (შიშები და ცდუნება) შეუერთდება. 27-31 იანვრის შუალედში ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. არ დაიწყოთ ახალი პროექტები. ენერგია მხოლოდ კეთილი საქმეების კეთებას დაუთმეთ. და რაც მთვარია, არ აჰყვეთ პროვოკაციებს. უმჯობესია, გაატაროთ და მოითმინოთ, ვიდრე ხელჩართულ ბრძოლაში ჩაერთოთ.

30 იანვარს გონებისა და ინტელექტის მმართველი პლანეტა მერკური რეტროგრადული, უკანმავალი ხდება და გირჩევთ, ახალი საქმეები, საყიდლები და მნიშვნელოვანი შეხვედრები, თუ მგზავრობა 22 თებერვლის შემდეგ დაგეგმოთ. ამ პერიოდში კი გადააკეთეთ ან დაასრულეთ უკვე დაწყებული საქმეები.

ახალმთვარეობა ანუ ლუნაცია გვაძლევს საშუალებას, ერთი თვით ადრე განვსაზღვროთ თვის მომავალი მოვლენები. 13 იანვარს მზე და მთვარე თხის რქის ზოდიაქოში, 24-ე გრადუსში ერთდებიან. თხის რქა მიწის ნიშანია, პასუხისმგებლობისა და დისციპლინის სიმბოლოა. გვეხმარება, რომ დავისახოთ მიზანი და მერე, ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველდღიური, მუხლჩაუხრელი შრომით მივაღწიოთ სასურველს. ნატალურ რუკაში თხის რქა მართავს კარიერის სახლს, მასზე ამბობენ, რომ ის არის ერთადერთი ნიშანი, რომელიც ხედავს მიზანს და ვერ ხედავს დაბრკოლებას. ამიტომ, ჩვენც ორიენტირებულები უნდა ვიყოთ შედეგზე, გამარჯვებაზე. 13-ში მოერიდეთ აგრესიის გამოხატვას, დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმას. მეტად გამოავლინეთ სიყვარული და პატივისცემა თქვენი გარშემო მყოფების მიმართ.

ახალმთვარეობაზე ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელია ცვლილებები პოლიტიკასა და სოციალურ სფეროში. ან ცვლილებები თავად იმ ადამიანების ცხოვრებაში, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს. ცვლილებები მოსალოდნელია ძალაუფლების წარმომადგენლებშიც. ახალმთვარეობამ შეიძლება მოულოდნელი აღმოჩენები მოგვიტანოს სამედიცინო სფეროში.

ახალმთავრეობას ყველაზე მეტად იგრძნობენ ის ადამიანები, ვისი დაბადების დღეებიც უწევს 11-15 იანვრის შუალედში. აგრეთვე, მთვარის ეს თვე მნიშვნელოვანია მათთვისაც, ვისაც თხის რქის 22-26 გრადუსში პლანეტები ან სხვა მნიშვნელოვანი წერტილები აქვს განლაგებული. გარდა ამისა, განსაკუთრებული გარჯა მოუწევთ იმ ადამიანებს, ვისი დაბადების დღეც უწევს 11-15 აპრილის, 13-17 ივლისისსა და 14-18 ოქტომბრის შუალედში. იყავით ფრთხილად, მოემზადეთ აქტიური, მაგრამ დაკვირვებული, გაანგარიშებული ქმედებისთვის. ახალმთვარეობა ჰარმონიულად იმოქმედებს მათზე, ვინც დაიბადა: 11-16 მარტის, 11-16 მაისი, 13-18 სექტემბრის ან 13-18 ნოემბრის შუალედში. ნუ იჯდებით უსაქმოდ, გააქტიურდით, რომ გაიუმჯობესოთ თქვენი ცხოვრება.

ბედნიერ ახალმთვარეობას და მიზნების განხორციელებას გისურვებთ!

ზოდიაქოს რომელ ნიშანს რას მოუტანს 2021 წელი? - ახალი წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან

რას მოგვიტანს წლის ბოლო, მე-13 სავსემთვარეობა, რომელიც 30 დეკემბერსაა - როგორ უნდა შეხვდეთ მას და რას გვირჩევენ ასტროლოგები

"2020 წლის 21 დეკემბერს ხდება უმნიშვნელოვანესი მოვლენა" - ასტროლოგი გვიამობს, როგორი იქნება უახლოესი 20 წლის ტენდენციები სამყაროში