„მე არ შემიძლია ნახევრად სიყვარული ან მეგობრობა, ნახევრად ერთგულება ან მტრობა. თუ მიყვარს – მიყვარს ბოლომდე, მთელი გულით, და ამ სიყვარულისთვის ვიმეტებ ყველაფერს რაც მაბადია: დროს, ემოციებს, ძალას და თავად სიცოცხლესაც.
დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩემს გულში სიყვარული და ბედნიერება მეფობს.
ნიცშე სიყვარულს სინათლეს ადარებდა („სიყვარული ნუგეში არაა, ის თავად სინათლეა“) და მეც გულწრფელად მინდოდა, რომ ჩემი სიყვარულის სინათლეს, თუნდაც ერთი დღით, გაენათებინა ყველას გული, მათ შორის პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანებისაც, მაგრამ შევცდი. იმდენი წყევლა-კრულვა, ლანძღვა-გინება, ბოღმა და შური დავინახე, რომ წამიერად კინაღამ დავეთანხმე ნიცშეს, რომელიც წერდა, რომ „ადამიანი ყველაზე ბოროტი ცხოველია“.
ამიტომაც ახლა მივმართავ მათ, ვისი გონებაც ბოღმითა და შურით არ არის შებინდული და ვისაც უბრალოდ მავანთა პოლიტიკურმა ანგაჟირებამ სიმართლე არ დაანახა. დავიწყებ იმით, რომ ეკლესიიდან არც არავინ გამოუძევებიათ და არც არავისთვისთვის ლოცვა არ აუკრძალავთ. ეს უბრალოდ უტიფარი ტყუილია, რომელიც მის გამავრცელებელთა სინდისისთვის მიმინდვია. ჩემმა აწ უკვე მეუღლემ კი, ეკლესიაში მოსვლა 20 წუთით დააგვიანა, მხოლოდ იმიტომ, რომ საცობში მოხვდა. შესაბამისად, იოლი მისახვედრია, რომ ჩვენი მანქანების გასატარებლად, ქალაქში გზები არავის გადაუკეტავს.
არც ქორწილის მომზადებას და განსაკუთრებით ყვავილების მორთვას მოჰყოლია იმ თანხის ხარჯვა, რაზედაც ასე აპელირებდნენ გაბოროტებული ადამიანები. ყველაფერი ზომიერების ფარგლებში იყო, ვინაიდან ზომიერება ჩემი ოჯახის დაუწერელი კანონია. და თუ იმ დღეს რამეში გამოიხატა ზომიერების დაკარგვა – მხოლოდ მეგობრულ ერთგულებაში, სიყვარულში, სიხარულსა და ერთად დგომაში.
ჩემი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა არაფრით არ უკავშირდება ქვეყნის ბიუჯეტსა და სახელმწიფო სახსრებს, შესაბამისად, გაუგებარია კრიტიკოსთა პრეტენზიები დახარჯული სახსრების მოცულობასთან მიმართებაში. არ მესმის, რაზე უნდა ვაბარებდე მათ ანგარიშს?!
ქველმოქმედება სულიერი მოთხოვნილებაა და არა ვალდებულება. ადამიანი სიკეთეს შინაგანი მოთხოვნილებით აკეთებს, და თუ ქველმოქმედება რაიმე სახის ვალდებულებით იტვირთება, მაშინ ის კარგავს თავის არსსა და მადლს.
მინდა ყველას ვუსურვო, რომ გაუხსნან გული სიყვარულს. მხოლოდ სიყვარულს ძალუძს გახადოს ადამიანი უფრო ძლიერი, ქალი უფრო ლამაზი, მამაკაცი უფრო კეთილი, სული უფრო მსუბუქი, ცხოვრება კი უფრო მშვენიერი!“, – წერს ბერა ივანიშვილი „ფეისბუქში“.