რა პერსპქტივა აქვს ქვევრის ღვინოს დასავლეთის ბაზარზე - გავლენიანი ღვინის მაგისტრი ქართული ღვინის შესახებ

რა პერსპქტივა აქვს ქვევრის ღვინოს დასავლეთის ბაზარზე - გავლენიანი ღვინის მაგისტრი ქართული ღვინის შესახებ

თუ ქართული ღვინო თავის რვაათასწლოვანი მეღვინეობის ტრადიციებს თანამედროვე სტანდარტებთან შეახამებს, საქართველოს აქვს სრული შანსი, რომ ღვინის მწარმოებელი ქვეყნების მსოფლიო რუკაზე ისტორიული და ხარისხიანი ღვინის მწარმოებელი რეგიონის ადგილი დაიკავოს. ასე ფიქრობს ლისა გრანიკი, ღვინის მაგისტრი ნიუ-იორკიდან.

იგი ერთ-ერთია საერთაშორისო დონის ღვინის მაგისტრების იმ ჯგუფიდან, რომელიც დღესდღეობით მსოფლიო მასშტაბით მხოლოდ 275 ღვინის მაგისტრს ითვლის და რომელთა აზრსაც საერთაშორისო ღვინის ბაზარზე დიდი წონა აქვს. ქალბატონი ლისა ქართულ ღვინოს მაღალ შეფასებას აძლევს და ამერიკის ბაზარზე შესვლაში ეხმარება. ის ქალაქ დუსელდორფში 23-25 მარტს გამართულ ტრადიციულ საერთაშოროსო გამოფენა "პროვაინ 2014"-ს ესწრებოდა, სადაც ქართული სტენდიც მოინახულა და bpn-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ქართული ღვინო შეაფასა.

- ქალბატონი ლისა, რამდენად მნიშვნელოვანია "პროვაინზე" დასწრება ქართული ღვინისთვის?

- "პროვაინი" ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენაა დასავლეთში და ბიზნესისთვის ეს არის ადგილი, სადაც მნიშვნელოვანი შეხვედრები ხდება და სავაჭრო გარიგებები იდება. ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ აქ იყო და თანმიმდევრული პროფესიონალური პრეზენტაცია წარადგინო.

- ქართველების პრეზენტაცია როგორ მოგეწონათ?

- ქართული პრეზენტაცია იყო ძალიან პროფესიონალური, ზუსტი და ღვინოებიც მშვენივრად გახლავთ წარმოდგენილი.

- თქვენ რომელ ღვინოს გამოარჩევდით?

- მე პირადად "შატო მუხრანის" და "ვინოტერას" ღვინოების დიდი მოყვარული ვარ, ორი სრულიად განსხვავებული ბრენდი და სტილია, მაგრამ ორივეს ფანტასტიური ღვინოები აქვთ.

- ქართული ღვინის პერსპექტივებს როგორ ხედავთ მსოფლიო ბაზარზე?

- დღეს ახლის ძიების დიდი ინტერესია და უამრავ ადგილს ნახავთ, სადაც ამბობენ, რომ აქვთ რაღაც ახალი ხარისხი, მაგრამ მათ არა აქვთ ის ისტორია, რაც ქართულ ღვინოს. ქართულ ღვინოს აქვს როგორც არაჩვეულებრივი ისტორია, ისე გამორჩეულად მაღალი ხარისხი, როგორც ბოლო დროს დასტურდება. მართალია, ის დღეს არ წარმოადგენს ღვინოს მომხმარებელთა ფართო მასისთვის, მაგრამ ღვინის მცოდნენი უბრალოდ მოხიბლული არიან ქართული ღვინით.

- როგორ იღებს მომხმარებელი ახალი ქართული ღვინის სახეობებს?

- ვინც ცოტა რამ იცის ქართული ღვინის შესახებ, ისინი იცნობენ რქაწითელსა და საფერავს, თუმცა ძალიან დიდი ინტერესია არსებული 300-ზე მეტი ქართული საღვინე ჯიშების მიმართ და როცა ისინი ბაზარზე გამოვლენ, მომხმარებელი კიდევ უფრო მეტ ინტერესს გამოიჩენს მათ მიმართაც.

- საქართველოს ვაზის გენოფონდი პრინციპში 500-ს აჭარბებს, რამდენად დაეხმარება ასეთი მრავალფეროვნება ქართული ღვინის პოპულარიზებას?

- მართალია ბაზარი სულ ახლის ძიებაშია, მაგრამ ყურძნის ყველა სახეობა ვერ იქნება პოპულარული. თუმცა, ისეთი მრავალფეროვანი ჯიშების მარაგი როგორიც საქართველოს აქვს, ძალიან კარგ საშუალებას იძლევა, რომ ყოველთვის გქონდეთ ე. წ "ერთჯერადი პროდუქტის" საკმარისი მარაგი. ვგულისხმობ, რომ ვთქვათ, მომხმარებელს მობეზრდა რქაწითელი და დაივიწყა საქართველო. ამ დროს შეიძლება ბაზარს შესთავაზოთ ახალი ჯიში, რომელსაც მომხმარებელი გასინჯავს და რომელიც შეახსენებს საქართველოს შესახებ. საქართველო არ არის დიდი ღვინის მწარმოებელი ქვეყანა, ის პატარაა და ყველგან ვერ იქნება წარმოდგენილი, ვერ აწარმოებს დიდ მოცულობებს, ამიტომ ის ყოველთვის იქნება ერთგვარი ნიშური მოთამაშე. ეს რაღაცით ჩამოჰგავს იმას, როცა ერთი პატარა კაცი იბრძვის კორპორაციის ინტერესების დასაცავად. ხალხს მოსწონს ასეთი მოთამაშე. ბაზარზე ერთბაშად 25 ყურძნის სახეობას ვერ გამოიტანთ, მომხმარებელი ვერ გადახარშავს ასეთ რაოდენობას. უმჯობესია, რომ დასაწყისისთვის ფოკუსი 5-6 სახეობაზე გააკეთოთ და როცა ეს ახალი სახეობები დაინერგება, ბაზარზე მერე ნელ-ნელა კიდევ დაუმატოთ ახალი.

- ქვევრის ღვინოზე რა აზრის ბრძანდებით? რა პერსპექტივა აქვს ბაზარზე, ის დასავლეთისთვის სრულიად ახალი ტექნოლოგიაა. ზოგმა ჯერ კიდევ არ იცის, საქართველო სად მდებარეობს და რატომ უნდა გასინჯოს ქვევრის ღვინო?

- ღვინის ინდუსტრიაში მთავარი ურთიერთობებია. ურთიერთობა უნდა დაამყაროთ ღვინის შემსყიდველებთან და მომხმარებელთან და გააცნოთ ღვინის წარმოშობის შესახებ, გააცნოთ რა არის ქვევრი და როგორ აყენებს თანამედროვე ევროპულისაგან სრულიად განსხვავებულ ღვინოს. უნდა ესაუბრო ადამიანს, სანამ ის გასინჯავს ღვინოს. ღვინო იდეა არ არის, ის არის სასმელი, რომელსაც მივირთმევთ.

იხილეთ სრულად

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ