მნათობების მიერ მონიჭებულ ამა თუ იმ ნიჭს ან შესაძელბლობას მთლიანად ჩვენივე ძლიერი ნება განაპირობებს. უმაღლესი პლანეტები რუკაში (მზე – ცნობიერი, მთვარე – ქვეცნობიერი, მერკური – აზროვნება და ა.შ.) ჩვენში არსებულ სახასიათო შტრიხებზე მეტყველებენ. მათგან ერთ-ერთი უმთავრესი სიყვარულის უნარი და პირად ურთიერთობაში გონივრულად მოქმედების ნიჭია. თუმცა, იმის მიხედვით, თუ სად, რომელ ზოდიაქოში და სახლშია განთავსებული პირადი კოსმოგრამის მიხედვით პლანეტა ვენერა, შესაძლებელი ხდება ვივარაუდოთ ამა თუ იმ ინდივიდის პირადი ცხოვრების პერიპეტიები. მისი მიდრეკილებები, სიმპათიები და გამოხატვის ფორმა ემოციური კუთხით. როცა საქმე სიყვარულს ეხება...
ვენერა ლომის ზოდიაქოში
ადამიანები, რომლებიც ვენერას ამგვარი მდებარეობით იბადებიან, ეპატაჟურები და უზომოდ ამბიციურები არიან. მათ აქვთ მიდრეკილება ნებისმიერი სიტუაციის დრამატიზაციისკენ და ყოველთვის არის ამ ადამიანების საქციელში თეატრალურობის მარცვალი. ვენერით ლომი სიცოცხლისმოყვარული, ენერგიული ტიპაჟია. იგი აღმერთებს გართობას, გემრიელად ჭამა-სმას და სხვადასხვა სახის სანახაობებს. თავადაც ძალიან უყვარს სტუმრების გამასპინძლება, პომპეზური წვეულებების ორგანიზება და თავის წარმოჩენა ამ მხრივ.
ეს ადამიანი უზომოდ ამაყი და თავმოყვარეა. მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა და ამას არც არასოდეს მალავს. როგორც წესი, იგი ძალიან ესიმპათიურებათ ბავშვებს (ლომი ხომ მეხუთე სახლის მმართველია, რომელიც თავის მხრივ შვილიერებაზე აგებს პასუხს), თუმცა თავადაც არანაკლებ მოსწონს პატარები. ვენერით ლომს გამუდმებით ესაჭიროება შექება, წახალისება და კომპლიმენტი, ამიტომ გვერდით ისეთი პარტნიორი უნდა ჰყავდეს, რომელიც ასეთ "გმირობებზე" არასოდეს დაჰზარდება. თუმცა, თუ იგი მეორე ნახევრისგან შესაბამის სითბოს ვერ იღებს, სინდისის ქენჯნის გარეშე შეუძლია აპლოდისმენტების მოსასმენად სხვა აუდიტორია მონახოს.
ვენერით ლომს დახვეწილი გემოვნება და ფერის/ფაქტურის შესანიშნავი აღქმა გააჩნია, ამიტომ გასაკვირი არ არის რატომ იბადება საკმაოდ ბევრი დიზაინერი ვენერას სწორედ ამ მდებარეობით. გარდა ამისა, ამ ხალხს არანაკლებ იზიდავს თეატრი, კინო, ლიტერატურა და მწერლობაც. ვენერას ამგვარი განლაგების მქონე ინდივიდი, როგორც წესი, გულუხვი და კეთილია. მას, რა თქმა უნდა, პარტნიორის ერთგულებაც უპრობლემოდ შეუძლია, თუ ეს უკანასკნელი ნამდვილად იმსახურებს ამას.
ვენერას დაზიანების შემთხვევაში, ადამიანს ახასიათებს უსაფუძვლო ეჭვიანობა, სნობიზმი და თავაშვებულობა სექსუალური კუთხით. ხშირად იცვლის ბევრ პარტნიორს, ერთადერთი და ჭეშმარიტი სიყვარულის ძიებაში.