ექსპერტ-კინოლოგის რჩევები ძაღლის აყვანის მსურველთათვის

ექსპერტ-კინოლოგის რჩევები ძაღლის აყვანის მსურველთათვის

ბოლო დროს ყველანაირი ჯიშის, ზომისა და ფორმის ძაღლის ყოლა თითქოს მოდაში შემოვიდა. თუმცა ხშირია შემთხვევა, როცა ძაღლის ახალბედა პატრონებს ცხოველის მოვლა ჰბეზრდებათ და ან გააჩუქებენ, ან თავიდან მოიშორებენ და ქუჩაში უშვებენ... ექსპერტ-კინოლოგი დათო ცხვედიანი უკვე წლებია ძაღლის სხვადასხვა ჯიშს იკვლევს, სწავლობს, მათთან მეგობრობს და მიიჩნევს, რომ ნებისმიერი სახეობის ცხოველის არჩევას დიდი სიფრთხილე სჭირდება.

- სანადირო მეძაღლეობა კინო­ლოგიის ერთ-ერთი ნაწილია. მასში შედის მეძებრები, მდევრები, მწევრები და სოროს ძაღლები, ე.წ. სპანიელები. მდევრებით ნადირობენ ცხოველზე, ანუ ისინი ნადირის ძაღლებად მიიჩნევიან. მეძებრები, ძირითადად, ფრინველზე მონადირე ძაღლები არიან. მწევრები ჩვენთან თითქმის აღარ გვხვდება, რადგან აქ მათთვის საჭირო პირობები არ არის. ისე კი, ამ სახეობის ფუნქცია გაქცეული ნადირის დევნა და დაჭერაა. მდევარი ნადირს ეძებს და პოვნის შემდეგ იმდენ ხანს მიჰყვება კვალზე, სანამ მას მონადირე მოიხელთებს. სოროს ძაღლი ცხოველს, მელიას ან მაჩვს სოროში უვარდება და იქვე გაგუდავს ან იქიდან გამოაქცევს და გზაში მოიხელთებს.

სანადირო კინოლოგიაში გამოსაყენებელი ძაღლი ძალიან ბევრ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს... მოდით მასზე საუბარს ცოტა შორიდან დავიწყებ, რადგან ბავშვობიდან გატაცებული ვიყავი ნადირობით, ყველაზე კარგად მონადირე ძაღლებში გავერკვიე. ამ კატეგორიის ამოსავალი წერტილი არის ნადირობა, მაგრამ სხვა თვისებებიც უნდა ჰქონდეს. წლების წინ, როცა ამ სფეროთი დავინტერესდი, "მონკავშირთან" არსებულ სანადირო მეძაღლეობის სექციას მივაშურე, სადაც რამდენიმეთვიანი სპეციალური კურსები გავიარე. იქ მიღებული განათლება პრაქტიკაშიც ძალიან გამომადგა. თან ჩემი უფროსი მეგობრებისგანაც ბევრი რამ ვისწავლე და შემდეგ ამ საქმის ხელმძღვანელობა ჩავიბარე. თეორიულთან ერთად, სა­ველე პრაქტიკასაც გავდიოდით, რაც გამოფენებისა და საველე გამოცდებში გამოიხატებოდა. რადგან სამონადირეო კინოლოგიის მიმართულებით ვმუშაობ, ძირითადად მონადირე ძაღლებთან მაქვს ურთიერთობა.

- გამოფენაზე გაყვანილი ცხოველი რა კრიტერიუმით ფასდება?

- ძაღლები გამოფენისთვის სამ ასაკობრივ ჯგუფად იყოფა და მათი შეფასება ექსტერიერულად, ანუ გარეგნულად ხდება, შემდეგ კი მათი სანადირო თვისებები მოწმდება. ეს გამოფენები გვიან გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში იმართება, რადგან ამ დროს კლიმატი ცხოველისა და ადამიანისთვის ყველაზე ხელსაყრელია...

- ძაღლი სპეციალისტმა უნდა გაწვრთნას?

- არ არის აუცილებელი, თუმცა, რა თქმა უნდა, უკეთესია, თუ ძაღლის პატრონი სპეციალისტის, მგეშავის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს. ისე კი, ჩვენთან ძაღლების უმეტესობას თავად მონადირეები წვრთნიან. მან იცის, რა ჯიში უნდა აირჩიოს, ზოგს სეტერი უნდა, ზოგს კურცხაარი. ყველა ჯიშს თავისებური მიდგომა სჭირდება. მისი გაწვრთნა 8-10 თვის ასაკში იწყება. ამ დროს მისი სანადირო თვისებები მოწმდება. სანადირო მეძაღლეობა დანარჩენისგან იმით განსხვავდება, რომ საველე შემოწმებისა და ექსტერიერულის შეფასების გარდა, მის წარმოშობასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

- "წარმოშობაში" მის მშობლებს გულისხმობთ?

- დიახ, რა ხარისხის ძაღლები იყვნენ მშობლები, ამის შემდეგ მოდის უკვე შთამომავლობა. თუ ლეკვია, შვილები ჯერ არ ეყოლება, მაგრამ 5-6 წლის ძაღლს უკვე შთამომავლობაც უნდა ჰყავდეს, ასეთი ძაღლი დამატებით ქულებსაც იღებს. ყურადღება ექცევა მათ გარეგნულ მხარესა და "ნიჭს"...

- რა თვისებებით ხასიათდებიან დიდი ჯიშის, აგრესიული ძაღლები? მაგალითად კავკასიური ან გერმანული ნაგაზი, მეცხვარე...

- მათ საყარაულო თვისებები აქვთ. თუ თვინიერება და ხასიათის სირბილე გამოაჩინეს, ვერაფერში გამოიყენებ. საერთოდ, ინსტინქტი ყველა ჯიშის ძაღლს აქვს, მაგრამ მას გაღვიძება სჭირდება. ამისთვის კი სწორი მიდგომაა საჭირო. თავიდანვე რთული დავალებების მიცემა არ შეიძლება, - "ადექი", "დაჯექი" - ამით იწყება. ძაღლს ნივთების მოტანა და სისუფთავე უნდა ასწავლო. ანუ, როცა მას "გარეთ გასვლა" უნდა, პატრონს აგრძნობინოს. ასევე აუცილებელია სახელის დამახსოვრება, რათა დაძახებისთანავე მყისიერი რეაქცია ჰქონდეს... ამის შემდეგ იწყება მისი მინდორში დაგეშვა. მშობლებისგან გენეტიკურად გადმოცემულ თვისებებს გახსნა სჭირდება, რაც ყველაზე კარგად ბუნებაში სეირნობის დროს ვლინდება. ძაღლი სანადირო გარემოში უნდა მოხვდეს. გაზაფხულზე თოფის სროლა აკრძალულია და ჩვენც, მონადირეები, როცა ძაღლი საწვრთნელად გაგვყავს, თოფის სროლის გარდა, ყველაფერს ვაკეთებთ. ზოგჯერ, საველე გამოცდისას, ცარიელ ვაზნას ჰაერშიც ვისვრით, რათა ძაღლი მშიშარა არ იყოს. თუ ცხოველი მფრთხალია, თოფის ხმაზე გაიქცევა. თუ ლეკვს ასეთი სიმპტომები აქვს, მას განსაკუთრებულად უნდა მივუდგეთ.

- როგორ უნდა შეამჩნიოს პატრონმა ლეკვს, რომ მშიშარაა?

- ასეთ ლეკვს ხმაურზე ზედმეტი რეაქციები აქვს. საერთოდ, ძაღლსაც ისევე აქვს ხასიათი, როგორც ადამიანს. ზოგი მორიდებული ხასიათისაა, ზოგი აგრესიული და თამამი. ლეკვობიდან სწორი აღზრდის შემთხვევაში, მისთვის ხასიათის შეცვლა შეიძლება.

- გამრავლების დროს ალბათ ყურადღება ექცევა ჯიშების შერწყმას?

- სრულფასოვანი შთამომავლობის მისაღებად, აუცილებელია, წმინდა ჯიშობრივი შერწყმა. მაგალითად, პოინტერი ამავე, ოღონდ სუფთა ჯიშის პოინტერთან უნდა შეჯვარდეს, სხვა შემთხვევაში, წმინდა შთამომავლობას ვერ მივიღებთ. ერთი ჯიშის ცხოველი, სხვა სახეობის ძაღლთან რომ შეჯვარდეს, მისგანაც მივიღებთ შთამომავლობას, ინსტინქტიც ექნება და ინადირებს კიდეც, მაგრამ მისი ლეკვები გამრავლებისთვის ვერ გამოდგება. ის შთამომავლობას მისი ჯიშისთვის დამახასიათებელ თვისებებს ვერ გადასცემს, რადგან მასში სისხლი აღრეულია. მას არ ექნება არც ერთი წმინდა ჯიშის ძაღლისთვის დამახასიათებელი მუშაობის სტილი და მანერა. არადა, ყველა ჯიშს აქვს მეტ-ნაკლებად გამოხატული ნიშან-თვისებები. ამასთან, ცხოველს ესთეტიკური სილამაზეც ეკარგება. დიდი მნიშვნელობა აქვს ძაღლის ფსიქიკას. არის შემთხვევები, როცა მას ფსიქიკა ერღვევა და ამ დროს უკვე ვეტერინარის დახმარებაა საჭირო. მაგალითად, ზოგჯერ ძუ თავის ლეკვებს არ უვლის. ასეთი რამ სახლის პირობებში მყოფ, "გაადამიანურებულ" ძაღლებს ემართებათ. ბუნებაში მყოფი ძაღლი უფრო დამოუკიდებელია, ის საკვებსაც თავად მოიპოვებს, თავისით უნდა იბრძოლოს და მეწყვილეს მიაგნოს. ძაღლებს ეს ძლიერი ინსტინქტი მგლისგან გადაეცათ.

- როცა მონადირე ძაღლი სახლში ჰყავთ, ცხოველს გენეტიკურად გადმოცემული თვისებები უჩლუნგდება?

- დიახ და ძალიან მცირე შანსია, რომ მას თავისი ბუნებრივი თვისებები აღუდგეს. ეს უკვე დეკორატიული ძაღლია, რომელსაც მძიმე პირობებში უწევს ყოფნა. როცა ძაღლი "გაადამიანურებულია", ანუ როცა ზედმეტად საშინაო გარემოშია, ის მზამზარეულს ეჩვევა და ზარმაცდება. მას არსებობის გასაგრძელებლად დამოუკიდებელი ბრძოლა არ სჭირდება. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა ძუს "სიძე" პატრონმა შეურჩია, მაგრამ "პატარძალმა" არ მიიკარა. ასევე პირიქით, - "სიძემ" არ მიიღო "გოგო".

- გამრავლებისას ფერებს თუ აქვს მნიშვნელობა?

- არა, თუ ჯიში დასაშვებია, ფერი მეორეხარისხოვანია. პოინტერი შეიძლება იყოს ყვითელი, შავი, ყავისფერფოთლიანი, მთლიანად შავი ან ჩალისფერი, მაგრამ სანადირო თვისებებზე ეს არ აისახება.

- რაც შეეხება ასაკს...

- დადგენილია, რომ გამრავლებისთვის ყველაზე კარგი ასაკი ორი წლიდან იწყება და გააჩნია, როგორ ფიზიკურ მდგომარეობაშია. გააჩნია, რა პირობებშია ძაღლი, როგორი კვება და დატვირთვა აქვს, რამდენად მოვლილია. შეიძლება ძაღლი ათი წლის იყოს და კარგად გამოიყურებოდეს. თუ სიცივეშია და ლუკმაპურს მიუგდებენ, რა თქმა უნდა, ადრე დაბერდება.

- რამდენად არის ცხოველის მოვლისა და შენახვის კულტურა საქართველოში?.. ვიცი, რომ ბევრს ცოტა ხნის შემდეგ ძაღლის მოვლა ჰბეზრდება და უპატრონოდ უშვებს...

- დიახ, ცხადია, ეს პრობლემები არსებობს, მაგრამ საზოგადოებაში ბოლო დროს დამკვიდრდა ეს კულტურა. არიან ბავშვები და მოზარდები, რომლებსაც ცხოველები საერთოდ არ აინტერესებთ. თუმცა მოდის თაობა, რომელსაც ცხოველთან ურთიერთობა უყვარს. ძაღლის ყოლა მხოლოდ მოდა არ არის, მასზე პასუხისმგებლობის აღებაც აუცილებელია. ისიც სულიერი არსებაა და რაც მეტ დროს ატარებს პატრონთან, უფრო მეტად დამოკიდებული ხდება მასზე. თუნდაც დეკორატიული ძაღლის აყვანამდე პატრონს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ოჯახში ახალი წევრი მოჰყავს და უნდა იცოდეს, როგორ მოუაროს. საქმის კურსში უნდა იყვნენ ოჯახის წევრებიც. კავკასიური ნაგაზის ლეკვი ძალიან ლამაზია, ორი თვის სათამაშოსავითაა, მაგრამ ოთხი თვისა უკვე იმხელაა, სივრცე სჭირდება და როცა სახლში ჰყავთ, ყოფით პრობლემებში ბევრ უსიამოვნებას ქმნის.

დიასახლისსა და ოჯახის სხვა წევრებს მასთან შეგუება უჭირთ. მე ეს ყველაფერი გამოცდილი მაქვს, - მონადირე ძაღლი მეოთხე სართულზე მყავდა და ძალიან გამიჭირდა. ყოველ დილით 5-6 საათზე ვდგებოდი და ვასეირნებდი. თან ვმუშაობდი, პედაგოგიურ უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობდი. რამდენიმე თვე სახლიდან არ გავსულვარ, რათა ძაღლი დისციპლინისთვის მიმეჩვია. კიდევ კარგი, არდადეგები დაემთხვა. ძაღლს დღეში სამ-ოთხჯერ გასეირნება სჭირდება, ლე­კვს - უფრო ხშირად. დილას ადრე ადგომა ყველას არ შეუძლია. ახლანდელ მოზარდებს შუადღის ორ საათამდე უყვართ ძილი, მაგრამ თუ პატრონს ძაღლი უყვარს, ისიც ფორმაშია. რაც უნდა ნაბახუსევი ვყოფილიყავი, მაინც დილის 5 საათზე ვდგებოდი. სხვა გზა არ მქონდა. რაც უნდა შეჩვეული ყოფილიყო ბუნებრივი მოთხოვნილების მოთმენას, საღამომდე მაინც ვერ მოითმენდა. ისიც ხომ ცოცხალი ორგანიზმია... ასე რომ, ძაღლის სახლში მოყვანას ბევრი ყოფითი და ჰიგიენური პრობლემა ახლავს თან და თუ ცხოველი ოჯახის ყველა წევრს არ უყვარს, მისი სახლში გაჩერება ძნელია. ასეთ დროს მას ან ქუჩაში გაუშვებენ, ან გააჩუქებენ.

- ბატონო დათო, რჩევისთვის თუ მოდიან ადამიანები, რა ჯიშის ძაღლზე შეაჩერონ არჩევანი და როგორ მოუარონ?

- ძაღლის ჯიში ადამიანის გემოვნებაზეა დამოკიდებული, თუმცა ნებისმიერ ჯიშს მისთვის საჭირო გარემოს შექმნა უნდა. თუ ცხოველი ბუნებასთან ახლოს არ არის, ის კარგად ვერ იქნება... ძაღლს სითბო და ყურადღება სჭირდება. იცით, ერთი რამ მინდა აღვნიშნო, ძაღლი ბევრად ერთგული და საიმედოა, ვიდრე ადამიანი, ის არასდროს გიღალატებს. თუმცა ადამიანს შეუძლია უღალატოს მას. მე ფრინველზე მონადირე ძაღლი მყავს და როცა ცხოველზე სანადიროდ წავედი, მას გავეპარე. ის სუნზე გრძნობს პატრონს და სანადირო ნივთებს. ამიტომაც გვიან ღამე, მას რომ არ გაეგო, ჩემი ნივთები ჯერ აბაზანაში შემქონდა და დილას ვიპარებოდი. სახლში დაბრუნებულს ისეთი სიყვარულითა და სითბოთი მხვდებოდა, სინდისი მაწუხებდა, რომ მოვატყუე... ამიტომაც ვამბობ, რომ ძაღლის მოვლა დიდი პასუხისმგებლობაა.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"