ქალწული ლიდერად არასოდეს იბადება. ამიტომ, ტიპური ქალწული, მეფის მრჩეველი უფროა, ვიდრე თავად მეფე. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანებს, მსხვილი კომპანიის პრეზიდენტობას, ყოველთვის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ან სულაც მრჩევლის პოსტი ურჩევნიათ. ქალწულის ანალიტიკური გონება და ნიჭი სამუშაო მაგიდასთან, ურთულესი პროექტების დეტალურად დამუშავებისას მჟღავნდება და არა დიდი აუდიტორიის წინაშე, საჯარო გამოსვლების პროცესში. თუმცა, ზოგიერთი ქალწულის მუშაობის მეთოდიკა, გარშემო მყოფთათვის იმდენად გაუგებარია, რომ მათ ხშირად ორპირობაშიც კი სდებენ ბრალს. მაგრამ ამგვარი მოსაზრება უდაოდ მცდარია, პირიქით იმ შემთხვევაშიც კი, როცა გარემოება აიძულებს ქალწულს ტყუილი თქვას, იგი ამას ძალიან იშვიათად და უხალისოდ აკეთებს. აღსანიშნავია ისიც, რომ წლების მანძილზე ყოველდღიურ, იძულებით თვალთმაქცობას, ბევრი ქალწული ძლიერ, ნერვულ აშლილობამდეც კი მიუყვანია.
კიდევ ერთი ასპექტი, რაც ქალწულ უფროსს მოთმინებას აკარგვინებს გახლავთ ის, რომ მას ვერაფრით გაუგია, რისთვისაა საჭირო ისეთი უაზრო მოვალეობების შესრულება, როგორიცაა: შეხვედრები, გაცილებები, ოფიციალური სადილ-ვახშმები და სხვადასხვა სახის სისულელე. აქედან გამომდინარე, ქალწული უფროსი მცირერიცხოვან და კარგად ნაცნობ კოლექტივთან მუშაობას არჩევს, ვიდრე ცნობილი ”ფირმა-გიგანტის” ხელმძღვანელობას.
თუ სწრაფი, ზუსტი, საზრიანი და მოწესრიგებული ადამიანი ხართ, ქალწულთან მუშაობა არ გაგიჭირდებათ. მიუხედავად გარკვეული პედანტურობისა, თქვენი უფროსი არც ისე ცუდი პიროვნებაა. თუ რაიმე გტკივათ, იგი აუცილებლად გითანაგრძნობთ და სახლში ადრე წასვლის უფლებასაც უყოყმანოდ მოგცემთ. სამაგიეროდ, არასოდეს გაპატიებთ დაკისრებული საქმისადმი, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას, მოუწესრიგებელ სამუშაო ადგილს და არაპუნქტუალურობას.