საქართველოში საწვავი გაძვირდა

საქართველოში საწვავი გაძვირდა

აღდგომის წინ, ანუ მაშინ, როდესაც ინტენსიური სატრანსპორტო მოძრაობაა, ბენზინი გაძვირდა. ნავთობიმპორტიორები ამ ფაქტს საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასის მატებით ხსნიან. "პლატცის" მიხედვით, 1 ტონა ბენზინი 30-40 დოლარით გაძვირდა. ეს საკმარისი გახდა იმისთვის, რომ ქართულ ბაზარზე საწვავის ფასი 5 თეთრით გაზრდილიყო.

წინასააღდგომოდ საწვავზე მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება. ყველა მაღალშემოსავლიანი თუ დაბალშემოსავლიანი ადამიანი რეგიონებს სტუმრობს. როგორც ჩანს, ეს შანსი ნავთობიმპორტიორებმა ხელიდან არ გაუშვეს და საწვავის ღირებულება 5 თეთრით გაზარდეს. მიზეზი კი საერთაშორისო ბაზარზე ნავთობისა და ბენზინის მცირედი გაძვირება გახდა.

14 თებერვლის მონაცემებით, "პლატცის" მიხედვით, საერთაშორისო ბაზარზე 1 ტონა ბენზინის ღირებულება 1020 დოლარია. საწვავის გაძვირება 5 დღის წინ დაიწყო. 10 აპრილს ბენზინის საერთაშორისო ფასი 987 დოლარი იყო. თებერვალ-მარტსა და აპრილის დასაწყისში კი 960-990 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

როდესაც საერთაშორისო ბაზარზე ბენზინი იაფდება, მინიმუმ სამი კვირა უნდა გავიდეს, რომ გაიაფების პროცესმა ქართულ ბაზარზეც გავლენა მოახდინოს. ამ დროს ქართველი იმპორტიორები ამბობენ, რომ საწვავის მარაგები მაღალ ფასად აქვთ შექმნილი, შესაბამისად, საერთაშორისო ბაზარზე ფასების კლება საქართველოში რამდენიმე დღეში ვერ აისახება.

ახლა კი რატომღაც გაძვირების ტენდენცია საქართველოს ბაზარს რამდენიმე დღეში დაეტყო, თანაც წინასააღდგომოდ. გაძვირების მიზეზებზე საუბრისგან ნავთობკომპანიებში თავს იკავებენ.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კაშვირის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, საწვავის გაძვირება სწორედ საერთაშორისო ბაზარზე ბენზინის ფასის მატებამ გამოიწვია. მართალია, მასშტაბური ზრდა არ ყოფილა, მაგრამ ამ პროცესზე გავლენა დოლართან მიმართებაში, ლარის გაზრდილმა კურსმაც მოახდინა.

"ორი ტიპის საწვავი გაძვირდა: ბენზინი - "რეგულარი" და დიზელი. ფასი 3-5 თეთრით გაიზარდა. მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე გაზრდილი ფასებია. ბენზინი 5 თეთრით გააძვირა "ლუკოილმა", რომელსაც ისედაც დაბალი ფასი აქვს. მართალია, საერთაშორისო ფასები ძალიან გაზრდილი არ არის, თუმცა რაღაც დოზით მომატებულია. მეორე მიზეზია ლარის გაცვლითი კურსი. ბოლო პერიოდში კურსი სტაბილურია, მაგრამ წინა პერიოდთან შედარებით, ლარი დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვნად არის დაცემული", - ამბობს ვანო მთვრალაშვილი.

იგი ხაზს უსვეამს, რომ კომპანიებისთვის მომხმარებელთან კეთილგანწყობილი ურთიერთობის შექმნა მნიშვნელოვანია, შესაბამისად, რომ არა რეალური მიზეზი, წინასააღდგომოდ საწვავის ფასი არ გაიზრდებოდა.

კომპანიების ამგვარმა ჟესტმა კეთილგანწყობილი მომხმარებელი ნამდვილად გააღიზიანა. გელა სინაურიძე ყოველ აღდგომას ოჯახით ქუთაისში ხვდება. იგი ამბობს, რომ კომპანიებს თავი უნდა შეეკავებინათ და წინასააღდგომოდ ბენზინი არ უნდა გაეძვირებინათ.

"გაძვირდა "რეგულარის" ტიპის ბენზინი. ანუ ის პროდუქტი, რომელსაც დაბალშემოსავლიანი მომხმარებელი ჰყავს. ამიტომაც ჩვენს ჯიბეს 5-თეთრიანი გაძვირებაც კი ძალიან ურტყამს. მაინტერესებს, მთავრობამ ამ კომპანიების თავგასულობა როდის უნდა აღკვეთოს? რითი ვერ შეიქმნა ანტიმონოპოლიური სამსახური, რომ საწვავის ბაზარზე მონოპოლია ბოლოს და ბოლოს დაინგრეს, თუმცა უკვე არც ამის იმედი მაქვს", - ამბობს გელა სინაურიძე.

ნათელა დიღმელაშვილი წინასააღდგომოდ თელავში წასვლას გეგმავს. მისი თქმით, ყოველ ადღგომას ტრანსპორტი ძვირდება, ამჯერად კი გაძვირება უფრო თვალში საცემი გახდება, ვინაიდან კომპანიებმა საწვავზე ფასის გაზრდა ადღგომას დაამთხვიეს.

"თელავში მატარებელი არ დადის, არც სატრანზიტო მდებარეობა აქვს, რომ სხვა ქალაქებში მიმავალმა "მარშრუტკებმა" გაიაროს. ამიტომ თბილისი-თელავის "მარშრუტკები" ყოველთვის ისედაც ძვირია, 7-8 ლარი ღირს და სააღდგომოდ ფასი 10 ლარამდეც კი ადის ხოლმე. არ არის გამორიცხული, რომ ახლა ტრანსპორტი კიდევ უფრო გაძვირდეს. გაჭირვებულ ხალხზე არავინ ფიქრობს, ყველა ჩასაფრებულია, როგორმე ბოლომდე გაგვყვლიფონ", - ამბობს ნათელა დიღმელიშვილი.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ნავთობზე ფასები მეტ-ნაკლებად სტაბილურია, ფასების მცირედით გაზრდა მხოლოდ "პლატცის" მიხედვით საერთაშორისო ბაზარზე დაფიქსირდა.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი "რეზონანსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ