უშვილობის გამომწვევი მიზეზები საქართველოში - რჩევები გინეკოლოგისგან

უშვილობის გამომწვევი მიზეზები საქართველოში - რჩევები გინეკოლოგისგან

ქალისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება დედობაა, მაგრამ ზოგჯერ თავს იჩენს პრობლემები, რის გამოც ქალი რამდენიმე თვისა და ხშირად წლების მანძილზე დაფეხმძიმებას ელის. ქალის ცხოვრებაში ამ მტკივნეულ თემაზე - უშვილობაზე, გინეკოლოგ ნინო ჩერქეზიშვილს ვესაუბრეთ.

როგორც ქალბატონმა ნინომ განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ ქალს დაფეხმძიმება სურს და აქტიური სქესობრივი კავშირის შემდეგაც კი, 1 წლის განმავლობაში ორსულობა არ ფიქსირდება, საჭიროა ექიმთან ვიზიტი. მისი თქმით, ქალი, რომელიც ვერ ფეხმძიმდება, ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ წნეხშია. ამ შემთხვევაში აუცილებელია ტაქტი ვიქონიოთ და მისი მძიმე ფსიქოლოგიური ფონი ისეთი შეკითხვებით, როგორიცაა - "მკურნალობ?", "რატომ არ ხარ ფეხმძიმედ?", "უკვე დროა, შვილზე იფიქრო" - არ დავამძიმოთ.

ქალბატონ ნინოსთან უშვილობის თემაზე საუბარი აბორტით დავიწყეთ, რადგანაც დიდია შანსი, რომ ქალი პირველ ორსულობაზე გაკეთებული აბორტის შემდეგ უშვილო დარჩეს.

ნინო ჩერქეზიშვილი: აბორტი სამწუხაროდ, დღემდე ჩვენს ქვეყანაში აკრძალული არ არის და გულახდილად რომ გითხრათ, ვერც აიკრძალება. აუცილებელია, რომ ქალები ექიმების მიერ ინფორმირებულნი იყვნენ, თუ რა დღეებია მათთვის კრიტიკული და რომელ დღეებში აქვთ რისკი დაორსულების - ვისთვის რისკი და ვისთვის შანსი. ასეთი დღეები თვეში გვაქვს 9-10 დღე; მგონი რთული არ იქნება, ამ დღეებში ქალმა თავი დაიცვას სხვადასხვა მეთოდებით, რაც ფართოდ არის გავრცელებული. პირველ აბორტს ახლავს ძალიან დიდი რისკფაქტორი. ხშირ შემთხვევაში, არა მხოლოდ პირველი, შემდგომი აბორტები მომდევნო სასურველი ორსულობისთვის ძალიან ცუდ გავლენას ახდენს. დიდი მნიშვნელობა აქვს, რა პერიოდშია გაკეთებული აბორტი, ჰქონდა თუ არა ქალს ინფექცია. ერთია, რომ ქალმა აბორტი გაიკეთა და მეორეა - რა ვითარებაში. თუკი მწვავე ინფექციის ფონზეა ნაწარმოები აბორტი, რა თქმა უნდა იქ არსებობს უდიდესი რისკი, რომ აღმავალი ინფექციით დაზიანდება საშვილოსნო და გამოიწვევს საშვილოსნოს ანთებას. დიდი მნიშვნელობა აქვს ტექნიკურ მხარეს - ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მის იმუნურ სისტემას.

ხშირად მომმართავენ ჩივილით ხელოვნურად შეწყვეტილი ორსულობის შესახებ. ქალს მეგობრები, მეზობლები, ნაცნობები ურჩევენ პრეპარატ საიტოტეკის ყიდვას. საიტოტეკს არანაირი კავშირი არ აქვს გინეკოლოგიასთან. ის ჩვენს ქვეყანაში არ არის დარეგისტრირებული, როგორც გინეკოლოგიური პრეპარატი. არავინ ზრუნავს იმაზე, რომ ეს პრეპარატი არ იყიდებოდეს. საიტოტეკი ჩვენს საზოგადოებას გათავისებული აქვს მედიკამენტოზურ აბორტთან, რომელიც სულ სხვა რამეა. მედიკამენტოზური აბორტი კეთდება სამედიცინო დაწესებულებაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, სპეციალურად გაწერილი გრაფიკით. ამ დროს ექიმი პაციენტს ხელს აწერინებს, რომ შესაძლებელია მედიკამენტოზური აბორტი არ გამოდგეს ეფექტური და და პაციენტს საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკა დასჭირდეს. არსებობს პროცენტული მაჩვენებელი იმისა, რომ ქალს არ შველის მედიკამენტოზური აბორტი და მაინც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. საიტოტეკის აბებს სვამენ, ან ანთავსებენ საშოში - შედეგად პაციენტი ჩვენთან სისხლისდენით მოდის, ხშირ შემთხვევაში ტემპერატურით, საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. მინდა მოვუწოდო ახალგაზრდა გოგონებს, ქალბატონებს, კატეგორიულად არ გაეკარნონ ამ მედიკამენტს!

- რა იწვევს უშვილობას? როგორია თქვენი, როგორც გინეკოლოგის დამოკიდებულება უშვილობის მკურნალობასა და ხალხურ მედიცინასთან?

- უშვილობის გამომწვევი მიზეზები არის მრავალი - ჭეშმარიტი მიზეზის მიგნება ძალიან რთულია. სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან 1 წლის შემდეგ, თუკი არ დადგა სასურველი ფეხმძიმობა, სასურველია ექიმთან ვიზიტი. ძალიან დიდ ბოდიშს მოვიხდი იმ საზოგადოების წინაშე, რომელიც ხალხურ მედიცინას აღმერთებს და დიდ იმედებს ამყარებს. ყველა ღონეს ვხმარობთ, ვატარებთ გამოკვლევების დიდ პაკეტებს, ვნიშნავთ საუკეთესო მედიკამენტოზურ მკურნალობას, მაგრამ სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც შედეგი არ ჩანს. 21-ე საუკუნეში, როდესაც შეცვლილია გარემო პირობები, დაქვეითებულია იმუნიტეტი, გვაქვს არასრულფასოვანი კვება, არ ვართ, ან მცირე დოზით ვართ სპორტულ ცხოვრებაში ჩართულნი - ისეთ პირობებში, როდესაც ბევრი ასეთი რისკფაქტორია, როგორ შეიძლება უშვილო წყვილის ბედი ხალხურ მედიცინას ვანდოთ? აქ მოქმედებს ფსიქოლოგიური მომენტი - შეიძლება ხალხური მედიცინის მხოლოდ პლაცებოს სახით გამოყენება. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფსიქო-ემოციურ ფაქტორს - ყურადღება უნდა მივაქციოთ ცენტრალურ ნერვულ სისტემას.

ასევე დაგაინტერესებთ: რა ასაკია იდეალური პირველი ფეხმძიმობისთვის და როგორ უნდა მოიქცეს ქალი, რომ ბავშვი ჯანმრთელი დაიბადოს

ეკატერინე ციცხვაია, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია