ხან გენიოსად ჩათვლით, ხანაც აბსოლუტურად სულელ, გაუზრდელ და უტაქტო ხეპრედ. მართლაც, იგი ზოგჯერ სპილოსავით ტლანქია, პერიოდულად კი დოღის ცხენივით გრაციოზული. დღეს თუ ყველა თანამშრომლის დასანახავად, ფაქტობრივად არაფრის გამო გამოგლანძღათ და გგონიათ, რომ მას უბრალოდ ეჯავრებით, ხვალ თავისთან კაბინეტში დაგიბარებთ და უახლოეს მომავალში, დაწინაურებას თუ არა, ხელფასის მომატებას მაინც დაგპირდებათ. მაგრამ ვშიშობ თქვენი იმედები ამაოა, რადგან კარგ განწყობაზე მყოფმა, ეს ადგილი ერთბაშად ოთხ თანამშრომელს აღუთქვა (თუ მეტს არა!). საბოლოო ჯამში, ერთ მშვენიერ დღეს გასაკვირი არაა, უფროსის ამგვარი საქციელით გაღიზიანებულს, ყველაფერი ყელში ამოგივიდეთ და ურთიერთობის გასარკვევად, მისი კაბინეტისკენ გეზი საომარი შემართებით აიღოთ. თუმცა ბოსი, კაბინეტში ალბათ ნაკლებად დაგხვდებათ. უფრო მეტიც, შესაძლოა იგი რამდენიმე დღით, ან სულაც რამდენიმე კვირით საქმიანი მოლაპარაკებების საწარმოებლადაც კი გაემგზავრა საზღვარგარეთ.
ხეტიალის მოყვარული მშვილდოსანი, არასოდეს გაუშვებს ხელიდან შანსს, საქმიანი ვიზიტების პარალელურად, "არასაქმიანი ვიზიტებიც" ოსტატურად აწარმოოს და რაც შეიძლება, დიდი ხნით გაიხანგრძლივოს სამივლინებო დრო. ამასობაში კი თქვენ იმაზე დაფიქრებასაც მოასწრებთ, რომ თქვენს უფროსს, ნაკლთან ერთად უამრავი ღირსებაც გააჩნია. იგი იშვიათად ბუზღუნებს, თუ ფინანსურად გიჭირთ, ხელფასის წინასწარ აღების ნებას დაგრთავთ. შესაძლოა, საკუთარი ფულიც გასესხოთ!
მშვილდოსან უფროსს უყვარს მოზროვნე და მხიარული ბუნების თანამშრომლები, კარგი დროსტარებისა და დასვენების ფასიც იცის. ამიტომ, ხშირად აწყობს პიკნიკებს ბუნებაში. მართალია, ვერასოდეს განსაზღვრავთ, რას გიმზადებთ ხვალ, მაგრამ თუ მასსავით ოპტიმისტი ხართ, ეს არც ისე მნიშვნელოვანი უნდა იყოს თქვენთვის.