ავტორი:

როგორები არიან თხის რქები - ზოდიაქოს ნიშნის ზოგადი დახასიათება

როგორები არიან თხის რქები - ზოდიაქოს ნიშნის ზოგადი დახასიათება

თქვენ ძალიან რეალისტი ადამიანი ხართ და რასაც არ უნდა აჩვენებდეს თქვენი დაბადების დანარჩენი რუკა, მაინც ძალიან მყარად დგახართ მიწაზე. კარგად ერკვევით მატერიალურ სამყაროში, საოცრად მიზანდასახული ხართ და იცით, რა როგორ უნდა გააკეთოთ.

"მე ვიყენებ" – ეს არის თქვენი კასტის დევიზი. იყენებთ ყველაფერს საკუთარი ტაქტიკური უნარებით, მოხერხებულობით, ცბიერებით დაწყებული სხვა ადამიანებით თუ მოვლენებით დამთავრებული და მიზანს ყოველთვის აღწევთ.

დროს ფუჭად არასოდეს კარგავთ. რამეს რომ ხელი მოკიდოთ, უნდა გიღირდეთ. "დრო ფულია", "ამდენი დრო არ მაქვს" და სხვა მსგავსი ფრაზები ძალიან აქტუალურია თქვენს ლექსიკონში. ვერ იტანთ ამაო და არაფრის მომცემ საუბრებს. სიტყვაძუნწიც იქნებით თუ პირადი რუკა ამ ასპექტს არ ანეიტრალებს (მაგალითად, "კაცი, რომელიც სულ ლაპარაკობს" თხის რქაა, თუმცა მის ჰოროსკოპში მზე მერკურთან არის შეერთებული, ტყუპების გავლენა შეიმჩნევა, მერკური კი "ლაქლაქა" პლანეტაა და ტყუპებიც თავისას შვრება). ბევრის მოსწრებას აპირებთ, გინდათ რამე ღირებული შექმნათ, გინდათ სასარგებლო და საჭირო გააკეთოთ თქვენთვის და მთელი სამყაროსთვის და სულ გეშინიათ, რომ ვერ მოასწრებთ.

კმაყოფილი მხოლოდ მაშინ ხართ, როცა ეფექტური ხართ, თუმცა უმთავრესი მოტივაცია მაინც აღიარებაა. შესაძლოა მოკრძალებული, თავმდაბალი და თავდაჭერილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდეთ, მაგრამ რეალურად (ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად) სხვებისთვის რაღაცის დამტკიცების სურვილით იმართებით. შიგნიდან გამუდმებით რაღაც გღრნით. დაზიანებული მზის შემთხვევაში კომპლექსების გადაფარვას ცინიკოსობით, ქედმაღლობითაც შესაძლოა ცდილობდეთ. გინდათ რომ პატივს გცემდნენ, კარგი სახელი გქონდეთ… "სახელის გატეხას, თავის გატეხა სჯობსო" - ყველაზე მეტად რეპუტაციას უფრთხილდებით. სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა ნიშანზე უკეთ ახერხებთ კიდეც იერარქიულ კიბეებზე მყარი ნაბიჯით სიარულს.

აქედან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ ძალიან ზრუნავთ იმიჯზე, მოგწონთ გემოვნებიანი, სადა და დახვეწილი ჩაცმულობა, ბრენდები, კარგი მანქანები, ძვირფასი საათები და მაღალ სოციალურ წრეში ტრიალი, თუმცა ლომივით პომპეზურად არა. თქვენ ნებისმიერ ფასად ყურადღების მიქცევა კი არ გჭირდებათ, გსურთ, რომ მეტრად იქცეთ, ავტორიტეტი მოიპოვოთ. ამიტომ მნიშვნელოვან წვეულებაზე წასვლისას გამომწვევ ოქროსფერ ან წითელ კაბას, სადა, შავი ფერი "შანელის" სამოსის ჩაცმას ამჯობინებთ.

თქვენი ყველაზე ძლიერი მხარე – დაგეგმვაა. დღევანდელი დღე არასოდეს გაკმაყოფილებთ. ვერ იტანთ გაურკვევლობებს. წინასწარ უნდა იცოდეთ, რას აპირებთ. სულ გაქვთ ხვალინდელი გეგმები. არასოდეს თმობთ. საშინლად ჯიუტი ხართ, პრაქტიკული, პრაგმატული, რეალისტი და უკიდურესად რაციონალური. გრძნობებს არასოდეს ჰყვებით და გამოსავალსაც ყოველთვის ლოგიკურს პოულობთ.

"თუ ფრენა არ ძალგიძს – ირბინე. ვერ გარბიხარ? – იარე, თუ სიარულიც არ შეგიძლია იხოხე… მაგრამ არასოდეს შეწყვიტო წინსვლა", – წერდა მარტინ ლუთერ კინგი, ჭეშმარიტად ღირსეული თხის რქა.

გინახავთ როგორ მიბაკუნობენ თხები კლდის დამრეც ფერდობებზე? როგორ იკიდებენ ფეხს მიუვალ ადგილებში? ასე ხართ თქვენც. ნებისმიერი სირთულის დაძლევა შეგიძლიათ და ნაბიჯ-ნაბიჯ, მშვიდად და აუღელვებლად წარმოუდგენელ სიმაღლეზე ასვლა. თუკი რუკა ხელს გიწყობთ ხელმძღვანელ თანამდებობებს მშვენივრად შეიფერებთ.

ხალხში შესაძლოა იშვიათად იმჩნევდეთ, მაგრამ ძალიან მარტოსული ადამიანი ხართ. ამასთანავე შინაგანი სამყაროს გამოხატვაში ძალიან თავშეკავებული და თავდაჭერილი. გარშემომყოფები ვერ წარმოიდგენენ რამდენი სევდა, დარდი იმალება თქვენი რკინის იმიჯის მიღმა. მიდრეკილება გაქვთ დეპრესიისკენ, მელანქოლიისკენ. დაზიანებული მზის შემთხვევაში, შესაძლოა კომპლექსები ქედმაღლობით, ირონიულობით გამოავლინოთ. ემოციების აფიშირება არ გჩვევიათ, თუკი მთვარე რომელიმე ცეცხლოვან ნიშანში არ გყავთ და როგორ ახლობლადაც არ უნდა მიგაჩნდეთ, მაინც ყველასთან, საკუთარი ოჯახის წევრებთანაც კი, ინარჩუნებთ დისტანციას.

ამ ყველაფრის გამო, ცოტა უხასიათო და შეიძლება ითქვას, ცოტა უჟმური ადამიანის შთაბეჭდილებასაც კი ტოვებდეთ, მაგრამ უკლებლივ ყველა ძალიან დიდ პატივს გცემთ.

დაბადებით სერიოზული და პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე თხის რქები, რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, ხანდახან იუმორისტის პროფესიასაც ირჩევენ, რადგან შესანიშნავი იუმორიც აქვთ და ბუნებრივად ცინიკურები და სარკასტულები არიან. მათ კი საკუთარი უნარების ფუჭად დაკარგვა არ უყვართ. ყველა ნიჭის რეალიზებას ახერხებენ.

არ გიყვართ რისკი, გირჩევნიათ კარგად დაცდილი და ნამდვილი საქმეები. ერთ ადგილზე კი არ იჭედებით ხოლმე, უბრალოდ პატივს სცემთ იმათ, ვინც თქვენამდე იშრომა და რაღაც წარმატებას მიაღწია.

საერთო ჯამში ძალიან ორგანიზებული, სანდო და საიმედო ადამიანი ხართ, ყველა ახლობლის ძლიერი დასაყრდენი.

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - სწავლა, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული...

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის - რა ცვლილებები გელით პირადი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში