მამუკა ღლონტი ნიკა გვარამიას ფანჯრიდან გადმოხტომას ელოდება - "ფეისბუქ ომი" გრძელდება

მამუკა ღლონტი ნიკა გვარამიას ფანჯრიდან გადმოხტომას ელოდება - "ფეისბუქ ომი" გრძელდება

სოციალურ ქსელში "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარმიასა და "მაესტროს" დამფუძნებელ მამუკა ღლონტს შორის დაპირისპირება გრძელდება. ყველაფერი ჯერ კიდევ "თი-ვი-ემ-არ"-ის ინციდენტიდან დაიწყო და ახლა IRI-ს მედია რეიტინგებით გრძელდება.

"მეც ფანჯრიდან გადავხტებოდი სათბურის კიტრი რომ ვიყო :))

როგორც იცით "მაესტრო" საკაბელო ტელევიზიაა. "რუსთავი 2 ის" და "იმედისგან" გასხვავებით მაყურებლების შეზღუდული რაოდენობა ჰყავს. მაგრამ ეს არ ეხება საკაბელო კომპანიებს, სადაც ამ სამ ტელეკომპანიას მაყურებლების ერთნაირი რაოდენობა ჰყავთ. ჩვენს ტელეკომპანიას ბოლო წელს ჰქონდა თითქმის 500% იანი რეიტინგული ზრდა, ქვემოთ მოცემული ბმული გახლავთ ბოლო ერთი თვის ეგრეთწოდებული ფიფელმეტრების მიხედვით შექმნილი ოფიციალური რეიტინგები, სადაც ნათლად ჩანს რომ სხვაობა ერთნაირ ველზე, ანუ იქ სადაც თანაბარი რაოდენობის მაყურებელია, "მაესტროს" და "რუსთავი 2"-ს შორის მიზერულია, მათ საგრძნობლად ჩამორჩება იმედი.

ასე რომ თუ დავიჯერებთ ნიკა გვარამიას სიტყვებს, როდესაც ის ამბობს, ვციტირებ: "მაესტროს" რეიტინგი რომ მქონდეს, ფანჯრიდან გადავხტებოდი", დროა მის ფანჯრებს ქვემოთ დავდგეთ და დაველოდოთ შეასრულებს თუ არა სიტყვას :))))", - წერს მამუკა ღლონტი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

დაპირისპირება რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, როდესაც ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ "იმედი" და "კავკასია" ჩართული არიან ხელისუფლების ბინძურ თამაშში.

"მადლობა მინდა გადავუხადო "მაესტროს", რომელიც თავისი შემოსავლით არსებობს", - აღნიშნა მაშინ გვარამიამ.

გვარამიას საპასუხოდ, მამუკა ღლონტმა "ფეისბუქზე" შემდეგი ტექსტი გამოაქვეყნა: "ბატონო ნიკა პირადად მე, "მაესტროს" ერთ-ერთი მფლობელი, არათუ თანამოაზრედ, არამედ კოლეგადაც კი არ გთვლით. თუმცა, მივესალმები იმას, რომ რაღაც-რაღაცეებზე თვალი აგეხილათ. პატივისცემით: მამუკა ღლონტი".

ამჯერად კი, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული IRI-ს მედია რეიტინგები "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ერთ-ერთ ინტერნეტ-გამოცემასთან საუბრისას შეაფასა და ნახევრად ხუმრობით აღნიშნა, რომ ამ კვლევებით, "რუსთავი 2"-ს, "მაესტროს" მსგავსად, 21-პროცენტიანი ნდობა რომ ჰქონდეს, ფანჯრიდან გადახტებოდა.

"ვინ და რამდენი პროცენტით მეტი უყურებს "იმედს", "რუსთავი 2"-ს ან "მაესტროს", ეს IRI-ს კვლევებში ჩვენ არ გვინახავს. რა თქმა უნდა, 21 პროცენტი რომ მქონდეს, როგორც "მაესტროს", რაც ნიშნავს, რომ 79 პროცენტი საერთოდ არ მიყურებს, მაშინ გადავხტებოდი ფანჯრიდან, მაგრამ ეს ასე არ არის", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, IRI-ს კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 88 პროცენტი რეგულარულად "იმედს" უყურებს. ამ ნაწილში "რუსთავი 2" "იმედს" მხოლოდ 1 პროცენტით ჩამორჩება, მას 87 პროცენტი აქვს. თუმცა, "რუსთავი 2"-ს გამოკითხულთა 34 პროცენტი ენდობა, "იმედს" კი - 30 პროცენტი. მესამე პოზიციას იკავებს ტელეკომპანია "მაესტრო" შესაბამისი 49 და 21 პროცენტით.

იხილეთ ასევე: რატომ დააჯარიმეს ტელევიზიების რეიტინგის დამთვლელი ორგანიზაცია "თი-ვი ემ-არ საქართველო"

შემოსავლების სამსახური "თი-ვი-ემ-არ საქართველოს" დაჯარიმების თაობაზე დამატებით განმარტებას გააკეთებს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს