მნათობების მიერ მონიჭებულ ამა თუ იმ ნიჭს ან შესაძელბლობას მთლიანად ჩვენივე ძლიერი ნება განაპირობებს. უმაღლესი პლანეტები რუკაში (მზე-ცნობიერი, მთვარე-ქვეცნობიერი, მერკური- აზროვნება და ა.შ) ჩვენში არსებულ სახასიათო შტრიხებზე მეტყველებენ. მათგან ერთ-ერთი უმთავრესი სიყვარულის უნარი და პირად ურთიერთობაში გონივრულად მოქმედების ნიჭია. თუმცა, იმის მიხედვით თუ სად, რომელ ზოდიაქოში და სახლშია განთავსებული პირადი კოსმოგრამის მიხედვით პლანეტა ვენერა შესაძლებელი ხდება ვივარაუდოთ ამა თუ იმ ინდივიდის პირადი ცხოვრების პერიპეტიები. მისი მიდრეკილებები, სიმპათიები და გამოხატვის ფორმა ემოციური კუთხით, როცა საქმე სიყვარულს ეხება...
ვენერა მორიელში (დატყვევებული ვენერა)
ვენერა კუროს და სასწორის მმართველი პლანეტა გახლავთ, ამიტომ კუროს ოპოზიციურ ნიშანში – მორიელში, იგი თავს საკმაოდ არაკომფორტულად გრძნობს, რაც ვენერას ამგვარი კომბინაციის მფლობელ ადამიანებზეც აისახება.
მათ, ვისაც პირადი რუკის მიხედვით ვენერა მორიელის ზოდიაქოში აქვს განთავსებული, სიყვარულზე საკმაოდ არაობიექტური და დეგრადირებული წარმოდგენა გააჩნიათ. ამიტომ ამ ხალხის აღქმა ზოგადად როგორ უნდა უყვარდეთ ყოველთვის დესტრუქციული ხასიათისაა. ვენერა მორიელში "მძაფრი ემოციებით" იკვებება. რომელსაც იგი პარტნიორის ნერვების "წრთობის" ხარჯზე აგროვებს. თუმცა, იმის თქმა, რომ პარტნიორის ტანჯვასთან ერთად თავად ვენერას მფლობელი ნაკლებად იტანჯება უსამართლობა იქნება. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ვენერას მორიელში სწორედ ტანჯვა და სიყვარული მიაჩნია სინონიმებად.
ამიტომ ურთიერთობა, სადაც არ არსებობს სადო-მაზოხისტური ელემენტები და მსხვერპლი-ჯალათის სცენარით დაწერილი სიტუაცია, მორიელის ვენერის მქონე პიროვნებას ძალიან მალე ბეზრდება და თავად იწყებს ურთიერთობაში ყველაფერის ნგრევას, რაც აქამდე პარტნიორთან ერთად უშენებია. ვენერა მორიელში ეჭვიან, მესაკუთრე და დრამატულ პიროვნებას ნიშნავს, როცა საქმე სისიყვარულო რომანებს ეხება. ასეთი ადამიანი იხიბლება იდუმალებით მოცული, არაპროგნოზირებადი და მოუხელთებელი ხალხით. იგი ძირითადად საკუთარ ემოციებზე ორიენტირებული ნატურაა, აქედან გამომდინარე, იშვიათად ითვალისწინებს იმას თუ რას განიცდის პარტნიორი რეალურად. მას მოსწონს დრამატიზმი, მისი რომანები ყოველთვის სავსეა სკანდალებითა და ხმაურიანი გარჩევებით პარტნიორთან. ასეთ ადამიანს იმდენად ინტენსიურად უყვარს მეორე ნახევარი, რომ მისი სიყვარული წამის მეასედში შეიძლება უზომო სიძულვილად იქცეს, თუკი ღმერთმა დაიფაროს და სიყვარულის ობიექტი მის კეთილგანწყობას ვერ მოუფრთხილდა.
ვენერა მორიელში ყოველთვის ეძებს (და იზიდავს!) ფატალურ, საბედისწერო პარტნიორებს, რომელთაც ძალა შესწევთ ამ ადამიანში ველური ვნებები და მძაფრი ემოციები გააღვივონ. ასეთ ადამიანს განსაკუთრებით მოსწონს, როცა სასიყვარულო ფრონტზე წინააღმდეგობების გადალახვა და თავზეხელაღებული საქციელის ჩადენა უხდება. აქედან გამომდინარე, მას დაუფიქრებლად შეუძლია სასწორზე საკუთარი სიცოცხლე და უსაფრთხოებაც კი დადოს, როცა საქმე სასურველი პარტნიორის გულის მოგებას ეხება და საამისოდ რაიმე ძალზე სერიოზული ბარიერი არსებობს (მაგ. დაოჯახებული ადამიანი შეუყვარდა, ინტერესის ობიექტს სხვა მოსწონს და ა.შ.).
ვენერას მორიელში ასევე ახასიათებს, უკვე დაკარგული პარტნიორის მიმართ გრძნობების რეანიმირება და გააქტიურება, თუკი მან აღმოაჩინა, რომ ეს უკანასკნელი უიმისოდაც ახერხებს ბედნიერი იყოს ან თავად მას მორიგ ურთიერთობაში, ახალ პარტნიორთან "ცეცხლი" შემოაკლდა. ამ ადამიანებს განსაკუთრებული სიმძაფრით გადააქვთ სიყვარულში უარყოფილის როლი. ასეთ დროს ვენერა მორიელის მქონე პიროვნებისთვის შეიძლება ინტერესის ობიექტი აკვიატებულ იდეაფიქსადაც კი იქცეს, რომელსაც შესაძლოა ხანგრძლივი დროის მანძილზე დევნიდეს საპასუხო სიმპათიის მოსაპოვებლად ან დასასჯელად.
იმ შემთხვევაში თუ ვენერას დაზიანება აღენიშნება, ადამიანს ახასიათებს სხვადასხვა სახის სექსუალური გადახრები და სადიზმისკენ მიდრეკილება. განსაკუთრებული დისჰარმონიული ასპექტების შემთხვევაში (განსაკუთრებით პლუტონთან ცუდი ასპექტაციისას) ადამიანი შეიძლება სექსუალურ მანიაკადაც ჩამოყალიბდეს, რომელიც საკუთარ მოთხოვნილებებს გაუკუღმართებული მეთოდებით იკმაყოფილებს.