მნათობების მიერ მონიჭებულ ამა თუ იმ ნიჭს ან შესაძელბლობას მთლიანად ჩვენივე ძლიერი ნება განაპირობებს. უმაღლესი პლანეტები რუკაში (მზე-ცნობიერი, მთვარე-ქვეცნობიერი, მერკური- აზროვნება და ა.შ) ჩვენში არსებულ სახასიათო შტრიხებზე მეტყველებენ. მათგან ერთ-ერთი უმთავრესი სიყვარულის უნარი და პირად ურთიერთობაში გონივრულად მოქმედების ნიჭია. თუმცა, იმის მიხედვით თუ სად, რომელ ზოდიაქოში და სახლშია განთავსებული პირადი კოსმოგრამის მიხედვით პლანეტა ვენერა შესაძლებელი ხდება ვივარაუდოთ ამა თუ იმ ინდივიდის პირადი ცხოვრების პერიპეტიები. მისი მიდრეკილებები, სიმპათიები და გამოხატვის ფორმა ემოციური კუთხით, როცა საქმე სიყვარულს ეხება...
ვენერა მშვილდოსანში
ადამიანი ვისაც ვენერას მსგავსი კომბინაცია აქვს პირად რუკაში, ბუნებით იდეალისტი და მეოცნებეა, ასეთი ხალხი კარგი იუმორის გრძნობით და კომუნიკაბელურობითაა დაჯილდოებული. თუმცა მათ აქვთ ერთი ძალიან დამახასიათებელი თვისება – ქრონიკული მიდრეკილება ფლირტისკენ. ზოგადად ამგვარი ვენერას მფლობელისთვის ძალიან იოლია საკუთარი ემოციების უშუალოდ გამოხატვა. იგი მეგობრული და გულღიაა, თუმცა ძალიან უყვარს დამოუკიდებლობა და თუ ვინმე მისი თავისუფლების შეზღუდვას ცდილობს, თუნდაც სიყვარულის სახელით, უბოდიშოდ იშორებს თავიდან.
ამ ადამიანებს ძალიან სწორი, ჯანსაღი აღქმა აქვთ მორალის, საზოგადოებრივ-ეთიკური ნორმებისა და ეტიკეტის საკითხში. მათი ცხოვრებისეული მიდგომა უფრო კლასიკურია, ვიდრე ულტრა-თანამედროვე. ისინი აფასებენ სილამაზეს, დახვეწილობას და ხარისხს ურთიერთობაში.
ვენერით მშვილდოსანს უყვარს სპორტი, მოგზაურობა, მეგობრებთან ერთად დროსტარება და აზარტული თამაშები. მას ძალიან ესიმპათიურება ხალხი, რომელთაც ფილოსოფიური აზროვნების უნარი გააჩნია. ამ მხრივ თავადაც სიამოვნებით ერთვებიან ხოლმე სხვადასხვა სახის ინტელექტუალურ დისკუსიაში, მოსწონთ აზრების გაცვლა-გაზიარება.
ძალიან ხშირად ვენერით მშვილდოსნები საკუთარ ცხოვრებას უცხოელ ან შერეული სისხლის მქონე პარტნიორს უკავშირებენ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მათ ყველაფერი იზიდავთ რაც სხვა ქვეყნის კულტურის, მსოფლმხედველობისა და ტრადიციების გაგებაში დაეხმარებათ.
ვენერით მშვილდოსნები ზოგადადაც ძალიან იხიბლებიან უცხოეთით და მაქსიმალურად ცდილობენ ბევრი იმოგზაურონ.
მათთვის სიყვარული პირველ რიგში მეგობრობას ეფუძნება. ამიტომ პარტნიორთან საერთო ინტერესები და მიზნები უნდა აკავშირებდეს ამგვარი ვენერას პატრონს. თუმცა ქორწინების შემდეგაც იტოვებს იგი უფლებას აღფრთოვანება და პატივისცემა ღიად გამოხატოს საპირისპირო სქესის წარმომადგენლების მიმართ. ამიტომ ეს მის პარტნიორს კარგად უნდა ესმოდეს. საქმე ისაა, რომ ვენერით მშვილდოსანს თავად სიყვარული უყვარს, აქედან გამომდინარეობს მისი პოეტურ-იდეალისტური დამოკიდებულება ამ გრძნობის მიმართ. შესაბამისად, იგი შეიძლება ხშირად პლატონურადაც იყოს შეყვარებული მისთვის სრულიად უცნობ ადამიანზე.
თუკი ვენერას პირად რუკაში განსაკუთრებული დაზიანებები აღენიშნება, ეს იმას ნიშავს რომ ინდივიდი ზედმეტად ზედაპირულად და უპასუხისმგებლოდ ეკიდება პირად ურთიერთობებს. არის ჭირვეული და ეგოისტი. ამასთან ერთად, დაუკვირვებლად და ყოველგვარი მორიდების გარეშე ფლირტაობს საპირისპირო სქესთან, ან ცდილობს თავზე მოახვიოს სხვებს საკუთარი სიმპათია.